ბლოგები / პოლიტიკაshe

„ქართული ოცნება“, საპრეზიდენტო არჩევნები და ქალთა უფლებები

მარიამ მაისურაძე

ბოლო დროს საზოგადოების ყურადღების საგანი გახდა მმართველი პარტიის, „ქართული ოცნების“ პოლიტიკა ქალთა უფლებების სფეროში. ამ თემის გააქტიურებას ხელი შეუწყო იმ ფაქტმა, რომ „ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილი საპრეზიდენტო კანდიდატი, სალომე ზურაბიშვილი, ქალია. თუკი თვალს გადავავლებთ „ქართული ოცნების“ გენდერულ პოლიტიკას მმართველობის ექვსი წლის განმავლობაში და ბოლოს, საპრეზიდენტო არჩევნების პერიოდში, აქ საკმაოდ ბევრი პრობლემა იჩენს თავს.

პირველ რიგში, უნდა აღინიშნოს, რომ ქალთა უფლებადამცველების მიერ არაერთხელ იქნა ინიცირებული გენდერული კვოტების კანონპროექტი, მაგრამ მან მმართველი ძალის მხარდაჭერა ვერ მოიპოვა. პარტიებში გენდერული კვოტირების კანონპროექტი პარლამენტმა ბოლოს 2018 წლის მარტში ჩააგდო, მიუხედავად იმისა, რომ ერთ-ერთი ბოლო კვლევისმიხედვით, მოსახლეობის 64% მხარს უჭერს სავალდებულო გენდერული კვოტების შემოღებას, 44% კი მიიჩნევს, რომ პარლამენტში საუკეთესო გენდერული განაწილება 50% ქალი და 50% კაცი იქნება.

რაც შეეხება 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებს, მმართველი პარტიის მიერ ქალი კანდიდატის მხარდაჭერა უდაოდ სიახლე იყო ქართულ პოლიტიკაში, მაგრამ სამწუხაროდ, ეს მოვლენა არ უკავშირდებოდა ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის ზრდის რაიმე ზოგად ტენდენციას და არც ქართველი ქალების უფლებებისა და საჭიროებების წინწამოწევისთვის შეუწყვია ხელი. ამის ნათელი მაგალითია „ქალთა მოძრაობის“ მიერ ორგანიზებული შეხვედრასაპრეზიდენტო კანდიდატებთან, სადაც ქალთა უფლებებზე სასაუბროდ მხოლოდ ორი კანდიდატი მივიდა და მიუხედავად მიწვევისა, მათ შორის არ იყო სალომე ზურაბიშვილი. „ქალთა მოძრაობის“ შეხვედრაზე არმისვლით სალომე ზურაბიშვილმა და მისმა მხარდამჭერმა ძალამ ცხადად აჩვენეს, რომ ქალთა უფლებები და პრობლემები მათთვის პრიორიტეტულ საკითხს არ წარმოადგენს.

არჩევნების პირველ ტურში სალომე ზურაბიშვილს რომ გაემარჯვა, სავარაუდოა, რომ „ქართული ოცნებისთვის“ ქალთა უფლებების თემა კიდევ უფრო დაკარგავდა აქტუალობას. თუმცა არჩევნების მეორე ტურის დანიშვნამ, სადაც ერთმანეთს ქალი და კაცი კანდიდატები უპირისპირდებიან, გენდერი როგორღაც მნიშვნელოვან საკითხად აქცია და პოლიტიკურ დისკურსში საკმაოდ უცნაური ფორმებით შემოიტანა.

12 ნოემბერს „ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერთა გაერთიანების“ ყალბ ფეისბუქ-გვერდზე გავრცელდა სექსისტური ვიდეო, რომელიც გვარწმუნებდა, რომ „ქალი ვერასდროს გახდება საქართველოს პრეზიდენტი“. მეორე დღეს „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ოფიციალურადგანაცხადა,რომ აღნიშნული გვერდი და ვიდეო მათ არ ეკუთვნოდათ. 14 ნოემბერსკიფეისბუქზე გამოჩნდა ახალი გვერდი სახელწოდებით „ყველაზე ბნელები“, რომელიც სექსისტური შინაარსის პოსტებს დებს და ოპერირებს ჰეშთეგით #სუსტისქესიუდრისსუსტპრეზიდენტს. აღნიშნული ვიდეოსა და გვერდის ავტორი უცნობია, თუმცა „ნაციონალური მოძრაობის“ ყალბი გვერდით ვიდეოს გავრცელება, ხოლო ორ დღეში ანონიმურავტორიანი იდენტური შინაარსის გვერდის გამოჩენა აჩენს გონივრულ ეჭვს, რომ ადგილი აქვს მმართველი პარტიის ოპონენტი ძალის – ამ შემთხვევაში, „ნაციონალური მოძრაობისთვის“ – სექსიზმის მიწერის მცდელობას, ხოლო სალომე ზურაბიშვილი ამ კონტექსტში სექსიზმისა და გენდერული დისკრიმინაციის მსხვერპლად ფიგურირებს. ეს მანიპულაციები სავარაუდოდ მიზნად ისახავს ქალი ამომრჩევლისა და სხვა პროფემინისტურად განწყობილი ამომრჩევლის გაბრაზებას, რათა მათ სოლიდარობის ნიშნად „დაჩაგრულს“ მისცენ ხმა. ამ კონტექსტში საგულისხმოა 14 ნოემბერს გავრცელებული სალომე ზურაბიშვილის ახალი სარეკლამო ვიდეო და მოწოდებაც, რომ ხმა ქალთა უფლებებს მივცეთ.

როგორც ითქვა, „ქართული ოცნების“ რამდენიმეწლიანი პოლიტიკა ქალთა უფლებების სფეროში და სალომე ზურაბიშვილის წინასაარჩევნო კამპანია ქალთა უფლებადამცველების ინიციატივების მხარდაჭერით და ქალთა საკითხების მიმართ ყურადღებით არ გამოირჩეოდა. შესაბამისად, 12 ნოემბრიდან მიმდინარე მოვლენები, რაც სალომე ზურაბიშვილის გენდერული ჩაგვრის მსხვერპლად წარმოჩენასა თუ ქალთა უფლებებთან მის ასოცირებას ისახავს მიზნად, უნდა აიხსნას არა „ქართული ოცნების“ ფემინისტური განწყობებით და ქალთა უფლებებით გულწრფელი დაინტერესებით, არამედ ამომრჩევლის მანიპულირების მცდელობით. როგორც ჩანს, „ქართულმა ოცნებამ“ ქალებში დაინახა ის ამომრჩეველი, რომელმაც შესაძლოა არჩევნებზე მათი ხმების რაოდენობა გაზარდოს, ქალების მისაზიდად საუკეთესო გზად კი ქალთა ჩაგვრასა და ქალთა უფლებებზე საუბარი მიიჩნიეს.

თუმცა „ქართული ოცნების“ კამპანია კიდევ უფრო წინააღმდეგობრივი გამოდგა. 15 ნოემბერს ქუჩებში გამოჩნდა ახალი სარეკლამო ბანერები, ხოლო „ქართული ოცნების“ ოფიციალურ ფეისბუქ-გვერდზე დაიდო ვიდეო, სადაც სალომე ზურაბიშვილი ბიძინა ივანიშვილმა, ირაკლი კობახიძემ, კახი კალაძემ, მამუკა ბახტაძემ და „ქართული ოცნების“ სხვა სახეებმა ჩაანაცვლეს. ქალი კანდიდატი გაქრა, მისი ადგილი კი კაცებმა დაიკავეს. ეს მოვლენა მიგვანიშნებს, რომ საბოლოო ჯამში, სალომე ზურაბიშვილი ამომრჩევლისთვის არასაკმარისად დამაჯერებელ, მიმზიდველ და სანდო ფიგურად იქნა მიჩნეული მისივე მხარდამჭერი პარტიის მიერ, ხოლო მისი ადგილი უფრო „დამაჯერებელმა“, „მიმზიდველმა“ და „სანდო“ კაცებმა დაიკავეს. ეს სექსისტური გააზრება და სვლა აცდენილია და წინააღმდეგობაში მოდის „ქართული ოცნების“ მიერ ქალთა უფლებებით და გენდერული დისკრიმინაციით აპელირებასთან. როგორც ჩანს, „ქართულმა ოცნებამ“ ერთი მხრივ ქალთა უფლებების მომხრეთა მოზიდვის მცდელობით, ხოლო მეორე მხრივ ქალი კანდიდატის გაუჩინარებით ორი კურდღლის ერთად დაჭერა გადაწყვიტა.

სექსისტური ვიდეო, საეჭვო გვერდი „ყველაზე ბნელები“ და ქალი კანდიდატის გადამალვა-ჩანაცვლება წინასაარჩევნო კამპანიას სექსიზმით აჯერებს. ცხადია, ქართველ ამომრჩეველს ყოველდღიურ ცხოვრებაში პოლიტიკოსების სექსიზმის გარდა სხვაც ბევრი რამ აქვს სადარდებელი, თუმცა არსებულ სიტუაციაში სექსიზმის მიმართ წინააღმდეგობა ამომრჩევლის წინააღმდეგობის საკმაოდ მნიშვნელოვანი ნაწილი გახდა. ამაზე მიუთითებს სექსისტურ პოსტებზე გამოხმაურებები, კომენტარები, სადაც ადამიანები, მათ შორის უმრავლესობა ქალები, მიუთითებენ ავტორს გაუნათლებლობაზე, საუბრობენ ქართველი ქალების, განსაკუთრებით, ემიგრანტების წვლილზე თანამედროვე საქართველოს ცხოვრებაში, იხსენებენ ქალ ისტორიულ ფიგურებს და სხვა. სალომე ზურაბიშვილის ბანერებისკაცი პოლიტიკოსების სახეებით ჩანაცვლებამ კი მოქალაქეების ირონიული დამოკიდებულება და ხუმრობები გამოიწვია.

სამწუხაროდ, „ქართული ოცნების“ მმართველობის პერიოდში ქალთა უფლებები და გენდერული თანასწორობა ვერ გახდა სახელმწიფო პოლიტიკის მნიშვნელოვანი ნაწილი, ხოლო საპრეზიდენტო არჩევნების ირგვლივ განვითარებული მოვლენები გვაჩვენებს, რომ მმართველი პარტია ქალებს – როგორც ამომრჩევლებს, ასევე თავის მხარდაჭერილ კანდიდატს – მხოლოდდამხოლოდ ძალაუფლების შენარჩუნების წყაროდ განიხილავს, მეორე მხრივ კი, ძალაუფლების შესანარჩუნებლად საქართველოს სექსიზმით „დაბნელებას“ არ ერიდება. ამ კონტექსტში პარტიული პოლიტიკა უკან ხევს ქალთა უფლებებს და ცდილობს გააუჩინაროს ან გააუფასუროს ქალები, როგორც აქტორები, რომლებმაც მნიშვნელოვანი წვლილი უნდა შეიტანონ დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობაში.