სექსუალური შევიწროება

მაიკლ დუგლასს სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებენ

ამერიკელმა ჟურნალისტმა სიუზან ბროუდიმ (Susan Braudy) მაიკლ დუგლასი სექსუალურ შევიწროებაში დაადანაშაულა. გამოცემა Hollywood Reporter-თან ინტერვიუში, ბროუდიმ აღნიშნა, რომ დუგლასის ქცევამ, ვის ხელქვეითადაც მუშაობდა იგი მისსავე საპროდიუსერო კომპანია Stonebridge Productions-ში 1980-იანების ბოლოს, იგი დაამცირა.

ბროუდი ირწმუნება, რომ დუგლასი მისი თანდასწრებით ტელეფონზე საუბრისას ძალიან ბევრს იგინებოდა, ხოლო ერთხელ, მაიკლის ბინაში, როდესაც მათ ერთობლივად ფილმის სცენარი უნდა განეხილათ, მოულოდნელად, დუგლასმა მის წინაშე მასტურბირება დაიწყო.

დაახლოებით ერთი კვირის წინ, თავად დუგლასმა ინტერვიუში განაცხადა, რომ მის წინააღმდეგ მსგავსი ბრალდებების გაჟღერება იყო მოსალოდნელი და მას წინასწარ ემიჯნებოდა. ეს ამბავი მას შემდეგ მოხდა, რაც ბროუდი ამ ამბის გასამხელად ჟურნალისტებს დაუკავშირდა, ამ უკანასკნელებმა კი კომენტარისთვის რეჟისორს მიმართეს.

ბროუდი ამბობს, რომ დუგლასი მასთან ურთიერთობაში თავშეუკავებლად იქცეოდა, მისი თანდასწრებით თავის „თავგადასავლებზეც“ ღიად ლაპარაკობდა. უფრო მეტიც: ბროუდის თქმით, მისი ბოსი იმდენად ბევრ კომენტარს აკეთებდა მის გარეგნობაზე, რომ იძულებული გახდა, სამსახურში მუქი ფერების თავისუფალი სტილის სამოსით გამოცხადებულიყო.

ბროუდის მონათხრობში ყველაზე სკანდალური დუგლასის სექსუალურ შევიწროებაში დადანაშაულებაა. მისი მტკიცებით, 1989 წელს, როდესაც იგი მაიკლმა შინ მიიპატიჟა და მასტურბირება იწყო, მან თავი უკიდურესად დამცირებულად იგრძნო და ბინიდან დაფეთებული გავარდა.

„მივხვდი, რომ მას მიაჩნია, შეუძლია, ყველაფერი მოიმოქმედოს, რაც კი სურს,რადგან გაცილებით მეტი ძალაუფლება აქვს, ვიდრე – მე“, – განაცხადა ბროუდიმ. მან იმავე წელს დატოვა დუგლასის კომპანია.

ჟურნალ Deadline-ისთვის ადრე მიცემულ ინტერვიუში, ცნობილი ჰოლივუდელი მასტურბაციის ეპიზოდს საერთოდ უარყოფს. „მე ვამაყობ კინობიზნესში ჩემი რეპუტაციით. არავითარ საშინელ საიდუმლოს არ ვმალავ, და თუ ოდესმე ვიღაც გამოხტება და ჩემზე ასეთ რამეებს ილაპარაკებს, ნამდვილად გამიკვირდება: რატომ დუმდნენ ისინი 32 წლის მანძილზე“, – განაცხადა მან.

რეჟისორმა დასძინა, რომ მის წინააღმდეგ არანაირი მტკიცებულებები არ არსებობს და იგი შიშობს, რომ მსგავსი „უსაფუძვლო“ ბრალდებები პოპულარულ მოძრაობა #MeToo-ს რეპუტაციას გამოუსწორებელ ზიანს მიაყენებს.

საპასუხოდ, ბროუდი აცხადებს, რომ სულაც არ უკვირს, რომ დუგლასმა მას მოქმედება დაასწრო და მის ბრალდებებზე წინასწარ ალაპარაკდა. „ეს პრობლემის ნაწილია, როდესაც იგი საკუთარ თავს მსხვერპლად წარმოგვიდგენს. არსებობს მიზეზები, რის გამოც უამრავი ქალი თავის ისტორიას ვერ ასაჯაროებს. მე ამისთვის მთელი 30 წელი და საზოგადოებრივი მოძრაობის გამხნევება დამჭირდა“, – ამბობს იგი.

წყარო: bbc.com