სარა გეილი Sarah Gailey
მისი თმა ხელოვნურია, მაკიაჟი უნაკლო, ქურქი – მდიდრული. მისი ტუჩსაცხი უზადოა, წარბები – მბრძანებლურად აწკეპილი. ის მარტოხელაა. არასდროს არის თვინიერი. პირიქით, მუდამ გვაშინებს. გაუმაძღარია. ფული, ძვირადღირებული ქურქები, ძალაუფლება სწყურია. უნდა, იმ ტახტზე იჯდეს, რომელიც ახლა სხვას უკავია. ვერ დაელოდება, როდის დაუთმობს ამ ტახტს სამყარო; საამისოდ დრო არ აქვს. იგი არ მოიცდის, ყველაფერს თვითონვე აიღებს. ჩვენ იგი თანაბრად გვიყვარს და გვძულს. ვგრძნობთ, რომ მის მიერ ჩადენილი ქმედებები დაუშვებელია. იგი თავდაჯერებულია. იგი ზედმეტად კარგია ამ თამაშისთვის, ზედმეტად ჭკვიანი.
რატომ ხდება, რომ ანიმაციური ფილმების ყველა ბოროტ პერსონაჟ ქალს ერთი და იგივე მახასიათებლები აქვს? რატომ აქვთ მათ ასეთი შიშის მომგვრელი ვარცხნილობა, როცა დადებით გმირებს რბილი და დამყოლი თმა აქვთ? რატომ უსვია ურსულას (Ursula) სილამაზის ნიშნად წყალგამძლე კოსმეტიკა, მაშინ, როდესაც არიელს (Ariel) და დისნეის ნებისმიერ პრინცესას ამისათვის მიამიტი სახე და კოხტა ნიკაპი ჰყოფნის? რატომ ახურავს მალეფისენტს (Maleficent) თავზე ვეება რაღაც, რომელიც მას მრისხანე ელეგანტურობას და ბოროტ დიდებულებას სძენს, მაშინ, როდესაც ავრორას (Aurora) ორმოცდაათიანი წლების „ჩოლკა“ აქვს? რატომ უნდა შეგოს (Shego) აუზთან ჟურნალების კითხვა, მაშინ, როდესაც ყოვლისშემძლე კიმმა (Kim Possible) მუდმივად უნდა იმოძრაოს, მიუხედავად იმისა, დაღლილია, მოწყენილი, თუ ავადმყოფი?
რატომ შეგვიძლია ანიმაციური ფილმებიდან ბოროტმოქმედი ქალი პერსონაჟების გარეგნობისა და ხმების გახსენება, მაშინ, როდესაც დადებითი გმირების მხოლოდ სამოსი გვახსოვს?
მდედრობითი სქესის ანიმაციური კუდიანები ნორმიდან გადახრის ილუსტრაციაა. ვუყურებთ ნატიფ, მორცხვ, მომღიმარ მთავარ პერსონაჟ გოგონებს სანაქებო ვარცხნილობით და ვხედავთ, თუ რას ელის საზოგადოება ჩვენგან: იყავით მომთმენნი, ზრდილნი, იბედნიერეთ თქვენს მეწყვილესთან, დატკბით იმით, რაც გაქვთ, მეტს ნუ მოითხოვთ. ჩაიფიქრეთ სურვილები და არა გეგმები. მეგობრებად ცხოველები გყავდეთ და არა ხელქვეითები. არავინ უნდა იმუშაოს თქვენთვის, მაგრამ ყველას უნდა უყვარდეთ. უნდა გამოიყურებოდეთ დამყოლად, სუსტად, არავინ უნდა ნახოს თქვენი ტირილისგან დასიებული თვალები. გეშინოდეთ, რომ არასოდეს გამოჩნდება თქვენი გადამრჩენელი, რომ მთელ ცხოვრებას თავგადასავლების გარეშე გალევთ.
ვუყურებთ ანიმაციური ფილმების პერსონაჟ ქალებს და ვხედავთ, საზოგადოებაში რა არის აკრძალული: მრისხანება. არასოდეს გაიცინო უკან გადაგდებული თავით. არასოდეს გამოიყენო თამამი თვალის ჩრდილები. არასოდეს დაიხატო წარბები და შეიღებო თმა. არ ჩაიცვა კარგი ტანსაცმელი (თუ იმ ადამიანებმა ან ცხოველებმა არ შეგიკერეს, რომლებსაც ვუყვარვართ, ან მაგიის წყალობით მოხვდა ჩვენთან). არ ჩაიხედო სარკეში. არაფერი მოინდომო. ნუ გასუქდები, ნუ დაბერდები, ნუ გამაღლდები. არ წამოაყენო მოთხოვნები. იოცნებე, მხოლოდ იმედი ნუ გექნება. მაშინაც კი, თუ მთელს ცხოვრებას ერთ მიზანს შეალევ, სამაგიეროს ნუ მოითხოვ. თავდადებით იშრომე, მაგრამ წლების მანძილზე ნურაფერს ააშენებ, რადგან შენი ნაშრომის დანგრევით გამოწვეული ტანჯვა მაყურებელს ააღელვებს.
ჩვენ მიყიდულნი ვართ ანიმაციური ფილმების ქალ უარყოფით პერსონაჟებზე. ჩვენ იმიტომ აღგვაფრთოვანებს მათი სითამამე და სიმტკიცე, რომ ჩვენთვის ეს მიუწვდომელია. ეს არის ამბოხი სურვილის სახით. მაგრამ რას ვაკეთებთ საიმისოდ, რომ ჩვენი სურვილები ახდეს? ოდესმე რეალური მსხვერპლი გაგვიღია კი მათ ხორცშესასხმელად?
სწორედ ამ მომენტში ხდებიან ისინი სახიფათონი. ისინი აღარ დარდობენ იმაზე, თუ რას იფიქრებენ სხვები. ისინი მიაღწევენ იმას, რაც სურთ. ჰოდა, აქ დამრიგებლური ზღაპრების პერსონაჟებად იქცევიან: აუცილებლად ცუდი დაემართება ქალს, რომელიც ამ მიმართულებით წავა. ჩვენ ამის გვჯერა. ჩვენ ამას ვიმეორებთ. ქალებს, რომლებსაც ხელთ ძალაუფლება უპყრიათ, ეჭვის თვალით ვუყურებთ. ჩვენ მთელი ცხოვრება იმის რწმენაში გავატარეთ, რომ ქალისთვის მიზანსწრაფულობა არ შეიძლება, განურჩევლად იმისა, თუ რას მიაღწევს ცხოვრებაში.
დიახ, ისინი ცუდად იქცევიან. ისინი მეწვრილმანეები, იჭვნეულები, მტაცებლები და უხეშები არიან, ადამიანებს ტანჯვას აყენებენ. ისინი ცუდები არიან, მათი მიბაძვა დაუშვებელია.
მაგრამ, მეორე მხრივ, რა იქნებოდა, ისინი რომ საყოველთაო მიბაძვის ნიმუშები ყოფილიყვნენ? განა ისინი ჩვენ არ მიგვითითებენ, რომ არასაკმარისად მამაცნი ვართ? ჩვენ მათი გვეშინია, გვძულს, გვშურს, და მათ ადგილზე ყოფნას ვნატრობთ. მაგრამ, ვინ ვიქნებოდით, თავგადაგდებული თუ გავიცინებდით? თუ გზიდან ყველას ჩამოვიცილებდით, ვინც წინ გადაგვეღობებოდა? რას მივაღწევდით ამით? რა იქნებოდა მაშინ, თუ იატაკის ხეხვაზე უარს ვიტყოდით და ვარსკვლავებს აღარ შევეკითხებოდით, როდის აპირებს ჩვენთან მოსვლას თავგადასავალი?
როგორ გავიცინებდით, უკან დასახევი ყველა ხიდი რომ დაგვეწვა? როგორი იქნებოდა ჩვენი გარეგნობა, თუ ერთადერთი ადამიანი, ვისაც ჩვენი გემოვნება მოეწონებოდა, ისევ ჩვენ ვიქნებოდით? ამაღელვებელია ისეთი ცხოვრების წარმოდგენა, სადაც ჩვენთვის ერთადერთი საშიშროება სიკვდილია, და რომ ამ შემთხვევაშიც – შეგვიძლია მოლაპარაკება, თუ საჭირო ადამიანებს ვიცნობთ და საჭირო მცენარეების მოხარშვა ხელგვეწიფება. შესანისნავია და საშინელია იმაზე ფიქრი, თუ რა კოლოსალური ძალაუფლება გვიპყრია ხელთ, რადგან, როგორც ვიცით, დიდი ძალაუფლება ბოროტ კუდიანად გვაქცევს.
განა ეს ცუდია?
წყარო: tor.com