თავის წიგნში „ვაგინის ბიბლია“, ცნობილმა ამერიკელმა გინეკოლოგმა ჯენ გიუნტერმა (Dr. Jen Gunter) საშოსთან დაკავშირებული ყველა იმ მავნე წარმოდგენის გაქარწყლება გადაწყვიტა, რომელსაც იგი თავისი მუშაობის ორ ათწლეულზე მეტი ხნის მანძილზე შეხვედრია. მედიკოსი იმედოვნებს, რომ მისი წიგნის გამოსვლის შემდეგ, მსგავსი არასწორი წარმოდგენები ადამიანებში სამუდამოდ გაქრება.
მითი: გარკვეული პროდუქტების მიღება თქვენს საშოს სასიამოვნო სურნელს შესძენს
არ არსებობს კვლევა, რომელიც ასკვნის, რომ ზოგიერთი პროდუქტის, მაგალითად ციტრუსის, მიღება სასქესო ორგანოების სურნელს სასიამოვნოს გახდის.
ეს ერთ-ერთი ყველაზე უცნაური და მეტად გავრცელებული მითია, რომელსაც გიუნტერი თავისი გინეკოლოგიური საქმიანობის 25 წლის მანძილზე შეხვედრია.
გიუნტერი წერს, რომ ეს წარმოდგენა არამხოლოდ არასწორია, არამედ განამტკიცებს იმ მოსაზრებას, რომ ჯანსაღი საშოს მდგომარეობა „მთლად კარგად ვერაა“.
ექიმი გვიხსნის, რომ ადამიანის საშოს და საშვილოსნოს ყელის ლორწოვანას ჯანსაღი ბაქტერიები ქმნიან ზოგად სუნს ამ მიდამოებში და საკვები, რომელსაც ადამიანი ჭამს, ვერანაირად ვერ მოკლავს, გაამრავლებს ან შეცვლის ამ ბაქტერიებს.
თუ თქვენი საშოს სუნი არანორმალურად მოგეჩვენათ, სავარაუდოდ, ეს ინფექციას უკავშირდება, რომელიც გინეკოლოგთან ვიზიტს და მკურნალობას მოითხოვს და არა – გარკვეული პროდუქტების მიღებას, რომლებიც ამ ცუდ სურნელს გადაფარავდნენ.
მითი: ორსულობის დროს სექსის მეშვეობით მშობიარობის გამოწვევა/დაჩქარებაა შესაძლებელი
როდესაც ნორმალურად მიმდინარე ორსულობაზეა საუბარი, ამ შემთხვევაში, მთელი 9 თვის მანძილზე სექსი არის უსაფრთხო. ზოგიერთ ორსულ ქალს შეღწევითი სექსის ეშინია მაშინაც კი, როდესაც ამის სურვილი აქვს, რადგან შიშობს, რომ ეს ნაადრევ მშობიარობას გამოიწვევს.
გიუნტერი ამაზე ამბობს, რომ ეს მოსაზრება ქალაქურ ლეგენდებს აგონებს.
„იდეა იმის შესახებ, რომ პენისი იმდენად ძლევამოსილია, რომ მშობიარობის გამოწვევა შეუძლია, მართალი გითხრათ, განსაცვიფრებელია“, – წერს იგი.
რაც შეეხებათ ქალებს, რომელთა ორსულობაც საშვილოსნოს ყელის პრობლემების თანხლებით მიმდინარეობს, ნაადრევი მშობიარობის თავიდან ასაცილებლად, ექიმები მათ შეღწევითი სექსისგან თავის შეკავებას ურჩევენ, თუმცა, აშშ-ის ჯანდაცვის ეროვნული ინსტიტუტის მონაცემებით, იმის დამამტკიცებელი ძალზე ცოტა ფაქტორი არსებობს, რომ ამას რეალური დახმარების გაწევა შეუძლია. აშშ-ის ჯანდაცვის ეროვნული ინსტიტუტის მკვლევარების თანახმად, უკეთესი მტკიცებულებების მოპოვებამდე, ეს არის „გონივრული რეკომენდაცია“.
მითი: თუ G წერტილს იპოვით, უკეთესი ორგაზმები გექნებათ
საშვილოსნოს წინა კედლის ზონაში არსებული G წერტილის კონცეფცია ქალებს ათწლეულების მანძილზე აღელვებს.
მაგრამ, გიუნტერის თქმით, ახალი კვლევები გვიჩვენებს, რომ G წერტილი საერთოდ არ არსებობს, და თუ არსებობს, იმის დაჯერება, რომ მასში ინახება არაამქვეყნიური ორგაზმის გასაღები, სახიფათოა: სექსუალური სიამოვნება გაცილებით რთული რამაა, ვიდრე – სხეულზე ერთი კონკრეტული წერტილის პოვნა და სტიმულირება.
„არც მიკვირს, როცა ქალები კაც პარტნიორებთან ორგაზმის იმიტაციას ახდენენ. ეს ამიტომ ხდება: ისინი დააჯერეს, რომ ქალის ორგაზმი პენისით ამ წარმოსახვითი წერტილის სტიმულირებით მიიღწევა“, – ამბობს გინეკოლოგი.
თანამედროვე მკვლევარები ამ კონცეფციას კვლავ მიუბრუნდნენ. მათ ვერ მოახერხეს ამ სპეციალური ადგილის პოვნა, რომელიც გერმანელმა მკვლევარმა ერნსტ გრეფერბერგმა პირველად 1950 წელს დაწერილ სტატიაში აღწერა, გამოსახულების სკანირებისა და ბიოფსიის გამოყენებით.
გარდა ამისა, ულტრაბგერამ, რომელმაც კლიტორი მასტურბაციისა და შეღწევითი სექსის დროს გამოიკვლია, კლიტორის ზომაში გადიდება აჩვენა. ეს იმას ნიშნავს, რომ სექსუალური სტიმულაციის სხვადასხვა ფორმები, იმისდა მიუხედავად, უკავშირდებიან თუ არა ისინი კლიტორთან ფიზიკურ შეხებას, სრულდება იმით, რომ ტვინი სიამოვნების სიგნალს კლიტორს უგზავნის.
გიუნტერის თქმით, სრულიად რეალურია, რომ გრაფენბერგმა არასწორად აღიქვა ქალის სასქესო ორგანოების სხვა ნაწილები, და კლიტორის ნერვული დაბოლოებები G წერტილად „აღმოაჩინა“.
მითი: საშო სპეციალური საშუალებებით იწმინდება
ადგილობრივ აფთიაქში ქალის ჰიგიენურ განყოფილებაში აუცილებლად შეგვხვდება იმ პროდუქტების ფართო არჩევანი, რომლებიც გვარწმუნებენ, რომ მათი გამოყენების შემდეგ, ჩვენი გენიტალიები ცინცხალი და კრიალა იქნება.
სინამდვილეში, ეს პროდუქტები არაფრად ვარგა საშოსთვის და ვულვისთვის, და გინეკოლოგები მათ გამოყენებას არ გვირჩევენ.
მაიოს კლინიკის (Mayo Clinic) მონაცემებით, საშოდან სუნიანი გამონადენი მისი ბუნებრივი წმენდის შედეგია. ამიტომაც, ჩვეულებრივ ჯანმრთელ ადამიანებს ამ არეების დასასუფთავებლად სპეციალიზებული საშუალებების შეძენა არ სჭირდებათ.
არომატიზებულმა საშუალებებმა საშოს გაღიზიანება, ქავილი და ტკივილიც კი შეიძლება გამოიწვიოს. გარდა ამისა, თუ ადამიანს სოკოვანი ან სხვა ბაქტერიული ვაგინალური ინფექციაც აქვს და იგი საშოს დაბანას შხაპით ცდილობს, ამან, შესაძლოა, ინფექციის საშვილოსნოს ყელში შეტანა და გამწვავება გამოიწვიოს. გიუნტერის თქმით, საშოს დასაბან საშუალებებში პარფიუმის არსებობამ, შესაძლოა, საშოს ჯანსაღი ბაქტერიები დააზიანოს და ინფექცია გამოიწვიოს.
მითი: საშოსთვის ნატურალური ტამპონები და საფენები უკეთესია
ქალის ჰიგიენის ზოგიერთი ბრენდი ნატურალურ და ორგანულ ტამპონებს უშვებს და ამტკიცებს, რომ ისინი უკეთესია საშოსთვის და გარემოსთვის.
უკანასკნელი მტკიცება, შესაძლოა, მართალიც იყოს, მაგრამ ნორმალურ ტამპონებში მავნე ინგრედიენტები ვერც ერთმა კვლევამ ვერ დააფიქსირა.
გიუნტერს თავისი პაციენტების ტამპონებზე დაკვირვებები ჩაუტარებია. იგი ამბობს, რომ ჩვეულებრივ ტამპონებთან დაკავშირებული შიში ინგრედიენტების მარკირების არქონას უკავშირდება. სანიტარული სამსახური არ მოითხოვს ტამპონების და საფენების შეფუთვაზე ინგრედიენტების მითითებას. ამიტომაც, ზოგიერთი ფიქრობს, რომ ამ პროდუქტების ნდობა არ შეიძლება.
კვლევები ასევე გვიჩვენებს, რომ ქიმიური ნივთიერებები ტამპონებში იმდენად უმნიშვნელოა, რომ განგაშის საფუძველს არ იძლევა. დიოქსინები, ხელოვნური კანცეროგენები ტამპონებში ათასჯერ ნაკლები დოზითაა, ვიდრე – ხორცში, რძეში, კვერცხსა და ზღვის პროდუქტებში.
„თუ თქვენ ცხოვრებაში 12 000 ტამპონს გამოიყენებთ, მაინც ვერასოდეს მიუახლოვდებით საკვებში არსებული მავნე ნივთიერებების რაოდენობას“, – წერს გინეკოლოგი. იგი ასევე აღნიშნავს, რომ ორგანული და არაორგანული ბამბის ტამპონებში დიოქსინის ერთი და იგივე შემცველობა აღინიშნება.
მითი: პრობიოტიკის ყოველდღიური მიღება სოკოვანი დაავადებებისგან გარკვეულწილად დაგვიცავს
ბოლო წლების მანძილზე, აშშ-ში პრობიოტიკური დანამატების ბუმია. ამბობენ, რომ ეს დანამატები „კარგ“ ბაქტერიებს შეიცავს, რომლებიც საჭმლის მონელებას არეგულირებს და ადამიანის იმუნურ სისტემას აწესრიგებს. რადგან საშოს ასევე სჭირდება კარგი ბაქტერიები, ე. წ. ლაქტობაცილები, რათა იყოს ჯანმრთელი და დაცული იყოს მავნე ბაქტერიების ზედმეტი მომრავლებისგან, მიიჩნევა, რომ ამ დანამატების მიღება დაცვაა საშოს ბაქტერიული და სოკოვანი ინფექციებისგან.
გიუნტერის თქმით, პრობიოტიკური დანამატები ზედმეტია ჯანმრთელი ადამიანებისთვის, რომლებსაც არ აქვთ სოკოვანი დაავადებები. მაშინაც კი, როდესაც საქმე სოკოვანი დაავადებების ან შარდ-სასქესო სისტემის ინფექციების რეციდივებს ეხება, პრობიოტიკების კვლევამ არ აჩვენა, რომ მათი ამ მდგომარეობაში პრევენციული მიზნით გამოყენება მნიშვნელოვანია.
გარდა ამისა, არსებობს ბაქტერიების ბევრი შტამი, რომლებიც შეიძლება პრობიოტიკებში იყოს ჩართული, და იმის არჩევანი, თუ რომელი ერგება თქვენს ორგანიზმს, შესაძლოა სიბნელეში გასროლას ჰგავდეს. ნებისმიერი დანამატიც ცუდად რეგულირდება. ამიტომ, რთულია იმის გაგება, მართლაც იმას ვიღებთ თუ არა, რაც ეტიკეტზე წერია.