ბლოგები / ქალზე ძალადობა

მსხვერპლი, რომელიც დამნაშავედ ჩანს, ანუ ნესტან–დარეჯანის პიროვნების ალტერნატიული გააზრება

სინამდვილეში,  „ვეფხისტყაოსანი“ გაცილებით უფრო სიღრმისეულად და მრავალმხრივად შეგვიძლია, გავაანალიზოთ, ვიდრე ამას ჩვეულებრივ აკეთებენ ხოლმე სკოლებში. აი, მაგალითად, ნესტან–დარეჯანის საქციელი, როცა მან ტარიელს სთხოვა ხვარაზმშას, მის ცოლად წასაყვანად მომავალი სასიძოს, მოკვლა, რადგან ხვარაზმშას ცოლობა არ სურდა. ამ მკვლელობის შემდეგ, როდესაც ნესტან–დარეჯანის მამა, ინდოეთის მეფე, გაიგებს, რომ მკვლელობა მისი შვილის დაკვეთითა და მოთხოვნით მოხდა, ნესტანს ადანაშაულებს: „თუ ტარიელი გიყვარდა და არ გინდოდა, ხვარაზმშას წაყოლოდი, რატომ არ თქვი, რას აკვლევინებდიო?“.

მახსოვს, ეს მომენტი რომ წავიკითხეთ, ჩვენც კლასში კოლექტიურად დავგმეთ ნესტან–დარეჯანის საქციელი. მაგრამ, ახლა რომ ვუფიქრდები, ყველაფერი ისე მარტივად რომ იყოს, კარგი იქნებოდა. ის, რომ ნესტან–დარეჯანს პროტესტი გამოეთქვა ან თუნდაც გაემხილა მამისთვის, რომ ვიღაც უყვარდა, არანაირად არ ჯდებოდა იმ გარემოს ლოგიკაში, რაც წიგნში იყო აღწერილი. წარმოვიდგინოთ ის გარემო, რომელშიც ნესტან–დარეჯანი ცხოვრობდა და იზრდებოდა „ვეფხისტყაოსნის“ მიხედვით. მამამისმა ის კოშკში ჩაკეტა ბავშვობიდანვე, რათა არ ჰქონოდა უცხო ხალხთან შეხვედრის საშუალება, რათა მხოლოდ მათ მოენახულებინათ და მათთან ჰქონოდა ურთიერთობა, ვისაც მამამისი დაუშვებდა, რათა შემთხვევით არ შეხვედროდა და არ შეყვარებოდა ვინმე, ვისთან დაქორწინებაც მამამისისთვის მიუღებელი იქნებოდა. ფაქტობრივად, ნესტანი უდანაშაულოდ პატიმრობაში იყო გამოკეტილი, კომფორტულ ციხეში. ის თითქმის განმარტოებით იზრდებოდა, საზოგადოებისგან, თუნდაც არისტოკრატიულისგან, მოშორებული, მისი სანაცნობო წრე კი მკაცრად იყო შეზღუდული და ძირითადად მამიდათი და მოსამსახურეებით შემოიფარგლებოდა. მარტოობა, ჩაკეტილობა. ამასთანავე, მისი დანიშვნა/გათხოვების გადაწყვეტილება მამამისმა ისე მიიღო, რომ შვილისთვის აზრი არც უკითხავს, ეს საკითხი არც განუხილავს.

აქედან რა ჩანს? – ის, რომ ნესტანის აზრისთვის თავისივე გათხოვების საკითხზე არავითარი სივრცე არ არსებობდა. ვიღაც იტყვის, რომ ყოფილიყო  ძლიერი, დაერღვია ყველა ტრადიცია და ნორმა, არ დამორჩილებოდა მამას და პირდაპირ ეთქვა ყველაფერიო. მოეთხოვა მამასთან შეხვედრა, ყველაფერი პირდაპირ ეთქვა, ხოლო თუ მამა–მეფე მაინც გაჯიქდებოდა, აეხსნა, რომ ეს „ოჯახში ძალადობაა მის ნებაზე“, „მისი უფლებების, თავისუფალი ნების შელახვა“ და რომ ამის გამო შეეძლო „სამართლებრივი ზომებისთვის მიმართვა“ და ა.შ. მაგრამ, ნუ გვავიწყდება, რომ იმისათვის, რომ ადამიანმა შეძლოს მსგავსი ფორმით პროტესტი, ის საკმარისად უნდა იყოს გაძლიერებული, უნდა ჰქონდეს თვალწინ მსგავსი პროტესტის წარმატებული მაგალითები, მინიმუმ, საზოგადოებაში უნდა ცხოვრობდეს და შესაბამისი ღირებულებებისა და დამოკიდებულებების ჩამოყალიბების საშუალება უნდა ჰქონდეს, თუნდაც მსგავს ადამიანებთან ურთიერთობა, თუნდაც შესაბამისი ლიტერატურის კითხვა. მასთან კი, მხოლოდ ის ადამიანები დაიშვებოდნენ, ვინც მამამისის მკაცრ კონტროლს გაივლიდა და რომელი პროტესტისა და „თვითადვოკატირების“ უნარებზეა ლაპარაკი? ნესტანის ყოველდღიური საქმიანობა იყო წამოწოლილი წიგნების კითხვა და თხილ–თაფლის ჭამა. ის დანარჩენ სამყაროს ბავშვობიდანვე იყო მოწყვეტილი. შესაბამისად, მას  თავისუფლებასა და არათავისუფლებას, იძულებასა და ნებაყოფლობას შორის შედარების საშუალებაც არ ჰქონია. ადამიანთა გარკვეულ წრესთან, საზოგადოებასთან მისი რეალური ურთიერთობა სწორედ ამ მკვლელობის შემდეგ დაიწყო. ის მხოლოდ ამ მკვლელობის შემდეგ „შეეჯახა“ რეალურ ცხოვრებას, უფრო სწორად კი მაშინ, როცა გაიგო, რომ მის გასათხოვებლად ვიღაცას ეპატიჟებოდნენ.

ასე რომ, საკმაოდ ბუნებრივია, რომ არასასურველი ქორწინების თავიდან ასაცილებლად, მან უკეთესი ვერაფერი მოიფიქრა, გარდა იმისა, რაც მოიფიქრა. ძალიან ძნელი წარმოსადგენია, რომ ნესტან–დარეჯანის მდგომარეობაში მყოფ, მის მსგავს გარემოსა და გარემოცვაში გაზრდილ ქალს უბრალოდ მოსვლოდა აზრად, პროტესტი პირდაპირ გამოეთქვა, თანაც გადაწყვეტილების მიმღების, მამამისის, გასაგონად.