სტატიები

მსოფლიოში პირველი პროგრამისტი – ადა ლავლეისი

იმ დროს, როდესაც მათემატიკა „კაცის საქმედ“ მიიჩნეოდა, ადა ლავლეისი (Ada Lovelace) იმ სფეროთი დაინტერესდა, რომელსაც მოგვიანებით კომპიუტერული მეცნიერება, ინფორმატიკა, პროგრამირება ეწოდა.

როგორც წესი, ვიქტორიანული ლონდონის არისტოკრატიულ საზოგადოებაში აღზრდილი გოგონები მდიდრულ სასახლეებში გამართულ ბალებსა და მომგებიან ქორწინებას ნატრობდნენ. მათგან განსხვავებით, ადა ლავლეისი საფრენი აპარატის კონსტრუირებაზე ოცნებობდა. მან ფრინველების ანატომია ზედმიწევნით ზუსტად შეისწავლა, რათა ფრთის სიგრძე კორპუსის მასშტაბებთან შეეფარდებინა. ადას ორთქლმავლის ძრავის მქონე საფრენი აპარატის შექმნა ჰქონდა განზრახული. მისმა პროექტმა 15 წლით გაუსწრო უილიამ ჰენსონისა და ჯონ სტრინგფელოუს „საჰაერო საორთქლმავლო ეკიპაჟის“ (Aerial Steam Carriage) პატენტს.

ამ დროისათვის, ადა მხოლოდ 12 წლისა იყო. სრულიად ნათელი იყო, რომ მისი კბილა გოგონებისგან განსხვავებით, მას საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მათემატიკისგან თავის არიდების სურვილი არ ექნებოდა.

ადა ლავლეისი, იგივე ავგუსტა ადა ბაირონი (Augusta Ada Byron), სახელგანთქმული ჯორჯ გორდონ ბაირონისა (George Gordon Byron) და არისტოკრატი ენ იზაბელა მილბენკის (Anne Isabella Milbanke Byron) ქალიშვილი იყო. დედას ეშინოდა, რომ ადა მამის საქმიანობით დაინტერესდებოდა, მაგრამ ამ უკანასკნელმა პროგრამირების ენა გამოიგონა და პირველი კომპიუტერის გაჩენიდან ბევრად ადრე, კომპიუტერული პროგრამა დაწერა.

„ადა ლავლეისი აღტაცებას იმსახურებს არა მხოლოდ იმიტომ, რომ მუსიკისა და ხელოვნების სხვა დარგების შესაქმნელად გამომთვლელი მანქანის გამოყენების შესაძლებლობა დაუშვა, არამედ იმიტომაც, რომ დროს ისე გაუსწრო, რომ მისი მსოფლმხედველობის გაზიარება მის თანატოლთაგან ვერავინ შეძლო“, – ამბობს სიუ შარმან-ანდერსონი (Suw Charman-Anderson), სოციალური ტექნოლოგი და ადა ლავლეისის საერთაშორისო დღის (Ada Lovelace Day) დამფუძნებელი.

ავგუსტა ადა ბაირონი 1815 წლის 10 დეკემბერს დაიბადა. იგი ჯორჯ ბაირონის ერთადერთი კანონიერი შვილი იყო. თუმცა, მამას ძალიან დაწყდა გული, როდესაც ნანინანატრი მემკვიდრის ნაცვლად ქვეყანას ადა მოევლინა. ადას მშობლები მაშინ დაშორდნენ, როდესაც იგი 2 თვის იყო. ამის შემდეგ, ბაირონი საბერძნეთში წავიდა და ინგლისში აღარც დაბრუნებულა.

ადა ლავლეისს დედა და ბებია ზრდიდნენ. იმ დროისათვის, ქალისგან არაფერ განსაკუთრებულს არ ელოდნენ. ამიტომაც, გოგონების უმრავლესობას ჰუმანიტარულ მეცნიერებებს და საზოგადოებაში მოქცევის წესებს ასწავლიდნენ.

მაგრამ, ლედი ბაირონი ყურადღებით ადევნებდა თვალს, რომ მის გოგონას მემკვიდრეობით მამის „სახიფათო პოეტური  მიდრეკილებები“ არ განვითარებოდა. ამ მიზნით, მან შვილისთვის მათემატიკისა და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების მასწავლებლები დაიქირავა.

ლავლეისის მასწავლებლებს შორის იყვნენ საზოგადოებრივი რეფორმატორი უილიამ ფრენდი (William Frend), ოჯახის ექიმი უილიამ კინგი (William King) და შოტლანდიელი ასტრონომი და მათემატიკოსი, სამეფო ასტრონომიული საზოგადოების (Royal Astronomical Society) პირველი ქალი წევრი მერი სომერვილი (Mary Somerville).

თავდაპირველად, ლავლეისს მათემატიკის ნიჭი აღმოაჩნდა. ამ მხრივ, მას ყველასგან სრული მხარდაჭერა ჰქონდა, თავად იქ არ მყოფი მამისგანაც კი. „ამბობენ, რომ იგი ჭკვიანია, – ერთხელ აღნიშნა ბაირონმა თავის ქალიშვილზე, – მაგრამ ყველაზე მეტად ვიმედოვნებ, რომ მასში პოეტური ჟინი არ არსებობს. ფასი, რომლითაც ამ ღირსების გამო უნდა გადაიხადო, თუ ამას საერთოდ ღირსება შეიძლება ეწოდოს, ისეთი მაღალია, რომ ღმერთს ვევედრები, ჩემი შვილი ამ ხვედრისგან დაიფაროს“.

ადას ერთ-ერთი მასწავლებელი ოგასტეს დე მორგანი (Augustus de Morgan) იყო, ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯის მათემატიკის პროფესორი, რომელიც სიმბოლური ლოგიკის ფუძემდებელია. იმის გამო, რომ ქალებისთვის უნივერსიტეტში სწავლა დაშვებული არ იყო, დე მორგანი ადას მათემატიკას წერილების მეშვეობით ასწავლიდა.

დე მორგანი წინააღმდეგობრივ გრძნობებს განიცდიდა. ერთი მხრივ, იგი გაოცებული იყო გოგონას ტალანტით, მეორე მხრივ კი შესაძლო რისკებს უფრთხოდა, რადგან მათემატიკა კაცის საქმედ მიიჩნეოდა. იგი თან ამბობდა, რომ ლავლეისს ყველა მონაცემი ჰქონდა საიმისოდ, რომ მათემატიკის დარგში უნიკალური მკვლევარი გამხდარიყო და დიდი გავლენაც მოეხვეჭა, თან ფრთხილობდა, რადგან „ამგვარი მძიმე სააზროვნო სამუშაო ქალის ფიზიკური შესაძლებლობების ჩარჩოებს სცდებოდა“.

17 წლის ასაკში, ადამ მათემატიკოსი და გამომგონებელი ჩარლზ ბებიჯი (Charles Babbage) გაიცნო. ამ შეხვედრამ მთელი მისი ცხოვრება შეცვალა. ბებიჯმა ლავლეისს მათემატიკური გამოთვლების ავტომატიზაციისთვის განკუთვნილი საკუთარი მანქანა აჩვენა. ადა ამ გამოგონებამ აღტაცებაში მოიყვანა. მალე ბებიჯი მისი მეგობარი და მასწავლებელი ხდება.

ადას ოჯახური ცხოვრება წარმატებული აღმოჩნდა. 1835 წელს, 19 წლის ადა 29 წლის ლორდ კინგს, მოგვიანებით ლავლეისს, გაჰყვა ცოლად. ლორდს საწინააღმდეგო არაფერი ჰქონდა ადას სამეცნიერო მოღვაწეობისა, მას ხელსაც კი უწყობდა. რაც მთავარია, ადას გათხოვებას იგი ბებიჯისგან არ დაუშორებია – მათი ურთიერთობა უფრო მჭიდრო გახდა. თავდაპირველად, ბებიჯს გოგონას მათემატიკური ნიჭი ხიბლავდა, მოგვიანებით კი მასში ნაადრევად გარდაცვლილი ქალიშვილი დაინახა, რამაც მათი ურთიერთობა კიდევ უფრო გაამყარა.

რამდენიმე წლის შემდეგ, ლავლეისს ბებიჯის მეორე გამოგონების – ანალიტიკური მანქანის შესახებ სტატიის თარგმნა სთხოვეს, რომელიც, თავისი არსით, პირველი მექანიკური კომპიუტერი იყო. ორიგინალური სტატია იტალიელი ინჟინერის ლუიჯი მენაბრეას (Luigi Menabrea) მიერ ფრანგულ ენაზე იყო დაწერილი.

ლავლეისი ფრანგულს ჩინებულად ფლობდა. მან სტატია ინგლისურად არა მხოლოდ თარგმნა, არამედ თავს ურიცხვი შენიშვნის დამატების უფლება მისცა, სადაც მანქანასთან დაკავშირებით, მისი აზრები და იდეები იყო გადმოცემული.

ამ შენიშვნებში, რომელიც სამჯერ უფრო დიდი მოცულობისა იყო, ვიდრე თავად ტექსტი, ლავლეისმა ანალიტიკური მანქანის მიერ ნატურალური რიცხვების გამოთვლის თანმიმდევრული სქემა აღწერა, ანუ, მარტივად რომ ვთქვათ, მსოფლიოში პირველი ალგორითმი შეიმუშავა.

ლავლეისის ნამუშევრის მთავარი აღმოჩენა ნატურალური რიცხვების გამოსათვლელი პროგრამის შექმნა იყო. ბებიჯის მანქანის შესახებ სტატიის კომენტარებში, მან მსოფლიოში პირველი სამი გამომთვლელი პროგრამა შეადგინა, რომელიც ერთ ნაბიჯში მიუახლოვდა პროგრამირების, მათ შორის სამანქანო პროგრამირების ენის შექმნას. ადას კომენტარებში, გარდა ამისა, ისიც ნაწინასწარმეტყველებია, რომ გამოთვლითი ოპერაციების განხორციელება არა მხოლოდ რიცხვებითაა შესაძლებელი, არამედ სხვა ობიექტებითაც, რის გარეშეც გამომთვლელი მანქანები მხოლოდ მძლავრ და სწრაფ კალკულატორებად დარჩებოდა.

„ანალიტიკური მანქანა ალგებრულ ალგორითმებს ისევე წნავს, როგორც ჟაკარდის საქსოვი დაზგა წნავს ყვავილებსა და ფოთლებს“, – ამგვარად განმარტავს ლავლეისი მანქანის მიერ სიმბოლოების მართვის სისტემას. დასკვნაში იგი წერს, რომ ამ მანქანას უბრალოდ მათემატიკურ გამოთვლებზე გაცილებით მეტი შესაძლებლობები აქვს. ადა დარწმუნებული იყო, რომ ოდესმე მას მუსიკისა და ხელოვნების სხვა სახეობებისთვისაც გამოიყენებდნენ.

სტატიის თარგმანი ლავლეისის კომენტარებითურთ ინგლისურ სამეცნიერო ჟურნალში 1843 წელს დაიბეჭდა – კომპიუტერის შექმნამდე თითქმის საუკუნით ადრე.

მიუხედავად იმისა, რომ ლავლეისის სტატიას მის სიცოცხლეში დიდი ყურადღება არ მიქცევია, მისი ნამუშევარი ცნობილი გახდა მისი სიკვდილის შემდეგ, როდესაც ბ. ვ. ბოუდენმა (B.V. Bowden) თავის წიგნში ციფრული კომპიუტერების ისტორიის შესახებ „ფიქრზე სწრაფი“ (Faster than Thought), 1953 წელს იგი ხელახლა გამოაქვეყნა.

აქედან მოყოლებული, ლავლეისის საქმიანობა დიდი სტიმული იყო ქალების იმ ახალი თაობისთვის, რომელიც მეცნიერების, ტექნოლოგიების, ინჟინერიისა და მათემატიკის დარგში მუშაობას აპირებდა.

აშშ-ის თავდაცვის სამინისტრომ, ადა ლავლეისის პატივსაცემად, 1980 წელს ამერიკის შეიარაღებული ძალების, შემდგომში ნატოს პროგრამირების ერთ-ერთ ენას „ადა“ უწოდა. ადა ლავლეისის სახელი ამერიკაში ორ პატარა ქალაქს დაერქვა – ალაბამასა და ოკლაჰომას შტატებში. ოკლაჰომაში მისი სახელობის კოლეჯიც კი არსებობს.

2009 წელს, სიუ შარმან-ანდერსონმა ადა ლავლეისის დღე დააწესა, რომლის ფარგლებშიც ლავლეისის და ყველა იმ ქალის მიღწევები აღინიშნება, რომლებიც ტექნოლოგიების სფეროში მუშაობდნენ.