სექსუალობა / სტატიები

მოდა პოლიტიკური საკითხია, და პირიქით

გასულ წელს, მოდის შესახებ დისკუსია ახალ სილუეტს ან კრეატიულ დირექტორის ცვლილებას სულაც არ უკავშირდებოდა. მას მკვეთრად პოლიტიკური ელფერი ჰქონდა, მაგალითად, რიოს ოლიმპიადაზე ეგვიპტელი ქალი სპორტსმენების ბურკინზე ატეხილი აჟიოტაჟისას, ან სიუზენ სარანდონის (Susan Sarandon) ბიუსტჰალტერზე ყურადღების გამახვილებისას, როდესაც მან ბოუის ხსოვნის პატივსაცემად სიტყვა წარმოთქვა.

ამას აშშ-ის არჩევნები მოჰყვა: Giorgio Armani-ის თორმეტი ათას ევროიანი კარდიგანი, რომელიც ჰილარი კლინტონს ერთ-ერთი გამოსვლისას ეცვა, Gucci-ის ბლუზა დეკორით Pussy bow, რომლითაც მელანია ტრამპი (Melania Trump) დებატებზე გამოცხადდა მას შემდეგ, რაც მისი ქმრის სკანდალური ვიდეო გამოჩნდა. ვიდეოში დონალდ ტრამპი ყვებოდა, თუ როგორ სტაცებდა ხელს მისთვის მოსაწონ ქალებს ინტიმურ ადგილებზე. ამ შემთხვევაში, მელანიას ბლუზაზე წაწერილმა მრავალმნიშვნელოვანმა სიტყვამ pussy, ბოროტი ხუმრობის კონოტაცია შეიძინა.

რალფ ლორენი (Ralph Lauren) და ანა ვინტური (Anna Wintour) საპრეზიდენტო მარათონის დროს ღიად უჭერდნენ მხარს ჰილარი კლინტონს. ტომ ფორდმა, მარკ ჯეიკობსმა და სხვა დიზაინერებმა მელანია ტრამპის ღია მხარდაჭერაზე უარი განაცხადეს, თუმცა, მოგვიანებით ტომი ჰილფიგერმა (Tommy Hilfiger) და რალფ ლორენმა თავიანთი სიტყვები უკან წაიღეს. მელანია ტრამპზე გაკეთებული პაროდიის გამო, ბოდიშის მოუხდა მოუწია ჯიჯი ჰადიდსაც (Gigi Hadid).  Dior-ის სახლისთვის მარია გრაცია კიურის (Maria Grazia Chiuri) მიერ შექმნილი პირველი კოლექცია გრძელი ქვედაბოლოსა და თეთრ მაისურს მოიცავდა, წარწერით We Should All Be Feminists, რომელიც დიზაინერმა აქტივისტისა და მუსიკოსის ჩიმამანდა ნგოზი ადიჩის (Chimamanda Ngozi Adichie) გამოსვლის შთაბეჭდილების ქვეშ შექმნა.

რასაკვირველია, გასულ წელს სამოსი განცხადებად პირველად არ ქცეულა. ნივთები სამყაროსთვის გარკვეული სიგნალის გაგზავნის ყველაზე მარტივი გზაა. ამიტომაც, ტანსაცმელი ყოველთვის იყო კომუნიკაციის ერთ-ერთი საშუალება. გასული საუკუნის 90-იან წლებში, ძალზე მაღალი იყო მოთხოვნა ვივიენ ვესტვუდის (Vivienne Westwood) მაისურებზე, წარწერით Destroy, ზემოდან ფაშისტური სვასტიკის გამოსახულებით. იმავე საუკუნის 70-80-იან წლებში, გაჩნდა ცნება power dressing – ქალებმა მკაცრი კოსტიუმები ჩაიცვეს, რომელიც თარგით კაცისას წააგავდა. მათი ჩაცმულობა პროფესიულ სფეროში თანასწორობას აღნიშნავდა, სქესის განურჩევლად. მანამდე კი, 60-იან წლებში, ამერიკელი სტუდენტები ჯინსებზე პაციფიზმის ნიშანს იხატავდნენ – ქათმისფეხა სიმბოლოს Peace; ამ ხერხით აპროტესტებდა მაშინდელი ახალგაზრდობა ვიეტნამის ომს.

თანამედროვე სამყაროში, საზოგადოებრივ-პოლიტიკური კონოტაცია მთავარ ტენდენციად იქცა. დღეს ხმამაღალი განცხადებებით გამოდის ყველა, მათ შორის ფეშენ ინდუსტრიის წარმომადგენლებიც. დიზაინერები თავიანთ სამოქალაქო პოზიციას საჯაროდ აფიქსირებენ.

Opening Ceremony-ის შემოდგომა-ზამთრის კოლექციის ჩვენებაზე, ქეროლ ლიმმა (Carol Lim) და ჰუმბერტო ლეონმა (Humberto Leon) პოდიუმი დებატებისთვის განკუთვნილ მოედნად აქციეს, სადაც მოდელები და საზოგადო ფიგურები ფემინიზმზე, რასიზმთან ბრძოლასა და მსოფლიო პოლიტიკურ პროცესებზე ალაპარაკდნენ. ეს საუბარი კონტექსტის გარეშე მიდიოდა – მათ თავიანთი სამოსი სლოგანებით, ლგბტ დროშებით ან მსოფლიო ლოდერების პორტრეტებით არ შეუმკიათ. ჩვენება გაცილებით ნატიფად იყო ორგანიზებული: ლიმმა და ლეონმა მიგვანიშნეს, რომ სამოსი მეორეხარისხოვანია; გასულ წელს, იგი მეორეხარისხოვანი თავად მოდის კვირეულზეც კი იყო.

დიახ, 2016 წელს კაბები და სვიტერები საინტერესო იყო არა როგორც „უბრალოდ სამოსი“, არამედ, როგორც გამოსახვის ინსტრუმენტი. ეს ყველგან იგრძნობოდა – ბიონსეს კლიპებიდან დაწყებული, ჰილარი კლინტონის წინასაარჩევნო კამპანიით დასრულებული, რომელმაც მომგებიანად გაათამაშა გასული საუკუნის power dressing და კაცის კოსტიუმში გამოწყობილი ქალის იმიჯი გააცოცხლა. გასულ წელს პოლიტიკა, მოდა და პოპ კულტურა ერთი მთელის ნაწილი აღმოჩნდა.

როდესაც კარლ ლაგერფილდმა (Karl Lagerfeld) Chanel-ის კოლექცია კუბაზე ჩაიტანა, ერთ-ერთმა გამოცემამ ამ მოვლენის შესახებ ორი დიამეტრალურად საპირისპირო პოზიცია დააფიქსირა. ერთი მხრივ, აქ გამოთქმული იყო აზრი, რომ კუბაზე ამ დონის ჩვენების პირველი გამართვა მისასალმებელი ნაბიჯია, მეორე მხრივ კი ლაგერფილდის ეს გადაწყვეტილება სკანდალურად მოინათლა, რადგან ძალზე მდიდრულ ნივთებს ძალზე ღარიბ ქვეყანაში აჩვენებდნენ (მოგვიანებით, მსგავსი პრეტენზია Louis Vuitton-ის ბრაზილიურ ჩვენებასაც წაუყენეს).

მოდა რეალობას არ ქმნის, იგი მას ირეკლავს. ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლა, დაძაბული არჩევნები ამერიკაში, სირიის ამბები და გაუთავებელი ტერაქტები აისბერგის მხოლოდ მცირე ნაწილია. ამ საინფორმაციო ტორნადოში, პოლიტიკურისა და ესთეტიკურის ერთმანეთისგან დაცალკევება ფაქტიურად შეუძლებელია. ამიტომაც, Vogue.com-სა და მოდის ბევრ სხვა ვებგვერდზე, პოლიტიკის განყოფილება გაჩნდა. ამიტომაც წარმოგვიდგება სიუზენ სარანდონის აზღუდი მნიშვნელოვანი პრემიის გადაცემის ცერემონიალზე არა მხოლოდ მსახიობის გემოვნების დემონსტრირებად, არამედ ფემინისტურ განაცხადად, რომლის მეშვეობითაც სიუზენი ბოდიშეიმინგის (სხეულის გამო შერცხვენის), ეიჯიზმის (ასაკის გამო დისკრიმინაცია) და პატრიარქალური სამყაროს პრობლემების წინააღმდეგ ილაშქრებს. ამიტომ მოგვევლინა საპრეზიდენტო მარათონის დროს ანა ვინტური (როგორი ფინანსური ურთერთობებიც არ უნდა აკავშირებდეს მას ჰილარი კლინტონთან) არა ამერიკული Vogue-ის მთავარ რედაქტორად, არამედ თანასწორობისა და ტოლერანტობის იდეების დამცველად. ამიტომ გაემიჯნა ზოგიერთი დიზაინერი ტრამპის საჯარო გამოსვლებს, და თუნდაც მათ თავიანთი სიტყვების უკან წაღება მოუხდათ, – მათ ადამიანურ რეაქციას სულაც არ ჰქონია კავშირი მოდასთან.

„მე ვიცნობ ადამიანებს, რომლებიც ძალადობასა და შევიწროებას განიცდიდნენ. ეს საშინელებაა. იცით, როდესაც ბრეგზიტი მოხდა, ოცი წლის მანძილზე პირველად ვიგრძენი, რომ, შესაძლოა, მე არ მიხაროდეს ქვეყანა, რომელიც აქამდე საკუთარ სახლად მიმაჩნდა“, – განაცხადა აშიშ გუფტამ (Ashish Gupta) Ashish-ის საგაზაფხულო-საზაფხულო კოლექციის ჩვენების შემდეგ. მისმა მაისურმა წარწერით „იმიგრანტი“, დიდი მოწონება დაიმსახურა.