სექსუალობა / სტატიები

მოდის კაპრიზების კვალდაკვალ: ქალები ბოქვენის თმის გადანერგვას მიმართავენ

დიდი ხნის მანძილზე, ქალებისთვის ინტიმური ადგილებიდან თმის მოცილება უაღრესად სექსუალურ და მოდურ ტრენდად ითვლებოდა. შედეგად, ლაზერის ან ცვილის მეშვეობით (“ბრაზილიური ეპილაცია”), ბოქვენის თმისგან მილიონობით ქალი გათავისუფლდა.

მაგრამ, ახლა აღმოჩნდა, რომ მათ იჩქარეს; თმიანი ბოქვენი კვლავ მოდაშია. დღეს, სექსუალურად ის ქალები მიიჩნევიან, რომლებსაც ინტიმურ არეებში თმიანი საფარი აქვთ შენარჩუნებული. დასანანი მხოლოდ ის არის, რომ ასეთები არც თუ მრავლად დარჩნენ.

იმდენად, რამდენადაც ბევრმა ქალმა სხეულის ამ ნაწილზე თმა პერმანენტულად დაკარგა, ახლა მათ ბოქვენის ზონაში თმის ტრანსპლანტაციის (გადანერგვის) კოსმეტიკური ოპერაციის გაკეთება უწევთ. ამგვარი მომსახურების მიღება სილამაზის კლინიკებშია შესაძლებელი და რამდენიმე ათასი დოლარი ჯდება.

ბოქვენის თმის მოდას მხარს უჭერს გვინეტ პელტროუ (Gwyneth Paltrow), რომელსაც სხეულის ინტიმურ ადგილებში თმა არასოდეს მოუცილებია, ამიტომაც, არც მისი გადანერგვა ესაჭიროება. იგი თავის მრავალრიცხოვან თაყვანისმცემელს „ბუნებასთან ჰარმონიაში“ ცხოვრებას ურჩევს. გვინეტის თვალსაზრისს სრულიად ეთანხმებიან კამერონ დიასი (Cameron Diaz) და ლედი გაგა (Lady Gaga).

ბევრ ესთეტიკურ კლინიკაში, ბოქვენის თმის ტრანსპლანტაციის პროცედურების ჩატარება დაახლოებით ორი საათის საქმეა. თმის აღდგენის პროცესი, დონორის თავის უკანა ნაწილიდან აღებული თმის გადანერგვას გულისხმობს საჭირო ადგილზე.

ლონდონის DHI Global-ის კლინიკის ქირურგები, როგორც წესი, კაცებისთვის თმის გადანერგვაზე არიან სპეციალიზებულნი. თუმცა, მათ სულ უფრო და უფრო ხშირად მიმართავენ ქალები, რომლებსაც ინტიმურ ადგილებზე თმის ფოლიკულები აქვთ დაზიანებული. კლინიკის მეპატრონეები ამბობენ, რომ ამ პრობლემასთან დაკავშირებით, მომართვიანობა იმდენად დიდია, რომ ქალების მომსახურება უკვე მათი ბიზნესის ნაწილი ხდება.

წყარო: dailymail.co.uk