სექსუალობა

კრისი ტეიგენი: ბავშვის გაჩენა-არგაჩენის საკითხი ქალის გადასაწყვეტია!

UNIVERSAL CITY, CA - MAY 20: Model Chrissy Teigen visits "Extra" at Universal Studios Hollywood on May 20, 2015 in Universal City, California. (Photo by David Buchan/Getty Images)

31 წლის კრისი ტეიგენი (Chrissy Teigen), რომელმაც ერთი წლის წინ მუსიკოსი ჯონ ლეჯენდისგან (John Legend) გოგონა გააჩინა, დედობის ბედნიერებით ტკბება. ტელეწამყვანი არ მალავს, რომ მისმა ფიგურამ მშობიარობის შემდეგ მნიშვნელოვანი ცვლილებები განიცადა, მაგრამ ეს ბავშვის გაჩენის სიხარულს ვერანაირად ვერ აუფერულებს. ნიშანდობლივია, რომ ამ ფონზე, კრისი აქტიურად იბრძვის ქალების იმ უფლებისთვის, რომელიც ბავშვის გაჩენაზე უარის თქმას უკავშირდება. მას არ ესმის, რატომ არის ჩაციკლული ამაზე საზოგადოება. ციფრული გამოცემა Mothership-ის სპეციალური პროექტის ფარგლებში, ვარსკვლავმა ინტერვიუში განაცხადა, რომ თითოეულ ქალს სრული უფლება აქვს, თავად გადაწყვიტოს, გახდება თუ არა დედა.

კრისი დედა შარშან აპრილში გახდა და ამ ვითარებაში, მისთვის ამ თემაზე საუბარი გაცილებით ადვილია. მას სურს, საზოგადოება დაარწმუნოს, რომ შთამომავლობის გაგრძელების შესახებ ნებისმიერ რაკურსში შეიძლება საუბარი და რომ კონსერვატულად განწყობილ ადამიანებს ამ რაკურსების განსჯის უფლება არ აქვთ. ჟურნალისტ არიანა დევისთან (Arianna Davis) საუბრისას, ტეიგენმა შეიტყო, რომ არიანას ბავშვის გაჩენა ჯერ არ გადაუწყვეტია.

„არიანა, პირველ რიგში, ორსულობის თემასთან დაკავშირებული გულწრფელობისა და ღიაობის გამო უნდა შეგაქოთ. ქების ღირსად მიმაჩნია ის ფაქტი, რომ ეს თემა საჯაროდ განიხილება, და ამაზე ზეწოლა არავინ უნდა მოახდინოს. საზოგადოება ხშირად წნეხის ქვეშ ატარებს იმ ქალებს, რომლებიც შვილების გაჩენას არ აპირებენ. არ მესმის, რა მიზეზით უნდა გაკიცხონ ქალებმა ერთმანეთი იმის გამო, რისი გაკეთებაც დანაშაული არაა. ყველა ქალი ისე უნდა მოიქცეს, როგორც საჭიროდ მიაჩნია, და გარშემომყოფებმა მას თავს თავიანთი აზრები არ უნდა მოახვიონ“, – აღნიშნა ტელეწამყვანმა.

კრისი თავის პარტნიორ ჯონთან ერთად უკვე ათი წელია, ცხოვრობს, სამი წლის წინ კი წყვილმა იქორწინა კიდეც. კრისის ძალზე ხშირად უხდებოდა არამკითხე მოამბეების უტაქტო კითხვების მოგერიება ბავშვის გაჩენასთან დაკავშირებით, რამაც იგი იმ ქალების ყოველდღიურობის სიმძიმეზე დააფიქრა, რომლებიც ბავშვის გაჩენას საერთოდ არ აპირებენ.