ბლოგები

‘’მონა’’ ვიცი მე სამშობლოში

ავტორი: ერეკლე გრიგოლია

ამ რამდენიმე წლის წინ, საქართველოს პატრიარქმა მორიგი “სიბრძნე” დააფრქვია – საზღვარგარეთ საკუთარი ოჯახებისთვის საშოვარზე გასულ ადამიანებს, ძირითადად ქალებს, მიმართა – მანდ ვიღაცეების სამსახურს, სამშობლოს დაუბრუნდით, თორემ აქაურობას უცხოტომელები დაეპატრონებიანო.

დღესაც იგივე გვესმის. ის კი არ აინტერესებთ ფუფუნებაში ჩამხრჩვალ მის ეგრეთ წოდებულ უწმინდესობასა და სამღვდელოებას, თუ რანაირად უნდა იარსებოს ამ ხალხმა და მათმა ოჯახებმა ამ პირობებში. იქ მონებად მიდიანო, აღშფოთებულია ერი და ბერი. ქართველი სხვისი “მონობისთვის” არ ემეტებათ, ის საკუთარი ეკლესიის მონა და მხევალი უნდა იყოს, ყოველგვარი ბრჭყალების გარეშე. მათი წარმოდგენით.

რეალურად, უცხოტომელების მომრავლების შემთხვევაში, ჩვენს ეკლესიას მატერიალური კეთილდღეობისა და პოლიტიკური გავლენის დაკარგვის ეშინია და ამას მარჯვედ ასაღებს ქვეყნის მომავალზე ზრუნვად. მხართეძოზე წამოწოლილი “წილნახვედრი” მამრები კი იფერებენ ამ მდგომარეობას და ცოლების მიერ გამოგზავნილი თანხებით მშვენივრად “გულაობენ’’, თან “კაცობასა” და “ქართველობაზე’’ გვიკითხავენ ლექციებს პერმანენტულად.

ჩვენი ეკლესიისა და ‘’პატრიოტებისთვის’’ არ არსებობს კონკრეტული ადამიანის ინტერესი, ისინი ასე არ წვრილმანდებიან, მათთვის არსებობს მხოლოდ “სამშობლო’’ და “უფალი’’ და, რა თქმა უნდ,ა აბსოლუტური სიზუსტით იციან, თუ რა სურთ ამ “სამშობლოსა’’ და ‘’უფალს’’.

ასე რომ, ამ ქვეყანაში, როგორც ყოველთვის, დარტყმას ისევ მსხვერპლნი, ანუ ქალები, ღებულობენ ყოველი მხრიდან, მადლობისა და თანაგრძნობის ნაცვლად (‘’ვირო მადლიო’’, ამაზეა ნათქვამი). არადა, “სამშობლოსა’’ და ‘’უფალს’’ არანაირი ფასი არ გააჩნია რეალიზებული, თავისუფალი ადამიანის გარეშე. იმ ხალხის აბსოლუტური უმრავლესობა, რომლებმაც დიდი წვალების ფასად ასე თუ ისე ფეხი მოიკიდეს დასავლეთში, აღარც ფიქრობს უკან დაბრუნებაზე. ადამიანები ხედავენ, რომ დასავლური სამყარო, ყველა პრობლემის მიუხედავად, მათ განვითარებისა და რეალიზაციის შეუდარებლად მეტ საშუალებას აძლევს, ვიდრე მათი ‘’წილნახვედრი’’ სამშობლო (პრინციპში, ამ სამშობლოში განვითარება-რეალიზაციაზე კი არა, ძირითადად ფიზიკურ გადარჩენაზეა ლაპარაკი).

ცალკე თემაა ევროპაში “ჩაბარება’’. გასული საუკუნის 90 წლებიდან, პატრიარქის მიერ ლამის ნაკურთხი სამოქალაქო ომიდან მოყოლებული დღემდე, ევროპის ქვეყნებმა, საკუთარი ძალიან სერიოზული ეკონომიკური პრობლემების მიუხედავად, უამრავი ადამიანი შეიფარეს საქართველოდან და მათზე პასუხისმგებლობა აიღეს (და არა მხოლოდ, თავისთავად ცხადია), რომლებიც სამშობლომ ტყვიით, შიმშილით თუ ავადმყოფობით სიკვდილისათვის გაიმეტა, და ეს იმ ფონზე, როდესაც თავად უზარმაზარი ქონების პატრონი საქართველოს პატრიარქი, რაც თავი მახსოვს, სწორედ ბიუჯეტის ხარჯზე მაინცდამაინც “უღმერთო’’ დასავლეთის წამყვან კლინიკებში დაბრძანდება ხოლმე მკურნალობა-რეაბილიტაციისათვის (ბიუჯეტის ხარჯზე ევროპაში სასულიერო-სამედიცინო ტურიზმის ფუძამდებელია კაცი, “ერთმორწმუნე’’ რუსეთის კლინიკებისკენ ერთი არ წაუცდება ფეხი ცოცხალი თავით,) მრევლს კი ანალოგიური შემთხვევებისთვის მამა გაბრიელის მადლმოსილ ‘’სასწაულთმოქმედ’’ სამლარიან ზეთს სთავაზობს (იციან ბიზნესი ბიჭებმა). ბედის ირონია კი ისაა, რომ სწორედ ეს პატრიარქი და ეკლესია ნერგავენ ქვეყანაში ყოველივე დასავლურის სიძულვილსა და ამავდროულად რუსული სახელმწიფოს სიყვარულს… პერიოდულად, ევროპაში დააფგრეიდებული პატრიარქი კი მშიერ მრევლს მიმართავს, თქვენმა ლოცვამ გადამარჩინაო, მრევლიც აღფრთოვანებული და ბედნიერია და ასე უსასრულოდ, მრავალგზის დაანონსებული “გაბრწყინების’’ მოლოდინში…

როდისღა?