მენსტრუაციის გამო, მსოფლიოში მილიონობით გოგონას უწევს სკოლის გაცდენა. ინდოეთიდან და განადან დაწყებული, ამერიკის შეერთებული შტატებითა და დიდი ბრიტანეთით გაგრძელებული, სირცხვილი, სოციალური სტიგმა და მენსტრუალურ პროდუქტებზე წვდომის შეზღუდვა უამრავ გოგონას უშლის ხელს, მენსტრუაციის პერიოდში სრულყოფილი ცხოვრებით იცხოვროს.
სულ მცირე 500 მილიონ ქალსა და გოგონას ხელი არ მიუწვდება მენსტრუალური ჰიგიენისთვის საჭირო პროდუქტებზე, რასაც, შესაძლოა, პირდაპირი კავშირი ჰქონდეს გოგონების განათლებასთან.
ოლვეისი – პროქტერ ენდ გემბლის (Procter & Gamble) წამყვანი ბრენდი ქალის ჰიგიენურ პროდუქტებში, სერიალ „ქალწული ჯეინის“ (Jane the Virgin) მსახიობ ჯინა როდრიგესთან (Gina Rodriguez) თანამშრომლობს, რათა უზრუნველყოს ამერიკელი გოგონების სკოლაში დარჩენა მენსტრუაციის დროსაც.
„ერთია, გოგონებს უთხრა, რომ მათ შეუძლიათ არაჩვეულებრივი რაღაცების კეთება და რომ შეუძლიათ იყვნენ წარმატებულები ყველაზე გაბედულ ოცნებებშიც კი, მაგრამ თუ არ დავაკმაყოფილებთ მათ საჭიროებებს და არ მივცემთ შესაძლებლობებს, ამ სიტყვებს აზრი არ ექნება. რამდენიმე კვირაში სკოლა დაიწყება და მრავალ გოგონას მოუწევს მნიშვნელოვანი გაკვეთილების გამოტოვება და განვითარების შანსზე უარის თქმა, არა იმიტომ, რომ არ აქვთ უნარი ან წარმატების სურვილი, არამედ იმიტომ, რომ ხელი არ მიუწვდებათ მენსტრუაციისთვის საჭირო პროდუქტებზე“, – განუცხადა ჯინა როდრიგესმა ჟურნალ „თინ ვოგს“ (Teen vogue).
აშშ-ში გოგონების დაახლოებით 20% ადრე ტოვებს ან სრულად აცდენს სკოლას მენსტრუაციის პერიოდში, რადგან მათ არ მიუწვდებათ ხელი საჭირო პროდუქტებზე, – ამბობს „ოლვეისის“ 2018 წლის კვლევა. სიღარიბის ზღვარს მიღმა ან დაბალი შემოსავლის მქონე ოჯახებში მცხოვრები გოგონები მენსტრუაციის პერიოდში სკოლის გაცდენის უფრო მეტი რისკის ქვეშ არიან.
მენსტრუაციასთან დაკავშირებული სიღარიბის დასაძლევად, 2018 წლის 29 ივლისიდან 8 სექტემბრამდე ამერიკის შეერთებულ შტატებში გაყიდულ ამ მარკის თითოეულ პროდუქტზე ოლვეისმა გასცა დახმარება საჭიროების მქონე გოგონებზე. ოლვეისმა, ასევე, დამატებითი საფენები გასცა სოციალურ ქსელში გაზიარებულ, წარსულში გადაღებულ სასკოლო ფოტოზე, რომელსაც ჰქონდა ჰეშთეგი #EndPeriodPoverty (დაასრულე მენსტრუალური სიღარიბე) და თეგი – ოლვეისი.
განვითარების გზაზე მყოფ ქვეყნებში მენსტრუალური სტიგმისა და მენსტრუაციისთვის საჭირო პროდუქტებზე ხელმიუწვდომლობის შესახებ ხშირად ვმსჯელობთ, თუმცა აღნიშნული საკითხი პრობლემაა შეერთებულ შტატებსა და სხვა განვითარებულ ქვეყნებშიც. ოლვეისმა აღნიშნულ საკითზე ეროვნული დისკუსია წამოიწყო. მისი სურვილი იყო, დახმარებოდა გოგონებს თავდაჯერებაში მაშინ, როცა საქმე მათ სხეულს ეხებოდა.
„ოლვეისის მისიის მიზანია გოგონებში თვითშეფასების ამაღლება, რაც გარდატეხის ასაკიდან იწყება“, განაცხადა „პროქტერ ენდ გემბლის“ ქალებზე ზრუნვის გლობალური პროექტის პრეზიდენტმა ჯენიფერ დევისმა.
„განათლება უმთავრესია თავდაჯერებულობის ჩამოყალიბებაში. როცა შევიტყვეთ, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებში დაახლოებით 1 გოგონას 5 -დან უწევს სკოლის გაცდენა, რადგან არ აქვს მენსტრუალური პროდუქტები, დავინახეთ საჭიროება, მეტი ძალისხმევა ჩაგვედო საქმეში. ჩვენი მიზანი არ შემოიფარგლება მხოლოდ პროდუქტების მიწოდებით, ჩვენი მიზანია, ასევე, ეროვნული დებატების წამოწყება ამ საკითხთან დაკავშირებით“ განაცხადა ჯენიფერ დევისმა.
მსოფლიოს გარშემო, მენსტრუალური ციკლის დროს გოგონები სხვადასხვა მიზეზით აცდენენ სკოლას. ზოგი იძულებულია, შინ სოციალური სტიგმისა და არასწორი წარმოდგენების გამო დარჩეს, მაშინ, როცა სხვებს უწევთ სკოლის გაცდენა, რადგან იციან, რომ არ ექნებათ ჰიგიენური პირობები და მენსტრუალური პროდუქტები – საფენები ან ტამპონები.
UNICEF-ის მიხედვით, მენსტრუაციის პერიოდში, აფრიკის მასშტაბით ყოველი 10 გოგონადან 1 აცდენს სკოლას. ავღანეთსა და ნეპალში დაახლოებით 30% ვერ მიდის სკოლაში მენსტრუაციის დროს. საერთო ჯამში კი გოგონები, რომლებიც მენსტრუაციის გამო აცდენენ სკოლას, სასკოლო განათლების 2,5 კვირას კარგავენ, ზოგიერთ შემთხვევაში ეს მაჩვენებელი სასწავლო წლის 20% შეიძლება იყოს.
თუმცა, მენსტრუაცია ბუნებრივი, ნორმალური ფიზიოლოგიური პროცესია და მან ხელი არ უნდა შეუშალოს გოგონებს, იცხოვრონ ნორმალური ცხოვრებით და განავითარონ საკუთარი პოტენციალი.
სამ ათწლეულზე მეტია, „ოლვეისი“ გოგონების თვითშეფასებას იცავს. გარდატეხის ასაკის და თვითშეფასების საგანმანათლებლო პროგრამების დახმარებით, „ოლვეისი“ ყოველწლიურად, 17 მილიონ გოგონასთან მუშაობს. ბოლო 10 წლის განმავლობაში, ოლვეისის პროდუქტებზე წვდომის პროგრამის წყალობით, 80 მილიონზე მეტი საფენი დაურიგდა საჭიროების მქონე გოგონებს.
ახლა ოლვეისი ამერიკის შეერთებულ შტატებში ცდილობს „მენსტრუალური სიღარიბის“ დაძლევაში წვლილის შეტანას.
მენსტრუალური პროდუქტები არაკომერციული ორგანიზაციის Feeding America-ს სასკოლო პროგრამის ფარგლებში დარიგდება საკვებთან და პირადი ჰიგიენის სხვა ნივთებთან ერთად, საჭიროების მქონე ბავშვებში. ოლვეისი უკვე 10 წელია Feeding America- სთან ერთად არიგებს ჰიგიენის პროდუქტებს და ზემოთ ნახსენები ინიციატივის ფარგლებში, გასცა 15 მილიონი პროდუქტი, რაც უპრეცედენტო რაოდენობაა.