სტატიები

„კრემლის გავლენის ინდექსი 2017“ – მედიის განვითარების ფონდის ახალი კვლევა

მედიის განვითარების ფონდმა, ახლახან ერთობლივი კვლევითი ანგარიში გამოაქვეყნა, სახელწოდებით „კრემლის გავლენის ინდექსი 2017“. კრემლის გავლენის ინდექსი არის თვისობრივი მექანიზმი, რომელიც აღმოსავლეთ და ცენტრალური ევროპის ანალიტიკურმა ჯგუფებმა შეიმუშავეს, რათა გაიზომოს რუსეთის ფედერაციის მთავრობის შესაძლებლობები, რაც საკუთარი მიზნების მისაღწევად, სხვა ქვეყნების საინფორმაციო სივრცეებზე გავლენის მოხდენას ისახავს მიზნად. ჩვენს პოლიტიკურ სივრცეში აგრერიგად გავრცელებული შეთქმულების თეორიები, ევროსკეპტიციზმი, ანტიამერიკანიზმი, ქსენოფობია და ჰომოფობია, ძირითადად სწორედ ჩვენი ქვეყნის კრემლის საინფორმაციო არეალში ყოფნის შედეგია. ზემოთხსენებული კვლევის თანახმად, კრემლის საინფორმაციო გავლენის კუთხით, საქართველო რეგიონში მეორე ადგილზეა (54 ქულა), უნგრეთის შემდეგ (61 ქულა). ანგარიში დეტექტორ მედიამ (უკრაინა) შემდეგ ორგანიზაციებთან პარტნიორობით განახორციელა: ევროპული ღირებულებები (ჩეხეთის რესპუბლიკა), მედიის განვითარების ფონდი (საქართველო) და პოლიტიკური კაპიტალი (უნგრეთი).

თამარ კინწურაშვილი, მედიის განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი: „თავდაპირველად, ჯერ კიდევ 2014 წელს, ჩვენ ვიკვლევდით სიძულვილის ენის გამოყენებას მედიაში. ამ კვლევის შედეგებმა გვიბიძგა, ცალკე გამოგვეყო ანტიდასავლური პროპაგანდის საკითხი, ვინაიდან თავად სიძულვილის ენის კონტექსტი ანტიდასავლური იყო. განსხვავებით სხვა პოსტსაბჭოთა ქვეყნებისგან, საქართველოში ამ რუსულ პროპაგანდას ქართველი აქტორები ახორციელებენ, რადგან რუსულ მედიას და ღიად პრორუსულ ძალებს ნაკლები სანდოობა აქვთ საზოგადოებაში. ისინი იყენებენ ერთგვარ დიფლეცქციურ მოდელს, როდესაც ლეგიტიმაციისთვის მათ სჭირდებათ შეფარულად სხვა წყაროები და მათი მეშვეობით ახდენენ თავიანთი გზავნილების გავრცელებას.

ჩვენს ბაზარზე ძირითადად ორი ტიპის არასამთავრობოები, მედიები და პარტიები ფიგურირებენ: ან ღიად პრორუსული, კრემლის პოლიტიკის ღიად მხარდამჭერი, ან ეთნონაციონალისტური, ანტილიბერალური. თუმცა, მათ გზავნილებს ერთმანეთს თუ შევადარებთ, ისინი ერთი-ერთზე გვანან ერთმანეთს და აბსოლუტურად იდენტურია. ამიტომ, მათ შორის ტოლობის ნიშანი უნდა დაისვას, რის შესაძლებლობასაც იძლევა შინაარსობრივი კვლევა.

კრემლის პროპაგანდის ეს მექანიზმები, სამწუხაროდ, ფართო საზოგადოებისთვის კვლავ ნაკლებ შესამჩნევია. რა მიგაჩნიათ კრემლის პროპაგანდასთან ბრძოლის ეფექტურ საშუალებად?

იმის გათვალისწინებით, რომ პროპაგანდა ჰიბრიდული ომის ნაწილია, აქ პირველ რიგში უნდა ჩაერთოს ხელისუფლება, ანუ ყველა აქტორი უნდა მონაწილეობდეს, იმიტომ, რომ საინფორმაციო უსაფრთხოებაზე ზრუნვა ხელისუფლების  პასუხისმგებლობაა. რაც არ უნდა მცდელობები იყოს სამოქალაქო სექტორის ან ცალკე აქტორების მხრიდან, მარტო ისინი ფონს ვერ გავლენ. თვითონ ხელისუფლებაც, მისი ცალკეული წარმომადგენლები, არ უნდა ასაზრდოებდნენ რუსულ პროპაგანდას ისეთი ინიციატივებით, როგორიცაა „ოჯახის დეფინიცია“ და ა.შ.

ასევე, მნიშვნელოვანია მედიაწიგნიერების პროგრამები. იმის გამო, რომ რუსეთი და კრემლი ბოროტად სარგებლობს დემოკრატიული ინსტიტუტით – მედიით, მედიის შეზღუდვა ეფექტიანი არ იქნება. ამ შემთხვევაში, მედიაწიგნიერება მნიშვნელოვანია, რომ მოქალაქეები თვითონ აღიჭურვონ უნარებით, როგორ გაუმკლავდნენ ამ დეზინფორმაციულ ნაკადებს და როგორ გადაამოწმონ ყალბი ინფორმაცია, მათ შორის სოციალური მედიის გავრცელებული.

დღემდე არსებობს თვალსაზრისი, რომ საქართველოში რუსული პროპაგანდისტული საინფორმაციო ტელეარხების დაბლოკვა აუცილებელია. იქნებოდა თუ არა ეს საქართველოში კრემლის პროპაგანდის შესუსტებისკენ გადადგმული რეალური ნაბიჯი?

იმ პირობებში, როდესაც გყავს „ობიექტივი“ და „ასავალ-დასავალი“, შედეგს ვერ მიიღებ, იმიტომ, რომ რუსული არხების ზიანი უფრო გასართობი კონტენტით განისაზღვრება. როგორც ინფორმაციის წყაროს, რუსებმაც იციან, რომ ამ რუსულ არხებს არავინ ენდობა. აქ უფრო გასართობი კონტენტით ხდება შეფარულად გავლენების თავსმოხვევა და პროპაგანდა. მაგრამ, თანამედროვე ეპოქაში, ამის გაკეთება შეუძლებელია: არის ინტერნეტი, არის სატელიტური მაუწყებლობა და მეორე მხრივ, ვთქვათ, ხელისუფლებამ ნებისმიერი შეზღუდვა მის მიმართ კრიტიკული არხების მიმართ უფრო გამოიყენოს, ვიდრე რუსული პროპაგანდისტული პლატფორმების მიმართ, იმიტომ, რომ ისინი თავად ახდენენ ამ მარგინალური მედიების ლეგიტიმაციას (ვგულისხმობ ქართულენოვანს). ამიტომ, ჩვენს რეალობაში, არა მგონია, ხელისუფლება ამ მიმართულებით წავიდეს.

კვლევაში მოცემულია არა მხოლოდ საქართველოს მდგომარეობა რუსულ მედიაპროპაგანდასთან მიმართებაში, არამედ უკრაინის, უნგრეთის, ჩეხეთისაც. რა განსხვავება შეინიშნება ამ მხრივ ჩვენს ქვეყანასა და დანარჩენ ქვეყნებს შორის?

განსხვავება არის ის, რომ რეზისტენტულობა იქ უფრო დიდია. ანუ, ჩეხეთში, ვთქვათ, პრეზიდენტის პრობლემა არსებობდეს, მაგრამ სხვა ინსტიტუტები უფრო მობილიზებულია, უნგრეთშიც საზოგადოება და პოლიტიკური ელიტა უფრო ადეკვატურად რეაგირებს, უკრაინაში მეტი კონსოლიდაციაა. ამასთან, ჩეხეთი და უნგრეთი ევროპული სტრუქტურის ნაწილნი არიან და მაინც იქ უფრო რთულია ამ გავლენაზე ლაპარაკი, და, რაც მთავარია, რუსული ტანკები არ დგას. ამიტომ, თავის მხრივ, წინაპირობებიც განსხვავებულია, თუმცა, გარკვეულწილად, ჩვენსა და მათ შორის მსგავსი ტენდენციებიც იკვეთება.

რა სურათი და რა საჭიროებები წარმოაჩინა კვლევამ?

ყველაზე მეტად დეფიციტური არის ხელისუფლების ქმედითი ნაბიჯები. თვითონ პოლიტიკის განმსაზღვრელ დოკუმენტებშიც კი საკმაოდ დაგვიანებით მოხვდა რუსული პროპაგანდის, როგორც საფრთხის აღიარება. ახლა საჭიროა ქმედითი ნაბიჯები. ეს თუ არ იქნება, – ვთქვათ, მხოლოდ ცალკეული სხვა აქტორების ქმედებები არ არის საკმარისი, იქნება ეს მედია თუ არასამთავრობო სექტორი.

როგორ ფიქრობთ, რამდენად არის მზად ჩვენი დღევანდელი ხელისუფლება იმისთვის, რომ გაითვალისწინოს კვლევის შედეგები?

საგარეო საქმეთა მინისტრის რეაქცია ამ კვლევასთან დაკავშირებით არ იყო ისეთი, რომ ისინი რამეს აპირებენ. პირიქით, მათ კვლევის ობიექტურობა დააყენეს ეჭვქვეშ. მაგრამ, იმისთვის, რომ რაღაც გაითვალისწინო, ადეკვატურად უნდა შეაფასო ქვეყანაში არსებული მდგომარეობა და ის კვლევები, რომელიც წამყვანი ექსპერტების შეფასებებით არის შექმნილი. ერთიანი მიდგმა არ ჩანს. ეს არ არის ერთი სამინისტროს საქმე, ეს უკავშირდება უსაფრთხოებასაც, ევროინტეგრაციის საკითხსაც. ჰიბრიდული ომის საკითხი უფრო პრობლემურია, ვიდრე უბრალოდ ვთქვათ, შეგნებულად გავრცელებული ტყუილი რომელიმე მედიაში.

ესაუბრა შორენა გაბუნია

კვლევის სრული ელექტრონული ვერსიის ხილვა შეგიძლიათ აქ.

ფოტო: www.tabula.ge