ლელუკა პროფესიით ჟურნალისტი და დრამის რეჟისორია. 7 წლის შვილთან, შიოსთან ერთად, უკვე ოთხი წელია, რაც პარიზში ცხოვრობს. ამჟამად ფრანგულ რესტორნების ქსელში შეფ-მზარეულის ასისტენტად მუშაობს. ამბობს, რომ თითქმის ყველა კერძს ქართული სამზარეულოს ელემენტებს სძენს, რაც დახვეწილ და მომთხოვნ ფრანგ კლიენტებსა და თავად მზარეულებში დიდ აღტაცებას იწვევს. თუმცა, კულინარია სულ მცირე ნაწილია იმ საქმიანობისა, რომელშიც ლელუკა აქტიურადაა ჩართული.
ქართველი ემიგრანტების დიდი ნაწილი ამჟამინდელ საცხოვრებელ ადგილს ვერ ითავისებს, ვერ ეგუება. რამდენად კომფორტულია თქვენთვის საფრანგეთში ცხოვრება?
არ მინდა გადაჭარბებულად და მეტაფორულად მოგეჩვენოთ ჩემი პასუხი, მაგრამ თავს ისე ვგრძნობ, როგორც სახლში, საკუთარ, მშობლიურ სახლში, მიუხედავად იმისა, რომ ირგვლივ ქართულად მოლაპარაკეც არავინ გამაჩნია, შიოს გარდა. ძალიან ბევრი ქართველი ცხოვრობს აქ. მთლიანად რომ შევკრიბო ყველა, ალბათ მათგან ათ ადამიანსაც არ ვიცნობ. არ დაგიმალავთ და დიდად არ მაქვს მათთან ურთიერთობის სურვილი, რადგან ევროპაში, თუნდაც პარიზში მცხოვრობი ქართველების უმეტესობა გზაკვალარეული ხალხია. თავი შორს მიჭირავს ასეთი ადამიანებისგან. მათი შეხედულებები, მრწამსი და მენტალიტეტი ძალიან შორია ჩემგან, ამიტომ დისტანციას ვარჩევ. იშვიათად გამიგია აქაურობაზე ქართველების კმაყოფილება და კომფორტულად ადაპტირება. როცა ჩემს ქვეყანაში ვცხოვრობდი, თავს სახლში ვერ ვგრძნობდი. აქ კი ის ვნახე, რასაც იქ ვერ ვხედავდი.
ქართველი ემიგრანტების დიდი ნაწილი ერთგვარ კულტურულ იზოლაციაში იმყოფება, ვერ ახერხებს ადგილობრივ მოსახლეობასთან ინტეგრაციას. თქვენ წინაშეც თუ იდგა მსგავსი პრობლემა და როგორ მოახერხეთ მასთან გამკლავება?
რაც შეეხება მოსახლეობასთან ინტეგრაციას, ფრანგი ხალხის შინაგანი კულტურა და სოციალური დამოკიდებულებები, მენტალიტეტი, იმდენად ახლოა ჩემთან, რომ არაფერი შემხვედრია გადაულახავი, არც ურთიერთობების დასაწყისში და ახლა მით უმეტეს. ოთხი წლის მანძილზე საოცარი ფრანგი მეგობრები შევიძინე, რომელთა წყალობით ფეხზე დადგომა შევძელი. თუმცა, როგორც არ უნდა დაგეხმარონ და ვინც არ უნდა დაგიდგეს გვერდით, ესაა ქვეყანა, სადაც ყველაფერი მაინც შენი გასაკეთებელია. საქართველოსგან განსხვავებით, აქ საქმის კეთებაში ხელს არავინ შეგიძლის. თუ ფრანგმა შენში შრომის სიყვარული, პროფესიონალიზმი და მისთვის უმთავრესი რამ – მოტივაცია დაინახა, ჩათვალე, რომ ყველაფერს გაძლევს, რაც გჭირდება. მათი კანონების მიმართ დამოკიდებულება, დისციპლინა, პასუხისმგებლობა საქმისა და ურთიერთობების მიმართ, ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია, რადგან მე ზუსტად ასეთი ვარ.
თვითდამკვიდრებისა და თვითრეალიზაციის საკმაოდ დიდი გამოცდილება გაგაჩნიათ. როგორ ფიქრობთ, საქართველოში რომ დარჩენილიყავით, თქვენი შესაძლებლობების ბოლომდე გამოვლენას მაინც შეძლებდით?
ამ კითხვაზე ასე გიპასუხებთ: საქართველოში ყველაფრის შანსი წამართვეს. იქ ადამიანებს არ აძლევენ უფლებას, აკეთონ ის, რაც უყვართ, შეუძლიათ და გამოსდით. მე პირადად გამოვცადე ეს. სხვის ისტორიებზე ამბების აგება არ მიყვარს. ჩემი ისტორიები ისე მრავლად მაქვს, – იმედგაცრუებები და წარმატებები, რომ მაგალითებისთვის ესეც მეყოფა.
კვლავ პოსტსაბჭოთა საზოგადოების ტრავმებზე მინდა გკითხოთ. როგორც ხედავთ, პარლამენტში ფაშისტური ძალები შევიდნენ, რომლებიც საკუთარ ამომრჩეველს „უცხოტომელთა“ ქვეყნიდან გარეკვას, ლგბტ ადამიანების საჯარო სივრციდან გაქრობას, პოლიტიკური მოწინააღმდეგეების „მოსპობას“, ორთოდოქსული რელიგიის კიდევ უფრო გაძლიერებას და ბევრ სხვა უკიდურესად რადიკალურ დაპირებებს აძლევენ. რას მიგვანიშნებს ეს პროცესები, იმ ფონზე, რომ მაგალითად საფრანგეთში ლე პენის და ამერიკაში ტრამპის პოპულარობა არცთუ ურიგო ნიშნულს უახლოვდება?
გგონიათ, ვინმე რამეს ირჩევს საქართველოში, თუდაც პარლამენტს? ეს ყველაფერი პოლიტიკური თამაშებია. თუ ვინმეს ჰგონია, რომ არჩევნების გზით რამე ცვლილება (სასიკეთო) ხდება, ძალიან ცდება. არჩევნები ტარდება იმის გამო, რომ უნდა ჩატარდეს და არა იმის გამო, რომ საქართველოს მოქალაქეების სასარგებლოდ შეიცვალოს რამე. წრეზე ბრუნვის რეჟიმს ვერ გაცდა ქართული პოლიტიკა. მაგრამ საქმე და პრობლემა ამაში არაა, იგი თითოეული ქართველის ისევ და ისევ მენტალიტეტში, შეგნებაში, მიდგომაში და განათლებაშია. ქვეყანაში ამ უკანასკნელის მწვავე დეფიციტი გვაქვს. ის, რასაც გამიზნულად აკეთებს საკანონმდებლო ორგანო, კანონპროექტების ე.წ. მოდერაციის სახით, პირდაპირ კავშირშია ქართული ეკლესიის ინტერესებთან. რაზეა საერთოდ ლაპარაკი, როცა რელიგიური ინსტიტუცია წყვეტს, ადამიანი ვისთან დაწვეს, ქალი ქალთან, კაცი კაცთან, ქალი კაცთან, თუ ვინმე მარრტორქასთან. თითოეული ზრდასრული ადამიანი უფლებამოსილია და ვალდებულია, თავისი „ლოგინი“ თავად დაალაგოს. სხვათა შორის, ფრანგებმა არ დამიჯერეს, რომ 21-ე საუკუნის ნებისმიერ ქვეყანაში და მით უმეტეს ისეთი ცივილიზაციისა და კულტურის ქვეყანაში, როგორიც საქართველოა, შეიძლება სექსუალური ნიშნის გამო დისკრიმინირებული იყო, მით უმეტეს სამსახურში და მით უმეტეს ხელოვნების სფეროში. რაც შეეხება მარინ ლე პენის პოლიტიკას, საქართველოსგან განსხვავებით, საფრანგეთში ხალხი ირჩევს მთავრობას და იგი ლე პენისნაირი რადიკალი ლიდერების აღზევებას არ დაუშვებს.
როგორც ვიცი, პარიზში სხვადასხვა სამუშაო გამოიცვალეთ, და ყველას ერთნაირი კრეატივით ეკიდებოდით. საქმის ნულიდან დაწყება გაგიჭირდათ?
როდესაც პარიზში ჩამოვედი, ჩემი ქონება ერთ ზურგჩანთას, ორ კედს, ორ შარვალს და რამდენიმე მაისურს შეადგენდა. სრულიად არაფერი გამაჩნდა, არანაირი სოციალური გარანტია. პირადი მიზნების გამო აღმოვჩნდი აქ, დარჩენა და პარიზში ცხოვრება არასოდეს დამიგეგმავს, მაგრამ სრულიად უცხო ხალხსა და გარემოში, თავი იმდენად კომფორტულად და დაცულად ვიგრძენი, მივხვდი, რომ აღარსად უნდა წავსულიყავი. ძალიან გამიმართლა, რომ პარიზის ჟურნალისტთა სახლს მიაგნო ერთმა ძალიან კარგმა ადამიანმა. მე ენა არ ვიცოდი. მხოლოდ სკოლაში მქონდა ნასწავლი ფრანგული წერა-კითხვა, რაც აქ ბევრს არაფერს ნიშნავდა – ვერ ვსაუბრობდი, არაფერი მესმოდა. პარიზის ჟურნალისტთა სახლმა რეზიდენტად ამიყვანა. დღემდე ამ ორგანიზაციის წევრი ვარ და კიდევ დიდხანს ვიქნები, როგორც კონტრაქტში წერია, – სანამ ორგანიზაცია იარსებებს. ორგანიზაცია კი იმდენად ძლიერი და ფესვგადგმულია, მოშლა ნამდვილად არ უწერია. მის საქმიანობაში ჩემს შვილთან ერთად ვარ ჩართული. თავდაპირველად, მათ მიერ მოცემულ საცხოვრებელში ვცხოვრობდი, ისინი საბუთის მოპოვებაშიც კი დამეხმარნენ. ახლა უკვე ფრანგული საბუთები გვაქვს მეც და შიოსაც.
ტერორიზმის საფრთხის პირობებში, საბუთების მოწესრიგების საკითხი ყველა ემიგრანტს აწუხებს…
აქ უსაბუთოდ ვერ გაინძრევი. სამსახურს ვგულისხმობ, ლეგალურად. ე.წ. შავად არც ერთი დღე არ მიმუშავია. არ ვიცი, ეს რა არის. თუმცა, ამგვარი სამუშაო არაერთხელ მიძებნია. მაგრამ, იმის გათვალისწინებით, რომ აქაურ ქართველობას არ ვიცნობ, რომლებმაც ზეპირად იციან, სად და როგორ იშოვო ასეთი სამსახურები, ჩემით ვერაფერი ვნახე. დავდიოდი, ვმოგზაურობდი, უამრავი უცხო ქალაქი და მხარე მოვიარე, სანამ მუშაობის უფლებას მომცენდნენ. მერე კი ყველაფერი ძალიან მარტივად აეწყო. ესაა ქვეყანა, სადაც თუ რამე შეგიძლია, კანონის ფარგლებში და მოტივირებულად მოქმედებ, ყველაფერი გეძლევა. თუმცა, როგორც წესი, დასაწყისის ათვლა ნულიდან იწყება. წამყვან პოზიციაზე არავინ დაგსვამს, სულ რომ მამაშენი მინისტრი იყოს. აქ ეს არავის აინტერესებს. ყველა თანასწორია და საქმე უნდა აკეთოს პროფესიონალმა. დამლაგებლის სპეციალური კურსი თუ არ გაიარე და უთოობის დამადასტურებელ სერთიფიკატს თუ არ ფლობ, საქმის შესასრულებლად ოჯახი არ გამოგიძახებს, სასტუმრო და სხვა სერვისები – მით უმეტეს. არსებობს სპეციალური ორგანიზაცია, „პოლ ამპლუა“ ქვია. როცა იქ, საბუთის აღების შემდეგ მივედი და დავრეგისტრირდი, ჩემმა კონსულტანტმა პროფესიული დოსიე შემავსებინა. გაოცებული იყო, რადგან ჩამოსულებს ერთი უნიერსიტეტის დიპლომიც იშვიათად აქვთ. მე ორის მქონდა და პლუს უამრავი სამუშაო გამოცდილება, ორი წიგნის, მრავალი სტატიის ავტორის სტატუსი და სპექტაკლები. მითხრა, რომ დამდგმელ რეჟისორად, ან ტელევიზიაში სამუშაოდ მოცდა მომიწევდა, მინიმუმ 6 წელი. მე ავუხსენი, რომ დრო არ მაქვს და სასწრაფოდ უნდა ვიშოვნო რამე. მაშინ მირჩია, რომ ჩემს მონაცემებში ყველა ჩემი შესაძლებლობა და გამოცდილება აღმენიშნა და მერიებში დამეგზავნა.
ასეც მოვიქეცი და ძალიან გამიმართლა.
ანუ სრულიად სხვადასხვა სფეროებში მუშაობის გამოცდილება დაგიგროვდათ?
იმის პარალელურად, რომ ჟურნალისტთა სახლის მიწვევით, ლიცეუმის სტუდენტებისთვის საკუთარი გამოცდილების გაზიარების მიზნით ლექციებს სტუდენტებთან პიკარდიში, ეზანვილში, დოვილსა და დომონში ვკითხულობდი, პარალელურად მერიებიდან შემოთავაზება მომივიდა ავეჯის გადაზიდვის, დალაგების, მღებავის დამხმარის პოზიციებზე, რესტორნის უნიფორმების დაუთოვებისა და კიდევ სხვადასხვა „შავ“ სამუშაოებზე. რეალურად, აქ შავი სამუშაო, უკანონოს გარდა, სხვას არაფერს ნიშნავს. ასევე, მერიიდან მომივიდა შემოთავაზება რენესანსის ნაციონალური მუზეუმის მებაღის დამხმარის ვაკანსიაზე. გიჟივით გავქანდი. არ დამიმალავს მათთვის, რომ არაპროფესიონალი ვარ, მაგრამ ავუხსენი, რომ ძალიან მჭირდება ეს სამსახური და ბუნება ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი რამაა. „პოლ ამპლუამ“ მებაღეობის ერთ ძალიან კარგ ფორმაციაზე ორკვირიანი სწავლება დამიფინანსა. იარაღების გამოყენება, რგვა, სხვლა, თესლისა და ნერგის გამოყვანა, გაზონებისა და სხვა დეკორაციული გამწვანებების, მინდვრების მანქანით გაკრეჭვა – ეს ყველაფერი გავიარე და სერთიფიკატი ავიღე. საცდელი ვადით, ათი დღით ამიყვანეს მუზეუმის ბაღში და იქვე დამტოვეს. ხუთი თვე ვიმუშავე იქ. სეზონური სამუშაოებია და დამხმარეებს ხანგრძლივ კონტრატებს არ უდებენ.
რესტორნების ქსელში როგორ მოხვდით?
მუზეუმში გაცნობილმა ერთმა ძალიან კეთილმა ფრანგმა ქალმა, დღეს უკვე ჩემმა მეგობარმა ივონმა მითხრა, როგორც მახსოვს, სამზარეულო შენთვის უცხო არაა და კარგი შემოთავაზება მაქვსო. მისთვის ადრე ნათქვამი მქონდა, რომ პარიზში ჩემი პატარა რესტორნის გახსნას ვაპირებ. ამისთვის კი აქაური გამოცდილება აუცილებელია. მოკლედ, ასე აღმოვჩნდი იქ, სადაც ახლა უკვე ხანგრძლივი კონტრაქტით ვმუშობ. ამის შემდგომ, აქედან ჩემი ნებით წამოსვლას და რესტორნის გახსნას ვგეგმავ. დღე-დღეზე საკუთარ სახლს ველოდები და როგორც კი ძირფესვიანად დავბინავდები, ჩემი მიზნების სისრულეში მოყვანას შევუდგები. პარიზის ჟურნალისთა სახლისთვის პარალელურად ვწერ და ფოტოებს ვიღებ.
შიოს პარიზი მოსწონს?
შიოს ძალიან უყვარს აქაურობა. კმაყოფილი და ბედნიერია. აქვს ყველაფერი, რაც თვითშეფასების ამაღლებაში ეხმარება. როდესაც (ძირითადად ქართველები) ეკითხებიან, სად უნდა იცხოვროო, შიო კითხვითვე პასუხობს: სად უნდა ვიცხოვრო სხვაგან?
როდესაც საქართველოში ცხოვრობდით, ქართველი როგორ ხედავდით ქალის ყოველდღიურობას და ახლა როგორ ხედავთ?
ქართველი ქალების ყოველდღოურობა იმდენად წინაღმდეგობაშია ჩემ პრიციპებთან და შეხედულებებთან, რომ ამის მიმართ პროტესტი არ მელეოდა არც მაშინ, როცა იქ ვცხოვრობდი, და არც ახლა. ქართული რეალობა შორიდან კიდევ უფრო სასტიკად იკითხება…
ხშირად, ქართველ ქალებს მათ მიმართ განხორციელებული პატრიარქალური ჩაგვრის წინააღმდეგ ბრძოლა შეუძლებლად ეჩვენებათ და მთელს ცხოვრებას ძალადობის, შეურაცხყოფის, დამცირების ატანაში ატარებენ. ისინი ფიქრობენ, რომ არჩევანის საშუალება არ აქვთ. მართლაც, არსებობს თუ არა ამ ჩაკეტილი წრიდან თავის დაღწევის შანსი?
დიაც, ასეა. ჩაკეტილი წრიდან თავის დაღწევის შანსი ყოველთვის და ყველგან არსებობს, და არა მხოლოდ საქართველოში, – ინდივიდის შინაგანი მოთხოვნილების გათვალისწინებით. ქართველი ქალები რაღაცნაირად დადუმებულ ცხოვრებაში გრძნობენ თავს კომფორტულად – „ასეც უნდა იყოს“ პრინციპით, ან „სხვა გზა არაა და შეეგუეს“ პრინციპით. ეს ჩემთვის მიუღებელია. არავის მივემდი ნებას, საკუთარი აზრი მოეხვია ჩემთვის – არც ძმას, არც მამას, არც ვინმე მღვდელს და არც პრეზიდენტს. როცა ინდივიდის შეგრძნებას კარგავ კონკრეტული გარემოებებით და ამის შიშს ცხადად გრძნობ, უნდა გაიქცე, სულ ერთია, სად. უნდა გაიქცე! ხშირად მეუბნებიან, რა გიჭირს, შენ გაასწარი, მე სად წავიდეო. მე ამაზე ვღიზიანდები და ვპასუხობ: მე გავიქეცი ისე, რომ არაფერი მქონდა, არავინ მყავდა. იმის გამო, რომ ახლა არაფერი გაგაჩნია ადამიანს და გზას ვერ ხედავ, არ ნიშნავს, რომ გზა არ არსებობს და ხვალ ვერავის შეხვდები, ვინც ხელს როგორც მინიმუმ გამოგიწოდებს. ჩემი დევიზია: ყველაფერი მხოლოდ შენზეა დამოკიდებული!
მარტო, დამოუკიდებლად, ნულიდან ცხოვრების დაწყება ადვილია?
ძალიან ძნელია, მაგრამ მიღწევადი. მთავარია, გჯეროდეს და მთავარია გულით გინდოდეს, მერე კი ამისთვის ყველაფერი უნდა გააკეთო. ამის შედეგს აუცილებლად მოიმკი. მე ეს მრავალჯერ გამოვცადე. წინ კიდევ დიდი გზა მაქვს გასავლელი.
გარდა იმისა, რომ სხვადასხვა პროფესიებს ფლობთ, შეიძლება ბევრმა არ იცოდეს, რომ შესანიშნავი რომანის – „გოგონა საცვლების გარეშე“ ავტორი ხართ. არა მხოლოდ თანამედროვე ქართულ ლიტერატურას, არამედ თანამედროვე ქართულ რეალობას ძალზე მწვავედ აკლია ამ რომანის მთავარი პერსონაჟი – ლუ, რომელიც თამამი, ძლიერი, დამოუკიდებელი და საოცრად მტკიცე ქალია. ლუს პერსონაჟში ავტობიოგრაფიული შტრიხები ხომ არაა?
„გოგონ საცვლების გარეშე“ ჩემი მეორე წიგნია. იქამდე, 2012- ში, კრებული გამოვეცი, პროზა და პოეზია. რა თქმა უნდა, ავტობიოგრაფიული დეტალები ყველა მწერლის, ყველა ნაწარმოების, ყველა გმირშია…
ლუ საკუთარ გულისთქმას მუდამ უსმენს, სექსუალობაზე ტაბუ არ აქვს. ქართველ ქალებს რატომ უჭირთ ეს? რატომ აკეთებენ თითქმის ყოველთვის იმას, რაც არ სურთ?
გგონიათ, მხოლოდ ქართველ ქალებს უჭირთ სექსუალური იდენტობის ადაპტაცია და ბოლომდე გახსნა? აქაც მინახავს ჩაკეტილი გოგოები, ქალები. არ ვიცი, ეს რისი ბრალია, კომპლექსების, დაბალი თვითშეფასების, განათლების, გარემოს, ტრადიციების თუ რელიგიის. პირადად ჩემთვის არც ერთი ჩამოთვლილი გარემოება არ დგას ჩემ, პირად ინტერესზე წინ. არც სხვას მივცემ ამის ნებას.
რისი სიმბოლოა ლუს ბიჭი თოჯინა?
შინაგანი პროტესტის.
ლუს არ უყვარს აზღუდის გაკეთება, ტრუსის ჩაცმა. პირდაპირი ფემინისტური რეპლიკა მისი პერსონაჟის თვისებების ხაზგასასმელად მოიყვანეთ?
ეს რეალური ადამიანის, რეალური ისტორიაა, ის ასე დადის (იცინის, შ.გ.)
რომანში მთელი სამყარო ქალის, ქალის სექსუალობის ირგვლივ ტრიალებს…
უნდა ტრიალებდეს კიდეც! ამ სქესს ყველაზე ლამაზად და ორგანულად შეუძლია სიყვარული და მისი გამოხატვა (მამრები ჩამქოლავენ, მაგრამ მიჩვეული ვარ, ვერაფერს დამაკლებენ!) (იცინის, შ.გ.).
ქალის მასტურბაცია, ქვიარ ურთიერთობები, მისი შეგრძნებები, სურვილები, მისწრაფებები სამყაროს სუბიექტურ, ფემინისტურ სურათს ქმნის. ავტორი თითქოს ლუ პირველქმნილი ქალის სილაღის განსახიერებად წარმოგვიდგენს…
მე მინდა, რომ ისინი ასეთები იყვნენ ყველა დროსა და ყველა სივრცეში!
ესაუბრა შორენა გაბუნია