სექსუალობა

“მკე*დი” – ქალის სხეულის ირგვლივ ედინბურგის ფესტივალზე

ქალის მკერდი მხოლოდ მას არ ეკუთვნის. შეიძლება, იფიქრო, რომ მხოლოდ შენია. ბოლოს და ბოლოს, მკერდი ხომ შენი სხეულის ნაწილია. შენი ხორცისა და კანისგან შედგება. მაგრამ მკერდი საჯარო საკუთრებაა და ამას პატარაობაშივე სწავლობ. მაგალითად, ცოტა ხნის წინ, V&A-ს ერთ-ერთ მაღაზიაში ქალს, რომელიც ბავშვს ძუძუს აჭმევდა, უთხრეს, რამე მოიფარეო. არადა, მაღაზიების ამ ქსელში მკერდის გამადიდებელ ბიუსტჰალტერებს ყიდიან, მათ შორის, შვიდი წლის გოგონებისთვისაც კი.

ედინბურგის არტ ფესტივალზე, რომელიც აგვისტოს განმავლობაში მიმდინარეობს, განსაკუთრებული ყურადღება მიიპყრო პიესამ, რომელიც სწორედ ამ საკითხებს წამოწევს წინ.

მონიკა დოლანი თავის პროვაკაციულ სადებიუტო პიესაში, “მკე*დი” (“the B*easts”), გვიყვება ქალზე, რომელიც გადაწყვეტს, თავის რვა წლის გოგონას მკერდის გადიდების ოპერაცია გაუკეთოს და ამით ყვითელი პრესის დიდ ყურადღებასა და საზოგადოების ზიზღს დაიმსახურებს.

დოლანი ამ ამბავს გვიყვება ტესას პერსონაჟის პირით, ფსიქოთერაპევტის, რომელიც კარენთან, ამ ბავშვის დედასთან მუშაობდა. ტესა იხსენებს ამ შემთხვევის დეტალებს, თითქმის ჩვილობის ასაკიდან პატარა გოგონას ქალური ფორმებით აღფრთოვანებას, დედის გადაწყვეტილებას, შვილისთვის ოპერაციის ნება მიეცა და შემდგომ აურზაურს.

ტესა არ არის აბსოლუტურად ნეიტრალური მთხრობელი და მალე ნათელი ხდება, რომ მის დამოკიდებულებას ამ ბავშვის მდგომარეობასთან პირადი მიზეზები აქვს. მაგრამ მისი ანალიტიკური მიდგომა არის სწორედ ის ხერხი, რომლის მეშვეობითაც დოლანი ამხელს მედიასა და ზოგადად, სამყაროში ბავშვის სექსუალიზაციას, ქალების სხეულის აღქმასთან დაკავშირებულ პრობლემებს.

ინფორმაცია ზუსტი და გაზომილი ფორმებითაა მოწოდებული, დოლანი ამბავს ყველა შესაძლო კუთხიდან განიხილავს და მკითხველის გონებაში მწვავე კითხვებს თესავს. ავტორი გვიჩვენებს ქალების მიერ საკუთარი თავის აღქმის საკითხში მედიის როლს, თუ როგორი სიხარულით ითვლიან გაზეთები დღეებს იმ მომენტამდე, როდესაც ცნობილ ახალგაზრდა მსახიობ გოგონასთან სექსი კანონით დასჯადი აღარ იქნება და თუ როგორ წარმოაჩენენ მედიაში მკერდს, როგორც სექსუალურს, ან როგორც ზრუნვისა და გამოკვების სიმბოლოს, მაგრამ თითქმის არასდროს საუბრობენ მკერდზე ერთდროულად ორივე კუთხით.

პიესაში ასევე დასმულია კითხვა, თუ რამდენად ახდენს გავლენას გენდერული იდენტობის მიმართ ჩვენი დამოკიდებულების ცვლილება ადამიანების მიერ ბავშვების, როგორც სექსუალური არსებების, აღქმაზე და ძალზედ მსუბუქად ეხება კლასობრივი დაყოფის საკითხსაც: სხვადასხვა სოციალური ფენის წარმომადგენელი ქალებისთვის დადგენილ სხვადასხვა სტანდარტებს.

 

წყარო