სექსუალობა

მენოპაუზა

????????????????????????????????????

ლილი გვარამაძე, MD

მეან-გინეკოლოგი, რეპროდუქტოლოგი

მენოპაუზა არის პერიოდი ქალის ცხოვრებაში, რომელიც გამოიხატება მენსტრუალური ციკლის სრული შეწყვეტით. მენოპაუზა მოსდევს რეპროდუქციულ ასაკს და გრძელდება სიცოცხლის ბოლომდე. ეს არ არის დაავადება. მენოპაუზა წარმოადგენს ქალისთვის ფიზიოლოგიურ მოვლენას, რომელიც შეიძლება დაიწყოს ნებისმიერ ინტერვალში, 40 წლიდან 58 წლამდე. 40 წლამდე დაწყებული მენოპაუზა ითვლება ნაადრევად. მენოპაუზის დადგომის საშუალო ასაკი შეადგენს 51 წელს.

უფრო ზუსტად რომ განვმარტოთ, მენოპაუზად ითვლება მდგომარეობა, როდესაც ქალს 12 თვის განმავლობაში არც ერთი სპონტანური მენსტრუაცია აღარ მოსვლია.

მენოპაუზას წინ უძღვის პერიმენოპაუზა, რომელიც არის ტრანზიტორული/გარდამავალი პერიოდი და ხასიათება მენსტრუალური ციკლის დარღვევით, კერძოდ, მენსტრუაციებს შორის შუალედის გაზრდით და კლიმაქსისთვის დამახასიათებელი გარკვეული ჩივილების წარმოჩენით. თუმცა, რიგ შემთხვევებში, მენსტრუაციებს შორის შუალედი შეიძლება შემცირდეს. თუ მენსტრუალური ციკლი იქნება ანოვულატორული, მოსალოდნელია ენდომეტრიუმის არასრული ჩამოფცქვნა მენსტრუაციის დროს. ზოგჯერ პერიმენოპაუზაში ვითარდება სისხლდენებიც, რაც დროულ შეფასებას და ჩარევას საჭიროებს. პერიმენოპაუზა მოსდევს ქალის რეპროდუქციულ პერიოდს და გრძელდება რამდენიმე თვიდან რამდენიმე წლამდე, სანამ მენტრუალური ციკლი სრულად არ შეწყდება.

ხოლო, პერიოდი, რომელიც იწყება მენოპაუზის შემდეგ არის პოსტმენოპაუზა – პერიოდი მენოპაუზის დადგომიდან სიცოცხლის ბოლომდე. პოსტმენოპაუზაში სისხლიანი გამონადენი ან სისხლდენა მოითხოვს დაუყონებლივ ექიმთან მიმართვიანობას, მდგომარეობის შესაფასებლად.

პერიმენოპაუზასა და მენოპაუზაში ქალის ორგანიზმში განვითარებული ცვლილებები განპირობებულია განსაზღვრული ჰორმონალური ძვრებით. პერიმენოპაუზა ორგანიზმისთვის ერთგვარი გარდატეხის პერიოდია, რომლის მიზეზია საკვერცხეების ფუნქციონირების შეწყვეტა, მათი რეზერვის ამოწურვის გამო. იცვლება ქალის ჰორმონული სპექტრი, კერძოდ კი, საკვერცხის მიერ წყდება ქალის ჰორმონების: ესტროგენისა (ესტრადიოლის) და პროგესტერონის გამომუშავება. ესტროგენების მთავარი ფრაქციის – ესტრადიოლის დონის მნიშვნელოვანი შემცირებით გამოწვეულია ყველა ის ცვლილება, თუ ჩივილი, რომელიც თავს იჩენს კლიმაქტერულ პერიოდში. ორგანიზმში ცირკულირებას აგრძელებს ესტროგენების სხვა ფორმა – ესტრონი, რომელიც გამომუშავდება მხოლოდ ცხიმოვან ქსოვილში. ესტროგენების დონის შემცირების ფონზე გამოიკვეთება მამაკაცის ჰორმონების – ანდროგენების შეფარდებითი  სიჭარბე.

მენოპაუზაში შეინიშნება ცვლილებები ვეგეტაციური, ნერვული, ძვლოვანი, გულ-სისხლძარღვთა სისტემების მხრივ. პერიმენოპაუზაში, მენსტრუალური ციკლის სრულ შეწყვეტამდე შეიძლება თავი იჩინოს შემდეგმა ჩივილებმა, როგორებიცაა: წამოხურებები – ე.წ. „ალები“, ღამით მომატებული ოფლიანობა, უძილობა, ცვლილებები ხასიათის მხრივ, საშოს სიმშრალე, დისკომფორტი სქესობრივი კონტაქტის დროს, კანის სიმშრალე, წონის მატება, ბუნება-განწყობის ცვლილება და სხვა.

ესტროგენის სიმცირის გამო ზომაში მცირდება საკვერცხეები და საშვილოსნო, საშოს ლორწოვანის ეპითელიუმი უფრო თხელდება და დროთა განმავლობაში ატროფიულ ცვლილებებს განიცდის. მენოპაუზა გავლენას ახდენს, ასევე, ჰორმონდამოკიდებულ გინეკოლოგიურ პათოლოგიებზე, მაგალითად: ზომაში მცირდება საშვილოსნოს მიომები და უკან იწევს ენდომეტრიოზი თავისი სიმპტომატიკით. ნამშობიარებ ქალებში შორისის კუნთოვანი შრის ტონუსის შემცირება, შარდ-სასქესო სისტემის ორგანოების დაწევა და შარდის შეუკავებლობა, რომელიც, ასევე, განპირობებულია ჰიპოესტროგენული მდგომარეობით, წარმოადგენს კლიმაქტერიული ასაკის ერთ-ერთ ხშირ პრობლემას. ანდროგენების შედარებითი სიჭარბის გამო შესაძლებელია განვითარდეს აკნე და/ან ჭარბთმიანობა.

მენოპაუზის ლაბორატორიული მარკერია – ფოლიკულომასტიმულირებელი ჰორმონის (FSH) მატება და ესტრადიოლის დონის შემცირება.

ფიზიოლოგიური მენოპაუზის დაჩქარება შეუძლია შემდეგ ფაქტორებს, როგორებიცაა: ნიკოტინის მოხმარება, აუტოიმუნური დაავადებები, ქიმიო- და/ან სხივური თერაპია და სხვა. საკვერცხეების ამოკვეთა ოპერაციული გზით გამოიწვევს ხელოვნურ მენოპაუზას.

პოსტმენოპაუზაში მოსალოდნელია გარკვეული გართულებების განვითარება, რომლებიც განპირობებულია ესტროგენების დეფიციტით, მაგალითად: ოსტეოპოროზი (ძვლოვანი სისტემის „გამოფიტვა“), გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებები, ალცჰეიმერის დაავადება. ოსტეოპოროზის დროს მატულობს პათოლოგიური მოტეხილობის რისკი.

პერიმენოპაუზის, მენოპაუზის და პოსტმენოპაუზის მიმდინარეობა განსხვავებულია ქალებში და საჭიროებს ექიმის მეთვალყურეობას, განსაკუთრებით ისეთ შემთხვევებში, როდესაც ამ მდგომარეობით გამოწვეული ჩივილები ამცირებენ ქალის ცხოვრების ხარისხს და უქმნიან ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ პრობლემებს. ქალების ცხოვრების დაახლოებით ერთი მესამედი  სწორად ამ პერიოდს მოიცავს. დაუშვებელია ამ ჩივილების „მოთმენა“ და უგულებელყოფა.

მენოპაუზის მართვის სხვადასხვა მეთოდი არსებობს: ზოგადი რეკომენდაციები ცხოვრების წესთან დაკავშირებით და მედიკამენტოზური ჩარევა. მენოპაუზის სამართავად გამოსაყენებელი მედიკამენტები შეიძლება დახარისხდეს, როგორც: მცენარეული-ფიტოესტროგენები, ჩანაცვლებითი ჰორმონოთერაპია და ანტიდეპრესანტები, რომლებსაც შეუძლიათ კლიმაქსის გარკვეული ჩივილების შემსუბუქება. მედიკამენტების თითოეულ ჯგუფს აქვს თავისი ჩვენება და უკუჩვენება.

მენოპაუზაში  ჩანაცვლებით ჰორმონოთერაპიის დაწყება უზრუნველყოფს რეგულარულ მენსტრუალურ ციკლს, ჩივილების შემცირებას/გაქრობას, ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას და მომავალში გარკვეული დაავადებების რისკის შემცირებას. ჩანაცვლებითი ჰორმონოთერაპიის საშუალებით ორგანიზმი იღებს იმ ჰორმონებს, რომლებსაც ვეღარ გამოიმუშავებს თავად. ჩანაცვლებითი ჰორმონოთერაპიის დაწყება შესაძლებელია უკუჩვენებების არარსებობის შემთხვევაში და საჭიროებს პერიოდულად ექიმის მეთვალყურეობას.