სტატიები

მერეტ ოპენჰაიმი – სიურეალიზმის ემანსიპირებული სიმბოლო

დღეს, მერეტ ოპენჰაიმს 104 წელი შეუსრულდებოდა.

ბეწვის ბრჭყალებიანი ხელთათმანები, ნისლში გაცრეცილი ფიგურები, ლუდის კათხა ციყვის კუდით, საკუთარი თავის გროტესკული რენტგენოგრამა – მერეტ ოპენჰაიმის (Meret Oppenheim) შემოქმედება ერთ კონკრეტულ სტილს არ განეკუთვნება. მისი თითოეული ახალი აზრი ახალ ამპლუაში ისხამდა ხორცს. ფორმებისა და მასალების მრავალფეროვნება მხატვარი ქალის ხასიათს ასახავდა.

16 წლის მერეტის სასკოლო რვეულში, სავარჯიშოების ნაცვლად, გროტესკული იდეები და მიგნებები ბინადრობდა. „X=კურდღელს“, – ეს უჩვეულო ტოლობა მერეტმა თეთრ-წითელ გამაში დახატა. ამის შემხედვარე გოგონას მამამ, პროფესიით ექიმმა, შვილი სახელგანთქმულ ფსიქიატრთან კარლ გუსტავ იუნგთან (Carl Gustav Jung) ჩაწერა. მერეტთან საუბრის შემდეგ, იუნგმა მეგობარი დაამშვიდა. მისი აზრით, გოგონა გარე სამყაროს იმეცნებდა და საკუთარ დასკვნებს აკეთებდა. მეცნიერის თქმით, ეს ხანგრძლივი პროცესი იყო, რაც, სავარაუდოდ, დროთა განმავლობაში კიდევ უფრო გაღრმავდებოდა.

1913 წლის 6 ოქტომბერს ბერლინში დაბადებულ გოგონას, ოპენჰაიმების ახალგაზრდა წყვილმა, გოტფრიდ კელერის (Gottfried Keller) ცნობილი რომანის „მწვანე ჰაინრიხის“ (Der grüne Heinrich) პერსონაჟის, მშვენიერი და მაგიური ძალით დაჯილდოებული კუდიანის მერეტლაინის (Meretlein) სახელი უწოდა. ეს სახელი პატრონს საოცრად მოუხდა. მერეტიც ისეთი ჭირვეული და თავისუფლებისმოყვარე იზრდებოდა, როგორც მისი ლიტერატურული სეხნია. „თავისუფლება არაფრისგან არ იქმნება, მას მოპოვება უნდა“, – ასეთი იყო მისი დევიზი.

18 წლის მერეტმა სკოლა და შვეიცარიაში მცხოვრები ოჯახი დატოვა და პარიზისკენ გაემართა, რათა  მხატვრობას დაუფლებოდა. სენას ნაპირებზე, ნორჩი გოგონა მართლაც ეუფლება ფერწერას, მაგრამ მისი ინტერესის ობიექტები, ფერწერაზე მეტად, სიურეალისტი მხატვარი კაცები არიან. მაქს ერნსტი (Max Ernst), ალბერტო ჯაკომეტი (Alberto Giacometti), მარსელ დიუშანი (Marcel Duchamp), კურტ ზელიგმანი (Kurt Seligmann) მალე მისი განუყრელი მეგობრები ხდებიან. მათ ზუსტად ის არასტანდარტული მსოფლმხედველობა აერთიანებთ, რაც მერეტმა ორი წლის წინ „კურდღლის ტოლობაში“ გამოხატა.

მისი ლეგადარული ”საუზმე ბეწვეულში” – აბსურდის აპოგეა და საგნობრივი სიურეალიზმის ეტალონია – 1936 წელს იგი ნიუ-იორკის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმის ერთ-ერთი თვალსაჩინო ექსპონატად იქცა.

შიშველმა მერეტ ოპენჰაიმმა სწორუპოვარი ფოტოგრაფის მან რეის (Man Ray) წინაშე პოზიორობაც გადაწყვიტა. სახელოვნებო წრეებში, მერეტი თანდათან დაფასებული პერსონა ხდება. „ვინ აკრავს კოვზს ძვირფას ბეწვს? – მერეტლაინი. ვინ დგას სხვებზე ერთი თავით მაღლა? – მერეტლაინი“, – წერს მასზე მაქს ერნსტი.

პარიზის ბოჰემის ნებიერა თავადაც ქმნიდა, ირონიულ, აბსურდულ მანერაში მუშაობდა, რის გამოც, სიურეალიზმის ერთ-ერთ კლასიკოსად იქცა.

მაგრამ, მერეტი „სიურეალისტთა გასართობად“ ყოფნას არ აპირებდა. იგი მხატვართა შორის თანასწორობას ქადაგებდა, ხელოვნებაში გენდერულ განსხვავებებს უარყოფდა, ყველაფერ შესაძლებელს აკეთებდა იმისათვის, რომ მოძველებული „ქალური“ სტერეოტიპები დაემსხვრია. მის შემოქმედებაში ერთ-ერთი უმთავრესი თემა ქალის ემანსიპაციას უკავშირდება. იგი ხშირად მიმართავს ეროტიკის თემასაც, თუმცა, იუმორის თანხლებით.

1937 წელს, მერეტი იძულებული გახდა, შვეიცარიაში დაბრუნებულიყო. ბერნში, სადაც ცხოვრების ბოლომდე რჩება, იგი კომერსანტ ვოლფგანგ ლა როშს (Wolfgang la Roche) მიჰყვება ცოლად. თავის სახელოსნოში, მერეტი სრულ შემოქმედებით აღმაფრენას განიცდის, ქმნის თითქმის ხილული ღრუბლების გამოსახულებებს, ძვლებისა და ჩალისგან აწყობილ ყელსაბამებს, ჰაერში მოლივლივე შენობების მონახაზებს…

მერეტ ოპენჰაიმის შემოქმედებას მითები, სიზმრები და თამაშები შთააგონებდა. იგი არასოდეს ამბობდა უარს შემოქმედებით თავგადასავლებზე, იყენებდა ნიღბებს, ბუნებრივ მასალებს, და ნივთებს სიტყვებს უთავსებდა. ზმანებასა და რეალობას შორის ზღვრის არარსებობა, მის შემოქმედებას სიურეალიზმის ფანტაზიებით აღსავსე ბურუსში ხვევდა.