მარტიდან, საფარმა და ვებპლატფორმამ “ნაამბობი” ახალი კამპანია, მეც შვილი ვარ, დაიწყეს, რომელიც ადამიანებს მემკვიდრეობის გადანაწილებისას გენდერული წინასწარგანწყობების დაძლევისკენ მოუწოდებს.
ფეისბუქ კამპანია “მეც შვილი ვარ” ძირითადად აგებულია რესპონდენტების ცოცხალ ისტორიებზე მემკვიდრეობის გადანაწილებასთან დაკავშირებით და სააშკარაოზე გამოაქვს ჩვენს ჩვეულებით სამართალსა თუ კულტურაში გამჯდარი ბევრი უსამართლო ტრადიცია.
შორენა გაბუნია, “საფარი”, პროექტის კოორდინატორი: “ამ ონლაინ კამპანიის წამოწყების იდეა საფარის ბენეფიციარების ურიცხვი ისტორიის მოსმენის შედეგად დაგვებადა, რადგან ძალადობისგან გაქცეული ქალი, ხშირ შემთხვევაში, სრულიად უსახლკაროდ რჩება. ქალის, როგორც უძრავი ქონების მემკვიდრის, იგნორირება ჩვენში ფაქტობრივად მის გაწირვას ნიშნავს. ბევრი მშობელი ამას არ აცნობიერებს. ჩვენ მიერ შეკრებილი ისტორიებიდანაც ნათლად ჩანს, რომ მშობლები უბრალოდ მიყვებიან შვილებს შორის მემკვიდრეობის განაწილების “ტრადიციულ” სქემას და ისინი ერთგვარად ყველანაირ ვალდებულებას იხსნიან, იზრუნონ გოგო შვილებზე და მხარი დაუჭირონ მათ.
ჩვენს ქვეყანაში არსებული ხელფასებით თუ ვიმსჯელებთ, წარმოუდგენელია, სრულწლოვნებაში ახლახან შესულმა ადამიანმა, რომელსაც არ გააჩნია პროფესია და მხოლოდ სწავლობს, იმდენი თანხა გამოიმუშაოს, რომ ბინის დაქირავება და დამოუკიდებლად თავის შენახვა შეძლოს. ასევე წარმოუდგენელია, დაბალი შემოსავლის მქონე ან ამასაც მოკლებულმა ქალმა მოძალადე ქმრის კლანჭებისგან დაიხსნას თავი, როდესაც ელემენტარული საცხოვრებელი არ აქვს. ანუ, რა გამოდის? ქმარმა იცის, რომ მისი ცოლს წასასვლელი არსად აქვს და მას ამით ხელფეხი ეხსნება, დაუსრულებლად და დაუსჯელად იძალადოს ცოლსა და ბავშვებზე.
ამრიგად, მშობლების მხრიდან ქალი შვილის, როგორც უძრავი ქონების მემკვიდრის, იგნორირებას უმძიმეს შედეგებამდე მივყავართ, რაც, შესაძლოა, ცხოვრებაში ქალის მნიშვნელოვნად ჩამორჩენის, მისი ჩაგვრის მიმართ დაქვემდებარებისა და ხშირად ფემიციდის მიზეზიც კი გახდეს.
მეორე საკითხია, როდესაც თავად ქალებსაც ესირცხვილებათ მემკვიდრეობის კუთვნილი წილის მოთხოვნა, რადგან აქაც ტრადიციებს და ნათესავ-ახლობელთა ულმობელ შეფასებებს აწყდებიან: “ძმას სახლი გააყიდინა”, “უსინდისო, იმის ნაცვლად, რომ გათხოვდეს და თავისი ქონება შეიძინოს, ოჯახს ედავება” და ა. შ. ამიტომაცაა, რომ განურჩევლად იმისა, თუ რა ეკონომიკურ საჭიროებებს განიცდის ქალი, მას “ანამუსებენ”, რომ ქონება ძმას/ძმებს დაუთმოს და თავად დაქორწინდეს ან რამე სხვა მიზეზით გაათავისუფლოს მშობლებისეული საცხოვრისი.
პრობლემა იმდენად სიღრმისეულია, რომ ჩვენს გვერდზეც იგრძნობა ეს – ქალების დიდ უმრავლესობას არ სურს, თავისი ისტორია არაანონიმურად გამოქვეყნდეს. ხშირად განსაკუთრებით გვთხოვენ, რომ მათი ვინაობის მიმანიშნებელი დეტალებიც კი ამოვიღოთ ისტორიებიდან…
დროა, ამ თემაზე საზოგადოებაში ფართო დისკუსია გაიშალოს და ადამიანებმა, პირველ რიგში მშობლებმა, შემდეგ ქონებაწართმეული ქალების ძმებმა და თავად ქალებმაც კარგად გააცნობიერონ, რომ მემკვიდრეობის გადანაწილებას გენდერი არ გააჩნია”.
“პროექტზე მუშაობისას ვკითხულობ ისეთ ისტორიებს, რომლებიც ნამდვილად არ მეგონებოდა მართალი, უშუალოდ მე რომ არ ვიყო ჩართული. ქალები, რომლებიც მშობლების სურვილით დაიბადნენ, მათივე გადაწყვეტილებით ღია ცის ქვეშ მხოლოდ საკუთარი სქესის გამო რჩებიან. ტრადიციად დამკვიდრებული უსამართლობა კი იმდენად ღრმადაა ჩვენს საზოგადოებაში გამჯდარი, რომ მსხვერპლებიც კი ვერ აღიქვამენ ამას დანაშაულად.
ქალების მონათხრობებს ვიზუალურად ვამუშავებ, ვცდილობ, თითოეულ ისტორიას შესაბამისი, საკვანძო ან გადამწყვეტი ფოტო და ფრაზად ქცეული ჩარჩო მივუსადაგო, ეს კი, თავის მხრივ სიმბოლურია, რადგან ჩარჩოებში მოქცეული საზოგადოება თვითონ ამ აკრძალვებითვე ზარალდება.
ონლაინ კამპანიის “მეც შვილი ვარ”ფოტო თუ ვიდეო მასალაზე მუშაობა განსხვავებული და საინტერესოა, რადგან შესაძლებელია, უშუალოდ რესპოდენტები არ ჩანდნენ ეკრანზე, მაგრამ კადრები ყვებოდეს მათ ისტორიებს.
იმედი მაქვს, რომ პროექტი მთელს საქართველოს მოიცავს, ცნობიერებას თუ დამოკიდებულებას შეცვლის ქვეყანაში და ყველა მშობელი მიხვდება, რომ შვილების განსხვავება არ შეიძლება, რადგან მათი დაბადების წამიდანვე, მათზე პასუხისმგებლობა იკისრეს”, – ამბობს გვანცა კორძახია ვებპლატფორმა “ნაამბობიდან”, კამპანიის ფოტო და ვიდეომასალების ავტორი.
ონლაინ კამპანია ღიაა ნებისმიერი მსურველისთვის, რომელსაც ამ თემაზე საკუთარი პოზიციის დაფიქსირება სურს. მისი ავტორები საზოგადოებას მაქსიმალური ჩართულობისკენ მოუწოდებენ და სთხოვენ, თამამად ისაუბრონ თავიანთ როგორც პოზიტიურ, ასევე ნეგატიურ გამოცდილებებზე ამ საკითხთან დაკავშირებით.