ნატალია პატარიძე ქუთაისის ახალგაზრდული ცენტრის ხელმძღვანელია. ცოტა ხნის წინ, მისი გადაწყვეტილებით, ცენტრთან არსებული მედიასკოლიდან ერთ-ერთი სტუდენტი გაირიცხა, რადგან ეს უკანასკნელი საჯაროდ, ჰომოფობიის ნიადაგზე, სიძულვილის ენას იყენებდა კონკრეტული ლგბტ ადამიანების მიმართ. ამით, მან დაარღვია მედიასკოლის დებულებაში გაწერილი პუნქტები, რაც სტუდენტებს ჰომოფობიური განწყობების გაღვივებას უკრძალავს. ნატალია პატარიძის ნაბიჯმა, სტუდენტის სკოლიდან გარიცხვის თაობაზე, დიდი საჯარო რეზონანსი გამოიწვია: საზოგადოების ექსტრემისტული ჯგუფების მხრიდან, მის მიმართ ხორციელდება კიბერბულინგი, ჯგუფური გაუპატიურების მუქარით; ვრცელდება სხვადასხვა ვიდეოები, სადაც ფაშისტური ძალები ღიად ემუქრებიან; ახლახან, ცენტრთან მართლმადიდებელ მშობელთა კავშირმაც კი გამართა აქცია.
იურიდიული კუთხით, მედიასკოლა არ არის საშუალო ან უმაღლესი განათლების დაწესებულება, საიდანაც მოსწავლის გარიცხვა მარტივად და ასეთი მიზეზით ვერ მოხდება. საქმე ეხება ტრეინინგ ცენტრს, სადაც სწავლა კერძო ურთიერთობაა, ორ მხარეს შორის კერძო ხელშეკრულების საფუძველზე შეთანხმებული მოთხოვნა-მიწოდება არსებობს. შესაბამისად, კერძო სასწავლებელს შეუძლია, მოსწავლეს შეთანხმებული პირობების დარღვევად ჩაუთვალოს ასეთი არაეთიკური და ჰომოფობიური განცხადებები, რითიც ცალმხრივად შეუწყვეტს მომსახურების მიწოდებას, და ეს არ იქნება გარიცხვა, გარიცხვის კლასიკური გაგებით, მით უფრო, რომ დარღვევის პირობები ნათლად დეკლარირებულია ორგანიზაციის ეთიკის წესებში. ამდენად, ამ ქეისში, განათლების უფლების რეალიზაციას საპირწონედ ვერ დავდებთ და არც ხელშეკრულების შეწყვეტა ითვლება გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვად. იურიდიული თვალსაზრისით, დირექტორის მოქმედება სრულიად სწორია, მით უფრო, რომ ორგანიზაციას არ აქვს ვალდებულება, თვალი დახუჭოს სტუდენტის მიერ საჯარო სივრცეებში არაერთგზის გაჟღერებულ ფაშისტურ განცხადებებზე. კომენტარისთვის, მედიასკოლის დირექტორს ნატალია პატარიძეს დავუკავშირდით.
ნატალი პატარიძე: ქუთაისის ახალგაზრდულ ცენტრთან არსებული მედიასკოლა უკვე 4 წელია, არსებობს. “მედიასკოლას” პირობითი სახელწოდება შევურჩიეთ. ეს არის ერთწლიანი ტრეინინგები, გადამზადების კურსი მედია მიმართულებით, სადაც აქცენტს ვაკეთებთ ჟურნალისტის პრაქტიკული უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებაზე. მედიასკოლას გააჩნია ქარტიის მიხედვით აგებული შიდა განაწესი, სადაც მოსწავლეს ეკრძალება ჰომოფობიური, ქსენოფობიური შეხედულებების და სიძულვილის ენის ტირაჟირება. პირველივე ლექციები სწორედ ამ საკითხებს ეძღვნება, ჩვენ მიგვანჩნია, რომ ჟურნალისტმა პირველ რიგში, სხვისი სიცოცხლის უფლება უნდა გაიაზროს.
კონკრეტული ინციდენტი როდის მოხდა და რა იყო მისი მიზეზი?
ნოემბრის დასაწყისში, მოსწავლე, რომელიც სრულწლოვანია, სოციალურ ქსელში უმცირესობების მიმართ სიძულვილის ენას რამდენიმე დღის მანძილზე აქტიურად იყენებდა. ერთი წლის მანძილზე, ბევრჯერ გვქონია აუდიტორიაში, ლექციების დროს, შემთხვევა, როდესაც ეს პიროვნება კამათის დროს გამოთქვამდა სიძულვილს არა მხოლოდ უმცირესობების, ასევე თურქი ეროვნების ადამიანების მიმართ. ბუნებრივია, ამას იქვე ვუთითებდით და ბოლომდე გვჯეროდა, რომ კომუნიკაციით, ტრეინინგებით შევძლებდით, გამხდარიყო შემწყნარებელი და გაეაზრებინა პროფესიული ეთიკა. სამწუხაროდ, შედეგი არ დადგა. ამიტომ, ასპარეზი მისცე ასეთ მომავალ ჟურნალისტს, რომელიც ერთ თვეში პრაქტიკას დაიწყებს, არის დაუშვებელი, როცა საქმე ადამიანის სიცოცხლის უფლებას ეხება.
რა როლი ითამაშა მედიამ ამ საკითხის გაშუქებაში? როგორც მახსოვს, თავად ეს გარიცხული მოსწავლე ტ/კ იმედმა ლამის თანამედროვე გმირად შერაცხა…
ამ საკითხის გაშუქებამ ყველაზე კარგად დამანახა, რატომ არის აუცილებელი სხვადასხვა მედიასაშუალებებში მუშაობდეს სწორი პრინციპებით მოაზროვნე ჟურნალისტი. საეჭვო რეპუტაციის მქონე სააგენტოებმა აბსოლუტურად ცრუ ინფორმაცია გაავრცელა, თითქოს ჩვენ ვიყავით საჯარო სკოლა, ტელეკომპანია იმედმა ამ პიროვნების განგებ ყველაზე ნაკლებად აგრესიული სტატუსი ამოიღო, რომ ტენდენციუად გაეშუქებინა მასალა. ამიტომ არის მნიშვნელოვანი, ყველა სასწავლებლის ხელმღვანელმა თუ პედაგოგმა, გაიაზროს პასუხიმგებლობა ასპარეზის მიცემის დროს, რადგან საქმე ჩვენ გვერდით მცხოვრები ადამიანების სიცოცხლეს ეხება.
პირადად ჩემთვის, ეს შემთხვევა ერთგვარი „შებრუნებული პერსპექტივის“ მოვლენა იყო: აქამდე, მუდმივად მესმოდა, რომ ის ინსტიტუციები, სადაც ბავშვებს, მოზარდებსა და ახალგაზრდებს უხდებათ სოციალიზაცია, ნებისმიერი უმცირესობის მიმართ მტრობითა და სიძულვილითაა განწყობილი. ახლა, მოხდა პირიქით – სიძულვილის ენისა და აგრესიის გამომხატველ ახალგაზრდას პასუხი მოეთხოვა. რა რეაქცია ჰქონდათ ამ ამბავზე სხვა მსგავს სასწავლებლებს? პედაგოგებს?
ჩვენს ქვეყანაში როგორც კი სიტყვა ” უმცირესობა” ესმით, მაშინვე “ქართველობის” დაცვის რეჟიმში გადადიან, დუმილით პასუხობენ ფაქტებს, ან მუქარით…
როგორ ფიქრობთ, პრობლემა რაშია? თქვენი ოფისის გარეთ მდგარ მმკ-ში?
ჩვენს ოფისთან ახლახან გაიმარტა აქცია ჩემი, კალაძის და სოროსის გადაყენების მოთხოვნით. ფაქტი იმდენად კურიოზულია, რომ სერიოზული შეფასების გაკეთება მიჭირს. პრობლემა საზოგადოების უპასუხისმგებლობაშია, პროფესიების ფუნქციების და ეთიკის განუსაზღვრელობაში. არ შეიძლება, ექიმმა ომში არ უმკურნალოს მოწინააღდეგე მხარეს, არ შეიძლება, პოლიციამ იმუშაოს შერჩევითი სამართლით, როცა საქმე ეხება უმცირესობების ჩაგვრას და მკვლელობას, არ შეიძლება, მედიამ არ გაიაზროს სოციალური პასუხიმგებლობა ყველა მოქალაქის წინაშე. განათლებაც და გამოხატვის თავისუფლებაც ყველა ადამიანის ფუნდამენტური უფლებაა, მაგრამ უზენაესი უფლება – სიცოცხლეა ჯერ ჩვენს ქვეყანაში დასაცავი.
პირადად თქვენ მიმართ წამოსული მუქარები როგორ მიიღეთ?
ბუნებრივია ფსიქოლოგიურად ძალიან რთულია ამის გადატანა, მაგრამ მთავარია, რის გამო ვიღებთ მუქარას. ხვალ მე არ მექნება უფლება, ვიყო დამწუხრებული უმცირესობის მორიგ მოკლულ წარმომადგენელზე, თუ დღეს მივცემ ასპარეზს მომავალ ჟურნალისტს, სიძულვილის ენით საუბრობდეს.
ესაუბრა შორენა გაბუნია