ვიდეო

მარი კურტანიძე გადაცემა “განსხვავებული აქცენტების” ეთერში

„სექსუალური შევიწროების საქმეები ქართული სამართალწარმოებისთვის იშვიათობას წარმოადგენს. რადგან ამაზე ქალები არ საუბრობენ, სასამართლოში ქეისები ძალიან მწირია,“ – ამის შესახებ კავშირ საფარის იურისტმა, მარი კურტანიძემ, გადაცემა განსხვავებულ აქცენტებში საუბრისას განაცხადა, რომელმაც თამაზ აქუბარდია სექსუალურ შევიწროებაში დაადანაშაულა.

„როდესაც ეს შემთხვევა მოხდა, 15 წლის ვიყავი. მასთან ვემზადებოდი 15 წლის ასაკიდან, ქმედებები, რომელიც განხორციელდა სიმძიმით სცდება სექსუალურ შევიწროებას და უნდა განვიხილოთ, როგორც გარყვნილი ქმედება,“ – განაცხადა მარი კურტანიძემ, რომლის თქმით, მას გამომძიებელიც დაუკავშირდა.

მარი კურტანიძის თქმით, ქალები სექსუალური შევიწროების შესახებ ღიად ვერ საუბრობენ, რადგან გაკიცხვის ეშინიათ.

„ჩვენ გვეშინია, რომ გაგვკიცხავენ, არ დაგვიჯერებენ, ამის მიუხედავად, თუ არ გავბედავთ, არ ვამხელთ მოძალადეებს, რეალობა არ შეიცვლება,“ – განაცხადა კურტანიძემ.

კავშირ საფარის იურისტის ბრალდებებს Facebook-ის გვერდზე თამაზ აქუბარდია გამოეხმაურა, სადაც აღნიშნავს, რომ მარი კურტანიძემ მის რეპუტაციასა და ოჯახზე სერიოზული დარტყმა განახორციელა.

“როცა იცავ ღირსებას და ისეთ ფასეულობას, როგორიც ადამიანის ფუნდამენტური უფლებები და თავისუფლებაა, აუცილებელია ამას ასევე მაღალი მორალური ზნეობისა და ფასეულობების დახმარებით აკეთებდე და არა ბინძური პოლიტიკის მეშვეობით. არათუ ამორალური და უზნეო, არამედ ამაზრზენია მსგავსი ხერხების გამოყენება საკუთარი მიზნის ნებისმიერ ფასად მისაღწევად ისე, როგორც ამას დღეს სჩადის „საზოგადოება“, რომელიც 24 ოქტომბერს პარლამენტში შეტანილი კანონპროექტის გატანას და პიარკამპანიის წარმოებას ჩემზე და ჩემს ოჯახზე თავდასხმით ცდილობს. იმიტომ, რომ ჩემი გვარი ყველას ეცნობა, იმიტომ, რომ ათასობით ბავშვი თუ სტუდენტი მყავს გამოზრდილი და ჩვენი დედაქალაქის მოსახლეობის ნახევარს პირადად ვიცნობ. დათესო ეჭვის მარცვალი მათ გულებში, დაემუქრო ყველაზე ძვირფასს, რაც გააჩნიათ – მათ შვილებს, ამით მიაღწევ მიზანს, დიახ. მაგრამ ნუთუ მიზნის ამგვარად მიღწევა ამართლებს ამ მიზანს, თუნდაც ის ერთი შეხედვით სწორ ფასეულობას ემსახურებოდეს?” – წერს აქუბარდია.

მარი კურტანიძემ თათია სამხარაძის საქმეზეც ისაუბრა, როდესაც იმედის ყოფილი ჟურნალისტი შალვა რამიშვილს სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებს. მისი თქმით, მტკიცებულების სახით საქმეში ჩანაწერი დევს.

„ჩანაწერის ავთენტურობა დადასტურებულია. ჩანაწერში მკაფიოდ და მკვეთრად ისმის შალვა რამიშვილის ერთგვარი აღიარება, რომ მან სექსუალური შინაარსის შეთავაზება ნამდვილად გააკეთა,“ – აღნიშნა მარი კურტანიძემ.

წყარო: rustavi2.ge