სტატიები / ქალზე ძალადობა

მენსპლეინინგი – როცა კაცები საუბარს გვაწყვეტინებენ

მენსპლეინინგი ბევრი ჩვენგანისთვის ნაცნობი მდგომარეობაა – როცა, მაგალითად, კაცი ქედმაღლურად უხსნის რაღაცას ქალს, მისი სქესის გათვალისწინებით. ხშირად, ეს არის კაცის მხრიდან ქალისთვის გულწრფელი დაყვედრება ნებისმიერი სახის კამათში ჩართულობისას: „თქვენ მომხიბლავი ქალი ხართ, მაგრამ საერთოდ არ გესმით, რას საუბრობთ“. ზოგჯერ, საერთო საუბრიდან კაცები ქალს ავტომატურად გამორიცხავენ ხოლმე, იმ მოტივით, რომ საუბრის თემა სრულიად „არაქალურია“. ამავე დროს, ქალებისთვის განკუთვნილი ჟურნალები და ფორუმები სავსეა რჩევებით, თუ როგორ უნდა მოიკატუნოს თავი ქალმა და სრულ უვიცად მოაჩვენოს ყველას თავი იმ შემთხვევაში, თუ ეს თანამოსაუბრე კაცის თავმოყვარეობას აამებს.

თავად მენსპლეინინგის ცნება გაცილებით ადრე არსებობდა, ვიდრე – მისი აღმწერი სიტყვა. ჯერ კიდევ სიმონ დე ბოვუარი ჩიოდა, რომ მას ძალიან აღიზიანებდა, როცა დისკუსიის დროს, პასუხად იღებდა მსგავს ფრაზას: „თქვენ ასე იმიტომ ფიქრობთ, რომ ქალი ხართ“. ბოვუარს მუდმივად სურდა, ამაზე ეპასუხა: „მე ასე იმიტომ ვფიქრობ, რომ ეს სიმართლეა“. წარმოდგენები ყბადაღებული „ქალური ლოგიკის“ შესახებ, ანუ იმაზე, თითქოს ქალები სხვაგვარად (შეზღუდულად) აზროვნებენ, ყოველთვის არსებობდა – ეს კაცებს საფუძველს აძლევდა, ქალების ნათქვამი უყურადღებოდ დაეტოვებინათ ან მათთვის ყურის დაგდება დაეყვედრებინათ.

სიტყვა „მენსპლეინინგი“ ფემინისტურ ლექსიკაში რებეკა სოლნიტის (Rebecca Solnit) ესსეს „კაცები ცხოვრებას მასწავლიან“ (Men Explain Things to Me) გამოსვლის შემდეგ გაჩნდა, სადაც ავტორი იმის შესახებ საუბრობს, თუ როგორ უყვართ კაცებს ქალებისთვის ჭკუის დარიგება, განურჩევლად იმისა, თუ რამდენად კომპეტენტურნი არიან კონკრეტულ საკითხში. სონლიტი იხსენებს, თუ როგორ გააბა ერთ-ერთ საღამოზე სახლის პატრონმა მასთან საუბარი და აღნიშნა, რომ მისი თხზულებები წაუკითხავს. სოლნიტმა თანამოსაუბრესთან თავისი ბოლო ნაწარმოების შესახებ საუბარი წამოიწყო, რომელიც ფოტოგრაფ ედვარდ მაიბრიჯს (Eadweard Muybridge) ეძღვნებოდა. კაცმა მას საუბარი მაშინვე შეაწყვეტინა და ჰკითხა, სმენია თუ არა მას ამ ფოტოგრაფისადმი მიძღვნილი შესანიშნავი წიგნის თაობაზე. სოლნიტი მალევე მიხვდა, რომ მასპინძელი მის წიგნზე საუბრობდა. საუბრის დროს, რებეკას მეგობარმა ძლივს ჩააგდო სიტყვა იმაზე, რომ მასპინძლის წინაშე წიგნის ავტორი იდგა.

ამ თითქოს შემთხვევითი ეპიზოდის მიღმა, სინამდვილეში, კაცის ქცევის ტრადიცია იმალება, რომელიც ქალს ხმას აკმენდინებს. მაგრამ, მენსპლეინინგი ურთიერთობის მხოლოდ ქედმაღალი მანერა როდია. ეს არის კაცის თვისება, პირში ბურთი ჩასჩაროს ქალს, უყურადღებოდ გაატაროს მისი საუბარი, გააუფასუროს მისი ნათქვამი. ამ დროს, კაცი აპრიორი მართალის პოზიციაშია, და თითქოს უნიკალურ ცოდნას ფლობდეს. რაღა თქმა უნდა, ქედმაღალი და უპატივცემულო საუბარი ნებისმიერ ადამიანს შეუძლია, და კაცის მიერ გაკეთებული ყველა შენიშვნა თანამოსაუბრე ქალის დამცირების მცდელობა არაა, მაგრამ უმეტესწილად, მენსპლეინინგი ასახავს გაბატონებულ როლურ ასიმეტრიას, რომელიც უპირატესობას კაცს ანიჭებს.

თუ სტერეოტიპებს დავუჯერებთ, ქალები კაცებზე მეტს ლაპარაკობენ. სინამდვილეში, ეს ასე არაა. იმის გარკვევის მცდელობაში, ვინ უფრო მეტს საუბრობს, ქალები თუ კაცები, – ჩვენ ხშირად წარმოთქმული სიტყვების რაოდენობას ვაქცევთ ყურადღებას და არა – სიტუაციას, რომელშიც ამ სიტყვებმა გაიჟღერა. ბრიგამ იანგისა (Brigham Young University) და პრინსტონის უნივერსიტეტების მეცნიერების მიერ ჩატარებული კვლევები გვიჩვენებს, რომ საქმიანი შეხვედრების დროს, ქალები სულ ცოტა მეოთხედით ნაკლებს საუბრობენ, ვიდრე – კაცები. ამ დროს, თუ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები მიიღება, ქალები დისკუსიის მიღმა რჩებიან. უფრო მეტიც: კაცების ხმა დომინირებს მედიასივრცეშიც (თუმცა, მედია ამ თვალსაზრისით შედარებით კეთილსაიმედო ბაზრად მიიჩნევა). The OpEd Project-ის კვლევის შედეგად, ქალებს ახალ ონლაინ მედიებში ტექსტების 33%, ტრადიციულ მედიებში კი, მაგალითად, The New York Times-ში ან The Wall Street Journal-ში, 22% ეკუთვნით. თუმცა, ეს გენდერული დისბალანსი პოლიტიკურ მედიასივრცეში კი არა, ჯერ კიდევ სკოლაში ყალიბდება.

კვლევები გვიჩვენებს, რომ სკოლის გაკვეთილებზე ან საუნივერსიტეტო ლექციებზე ბიჭები გაცილებით მეტს საუბრობენ, – მათ მეტს ეკითხებიან და მეტი წახალისებაც აქვთ კაცი მასწავლებლების მხრიდან. მკვლევარების დაკვირვებით, სიტუაცია იცვლება, თუ გაკვეთილს ქალი მასწავლებელი უძღვება. ქალი პედაგოგი გოგონებს მეტი აქტიურობისკენ მოუწოდებს.

რა არის ამგვარი ვერბალური დისბალანსის მიზეზი? ადრეული ბავშვობიდან, გოგონებში ზრდილობასა და მორჩილებას ახალისებენ, რადგან ამ თვისებებს „ქალურად“ მიიჩნევენ, მაშინ, როცა ბიჭებში საზოგადოება აქტიურობასა და მებრძოლ ხასიათს წვრთნის. ხშირად, კამათის აგრესიული მანერა ბიჭისთვის მისაღებია, გოგოსთვის კი – კატეგორიულად მიუღებელი. ამით ნათქვამია, რომ მშვიდი და უდრტვინველი ქცევა – „ქალს შეშვენის“.

ამგვარი მიდგომის უსამართლობაზე საუბრობს სორაია ჩემალი (Soraya Chemaly), WMC Speech Project-ის დირექტორი და გენდერულ საკითხებზე სტატიების ავტორი. მეხუთე კლასში, სორაიამ კლასში ყველაზე ზრდილი მოსწავლის წოდება მოიპოვა, მაშინ, როცა მისი ძმა სკოლის მთავარი ხუმარას წოდებით სარგებლობდა. ისინი „ახალგაზრდა ლედისა“ და „ონავარის“ ტიპურ როლებს ასრულებდნენ მხოლოდ იმიტომ, რომ გოგონას აღზრდის მიმართ, ოჯახი გარკვეულწილად მკაცრია: მას ყურადღებით, მშვიდად მოსმენას და საუბარში არჩარევას ასწავლიან. საბოლოო ჯამში, ზრდასრული გოგონები ხედავენ, რომ ქალებს გაცილებით ხშირად აწყვეტინებენ სიტყვას, ვიდრე – კაცებს. რა თქმა უნდა, თანამოსაუბრეს ზოგჯერ იმის გამო აწყვეტინებენ სიტყვას, რომ მას დაეთანხმონ ან არ დაეთანხმონ, მაგრამ, სამწუხაროდ, უმეტეს შემთხვევაში, საქმე ეხება საუბარზე და შესაბამისად მთლიანად სიტუაციაზე კონტროლის აღებას.

ამ მხრივ, ნიშანდობლივია მკვლევარი ბენ ბარესის (Ben Barres) ისტორია, რომელიც სამეცნიერო საზოგადოებაში ტრანსგენდერული ტრანზიციამდელი და შემდგომი პერიოდების გამოცდილებაზე საუბრობს. ჯერ კიდევ ქამინგ აუთამდე, როცა იგი ცნობილი იყო, როგორც ბარბარა ბარესი, მეცნიერი მუდმივად აწყდებოდა დისკრიმინაციას: პროფესორის მხრიდან, რთული მათემატიკური ამოცანის ამოხსნის შედეგად, იღებდა დამამცირებელ კომენტარებს: „ალბათ, ეს შენმა ბოიფრენდმა ამოხსნა“. სიტუაცია რადიკალურად შეიცვალა ტრანზიციის შემდეგ. ის კოლეგები, რომლებმაც არაფერი იცოდნენ იმის შესახებ, რომ ბენი ტრანსგენდერი კაცი იყო, არასოდეს აყენებდნენ ეჭვქვეშ მის ავტორიტეტს და ყურადღებით უსმენდნენ მას შეხვედრებზე. ბენის თქმით, იგი მიუჩვეველი იყო სიტუაციას, როდესაც მთელი წინადადების დასრულება შეეძლო კოლეგა კაცის მხრიდან საუბრის შეწყვეტის გარეშე.

ბენის ისტორია გვეუბნება, რომ სხვა ადამიანის საუბრის მიმართ უყურადღებობა უკავშირდება არა სოციალურ სტატუსს, არამედ – გენდერულ როლებს. ელიზაბეტ უორენთან (Elizabeth Warren) დაკავშირებული ამბავი მოწმობს, რომ მენსპლეინინგისგან თავს ვერ დაიცავს ქალი მაშინაც კი, თუ მას მეცნიერის ან განყოფილების უფროსის სტატუსი აქვს. მას შემდეგ, რაც უორენს სენატის სხდომაზე სიტყვა არ მისცეს, მისი ფრაზა „არ გამაფრთხილეს, არ ამიხსნეს, მაგრამ მაინც განაგრძე“, ქალთა უფლებებისთვის ბრძოლის ახალ სიმბოლოდ იქცა.

ვიდრე მნიშვნელოვანი თათბირების დროს ქალებს მუდმივად ჰკითხავენ, დარწმუნებული ხარ შენი გადაწყვეტილების სისწორეშიო, ან უფრო უარესი – საერთოდ არაფერს ჰკითხავენ, – მენსპლეინინგი ქალის კარიერის განვითარებისთვის სერიოზულ წინაღობად დარჩება. ბენ ბარისის აზრით, ქალის კარიერულ წინსვლას აფერხებს ის, რომ მას საჯარო დისკუსიების მიღმა ტოვებენ და მის სიტყვებს არასერიოზულად აღიქვამენ, და არა – თანდაყოლილი უნარები და ოჯახისა და სამსახურის შეთავსების სირთულეები. მაგალითად, შვედურმა პროფკავშირმა Unionen ცხელი ხაზი გაუშვა მენსპლეინინგთან საბრძოლველად, სადაც ქალებს ფსიქოლოგიური დახმარების მიღება შეუძლიათ.

მენსპლეინინგის იგნორირება სახიფათოა. იმის გამო, რომ კაცები საარტიკულაციო სივრცეებში დომინირებენ, ქალის ხმა პოლიტიკაში, მედიასა და კულტურაში ჩაკარგულია. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები მიიღება მისი აზრის გათვალისწინების გარეშე, ხოლო სიტუაცია სერიალიდან Silicon Valley, სადაც გმირი მენსპლეინინგის ცნებას უკეთებს მენსპლეინინგს, არცთუ ისე შორ რეალობაც ჩანს. კაცის ხმის მიერ ქალის ხმის გადაფარვის მიღმა სხვა სერიოზული პრობლემებიც დგას: ვიდრე საზოგადოება ქალის სიტყვას სერიოზულად არ აღიქვამს, სამწუხაროდ, ძალადობის მსხვერპლთა საუბარსაც არ დაუჯერებენ და მომხდარშიც მას დაადანაშაულებენ.

როდესაც ოლიმპიელმა ველომრბოლელმა ანემიეკ ვან ვლიოტენმა (Annemiek van Vleuten) ტვიტერზე თავისი ავარიის შესახებ დაწერა, ერთ-ერთი მომხმარებელი შეეცადა, მისთვის ველოსიპედის მართვა ესწავლებინა.

დისნეის ანიმაციურ ფილმებში, საშუალოდ, ქალები სამჯერ ნაკლებს საუბრობენ კაცებთან შედარებით. განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაა ამ მხრივ 1990-იანი წლების შემდეგ გამოშვებულ ფილმებში.

სორაია ჩემალი ამბობს, რომ თითოეულმა გოგონამ სამი ფაზა უნდა გაიაროს: „ნუ მაწყვეტინებთ“, „სწორედ ეს ვთქვი“ და „ახსნა საჭირო არაა“. შეუპოვრობა „მძიმე“ ხასიათის გამოვლინება ყოველთვის როდია: სწორედ ეს თვისებაა საჭირო საქმიან და სხვადასხვა სიტუაციაში, სადაც საკუთარი მოსაზრების დაცვაა საჭირო. ხშირად, ქალის დუმილის მიღმა თავდაჯერების ნაკლებობაც იმალება, რომელსაც „ახალგაზრდა ლედის“ არასოდეს უნერგავენ. ბიჭებში ამ თვისებას დებატებისა და შეჯიბრებების მეშვეობით აღვივებენ, ხოლო ქალებს მხოლოდ კაცის თავმოყვარეობისთვის ქედის მოხრას ასწავლიან: მათ პირდაღებულებმა უნდა უსმინონ თავიანთ რჩეულებს და აღტაცება გამოთქვან მისი ერუდიციის გამო, თან საგულდაგულოდ დამალონ, რომ გაგონილი მათთვის სიახლე სულაც არ ყოფილა. შედეგად, ქალი იძულებულია, ან დადუმდეს და დათანხმდეს, ან – მიიღოს კაცის თამაშის წესები, რომ მოუსმინონ. მაგრამ, არსებობს მესამე ვარიანტიც – ელიზაბეტ უორენის მაგალითით მოქმედება: „ჩვენ გვაწყვეტინებენ, ჩვენ გვიხსნიან. მაგრამ, ჩვენ განვაგრძობთ!“.