პოლიტიკაshe

ლეგენდარული სიმონ ვეილი გარდაიცვალა

სიმონ ვეილი (Simone Veil) დღეს დილით, საკუთარ სახლში, პარიზში გარდაიცვალა. 90 წლის შესრულებამდე მას 13 დღეღა რჩებოდა. ბოლო წლების უამრავი გამოკითხვის შედეგად, საფრანგეთის აკადემიის წევრი ვეილი არაერთხელ აღიარეს ყველაზე პოპულარულ ფრანგ ქალად.

ემანუელ მაკრონმა, მის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, ტვიტერზე გულისამაჩუყებელი კომენტარი გააკეთა: „ყველაზე გულითადი სამძიმარი ჩემგან სიმონ ვეილის ოჯახს. მისი ცხოვრებისეული გმირობა ფრანგებისთვის მუდამ მაგალითად დარჩება!“.

სიმონ ვეილი (ქალიშვილობის გვარი – ჟაკობი), 1927 წლის 13 ივნისს დაიბადა. 1944 წლის მარტში, იგი ნიცაში გესტაპომ დააპატიმრა, სადაც გამოგონილი სახელით იმალებოდა. მისი მთელი ოჯახი აუშვიცისა (ოსვენციმი) და ბერგენ-ბელზენის საკონცენტრაციო ბანაკებში მოხვდა. აქედან ცოცხლები მხოლოდ სიმონი და მისი და გადარჩნენ.

სიმონმა პარიზის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი და პარიზის პოლიტიკური კვლევების ინსტიტუტი დაამთავრა.

პრეზიდენტების ვალერი ჟისკარ დ’ესტენისა და ფრანსუა მიტერანის მმართველობის დროს (1974-1979 წწ), სიმონი ჯანდაცვის მინისტრი იყო. იგი მნიშვნელოვანი ფიგურა გახლდათ ქალთა უფლებების დაცვის საკითხში. 1975 წელს, მისი დამსახურებით, ე.წ. „ვეილის კანონი“ მიიღეს, რაც ფრანგ ქალებს აბორტის უფლებას ანიჭებდა. 1979 წელს, პირველ პირდაპირ არჩევნებში, იგი ევროპარლამენტში აირჩიეს, რომლის თავმჯდომარეც მოგვიანებით გახდა. ევროპარლამენტის დაარსების დღიდან (1952 წ), ვეილი ამ პოსტზე მომუშავე პირველი ქალი იყო.

თითქმის 10 წლის განმავლობაში – 1998-დან 2007 წლის ჩათვლით, ვეილი საფრანგეთის საკონსტიტუციო საბჭოში მუშაობდა. 2008 წელს, მწერალი მორის დრუიონის წარდგინებით, იგი საფრანგეთის აკადემიის წევრად მიიღეს. აკადემიკოსი ვეილის დაშნაზე, საკონცენტრაციო ბანაკში მისი პატიმრობის ნომერი იყო ამოტვიფრული.

10 წლის წინ, ვეილმა ავტობიოგრაფია გამოუშვა, სახელწოდებით „ცხოვრება“ (Une Vie, 2007), რომელიც 15 ენაზე ითარგმნა. საფრანგეთში, ეს წიგნი ბესტსელერად იქცა – გამოცემა 550 ათასი ტირაჟით გაიყიდა.

2012 წელს, საფრანგეთმა ვეილი უმაღლესი ჯილდოთი – საპატიო ლეგიონის დიდი ჯვრის ორდენით დააჯილდოვა. გარდა საფრანგეთის უმაღლესი ჯილდოებისა, იგი ბრიტანეთის იმპერიის ორდენის კავალერი, აგრეთვე აშშ-ის, ისრაელისა და სხვა ქვეყნების 10-ზე მეტი უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი იყო.

სიმონ ვეილის გავრცელებული ფრაზები:

– შეცდომებს არ ნანობენ, შეცდომაზე პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე იღებენ!
– შიშს არ გაურბიან, შიშს სძლევენ!
– სიყვარულს არ გაჰყვირიან, სიყვარულს ამტკიცებენ!