ქალზე ძალადობა

მსოფლიო ბანკი: საქართველოში პანდემიის რისკები გენდერულ სხვაობას აღრმავებს

ორი დღის წინ მსოფლიო ბანკის მიერ გამოქვეყნებული 2020 წლის გენდერული შეფასების მიხედვით, საქართველოში შემოსავლები კაცებსა და ქალებს შორის მკვეთრად არათანაბრად ნაწილდება.

ქალთა სიღარიბე მნიშვნელოვანწილადაა დამოკიდებული განათლების ხარისხზე, ოჯახურ მდგმარეობასა და სოციალურ-დემოგრაფიულ მახასიათებლებზე. მიუხედავად გენდერული თანასწორობის მხრივ არსებული მიღწევებისა, COVID-19-ის კრიზისის ფონზე, ქვეყანა ზოგიერთი მაჩვენებლით სტაგნაციისა და ჩამორჩენის რისკის წინაშე დგას.

მართალია, საქართველოში ქალებს განათლებაზე ხელი მნიშვნელოვანწილად მიუწვდებათ, მაგრამ ეს არ აისახება მათი კვალიფიკაციის ამაღლებისა და შრომით ბაზარზე დამკვიდრების მაჩვენებლის ზრდაზე. მიუხედავად ქვეყანაში სასკოლო განათლების თითქმის საყოველთაობისა, განათლების სისტემა მთელი ძალით ცდილობს, ხარისხიანი ცოდნა და უნარ-ჩვევები შესძინოს როგორც გოგონებს, ასევე ბიჭებს, მაგრამ, საქართველოში ადამიანური კაპიტალის ინდექსის (HCI) მიხედვით, მოზარდები 18 წლისთვის თავიანთი ადამიანური პოტენციალის მხოლოდ 57%-ის რეალიზებას ახერხებენ.

“მომავლისთვის, საქართველომ უნდა დაალაგოს პრიორიტეტები შესაბამისი კვალიფიკაციის ათვისების ხელშესაწყობად და, როგორც ანგარიშშია ნათქვამი, ქალებისთვის შრომის ბაზარზე გასვლასა და სამეწარმეო საქმიანობაში ხელშეწყობის გაფართოებაზე იზრუნოს. ეს პრიორიტეტები ქალთა ეკონომიკურ შესაძლებლობებში, განვითარებასა და კეთილდღეობაში მათი წვლილის შეტანას წაახალისებს”, – განაცხადა მსოფლიო ბანკის სამხრეთ კავკასიის რეგიონული ოფისის დირექტორმა სებასტიან მოლინეუსმა (Sebastian Molineus).

თავიანთი კაცი კოლეგებისგან განსხვავებით, საქართველოში ქალებს გაცილებით ნაკლები წვდომა აქვთ ეკონომიკურ შესაძლებლობებზე. ქვეყანაში არსებულ სამუშაო ძალაში გენდერული სხვაობა 19%-ს შეადგენს, მაშინ, როცა სხვაობა შრომით ანაზღაურებაში 16%-ს უჩვენებს, დემოგრაფიული და შრომითი მახასიათებლების გათვალისწინებით. გარდა ამისა, ქალთა პროფესიული და სფეროებრივი სეგრეგაცია მათ საშუალებას არ აძლევს, დაბალანაზღაურებადი სფეროებიდან მაღალანაზღაურებადში გადაინაცვლონ და მათ მეცნიერების, ტექნოლოგიების, ინჟინერიისა და მათემატიკის სფეროებს (STEM) მიღმა ტოვებს. მით უფრო, ფინანსებზე შეზღუდულ წვდომასა და სხვა ბარიერებს ქალების სამეწარმეო პოტენციალზე უარყოფითი გავლენის მოხდენა შეუძლია.

“წელს ქალთა საერთაშორისო დღეს მსოფლიო ქალთა ლიდერობასა და COVID-19-თან ბრძოლაში მათ წვლილს ზეიმობდა, მაგრამ არსებობს რისკი, რომ პანდემიამ პროგრესი შეაჩეროს და არსებული გენდერული განსხვავება კიდევ უფრო გააღრმავოს”, – განაცხადა ალან ფუქს ტარლოვსკიმ (Alan Fuchs Tarlovsky), მსოფლიო ბანკის უფროსმა ეკონომისტმა.

ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონებში, პანდემიამ გენდერული მოწყვლადობა კიდევ მეტად გააღრმავა. ქალები დიდი სტრესის წინაშე აღმოჩნდნენ, როდესაც ანაზღაურებადი და არაანაზღაურებადი შრომის დაბალანსება მოუწიათ, – ოჯახისა და ბავშვების მოვლისა და ბიზნესის შეთავსება. საქართველოში ახლახან ჩატარებული გამოკითხვს მიხედვით, COVID-19-ის პანდემიისას, ქალებს კაცებზე გაცილებით ხშირად უწევდათ სამსახურის დატოვება.

ისევე, როგორც სხვა ქვეყნებში, საქართველოშიც, გენდერული ძალადობის პრობლემის გადაჭრისა და გაგებისთვის სერიოზული წინაღობაა მონაცემთა შეზღუდულობა. არსებული მონაცემების მიხედვით, ქალთა 6% პარტნიორისგან ცხოვრების მანძილზე ფიზიკური და/ან სქესობრივი ძალადობის მსხვერპლი ყოფილა. აქ, მიუხედავად ამ პრობლემასთან ბრძოლაში მომსახურებისა და პოლიტიკის პროგრესისა, ინფორმაცია გენდერული ძალადობის შესახებ ხშირად შემცირებულია. მეორე მხრივ, როგორც ჩანს, იცვლება ის გენდერული ნორმები, რომლებიც ტრადიციულად ამყარებენ გენდერულ ძალადობას, განსაკუთრებით – ახალგაზრდობაში.

მსოფლიო ბანკის ჯგუფი განაგრძობს მთავრობის, სამოქალაქო საზოგადოებისა და განვითარებაში ხელისშემწყობი სხვა პარტნიორების მხარდაჭერას, საქართველოსა და მის ხალხში გენდერული თანასწორობის გამყარების მიზნით.

worldbank.org