ბავშვზე ძალადობა / ბლოგები / სექსუალური ძალადობა

მღვდელი, რომელმაც ჩემი ნდობა ბოროტად გამოიყენა

ავტორი: მარიამ ჯვართავა

ამის გამხელა და საკუთარ თავთან აღიარება ახლა მხოლოდ იმ მიზეზით გადავწყვიტე, რომ ადრე გულწრფელად მეშინოდა იმ საზოგადოების აზრის, რომელსაც თავისუფლად შეუძლია, ქვა მესროლოს სასულიერო პირის მხილების გამო. ახლა, როდესაც მოვიკრიბე ძალები და ვიპოვე შინაგანი თავისუფლება და სიყვარული საკუთარი თავის მიმართ, გადავწყვიტე, თქვენთვის ეს საზარელი ფაქტი გამეზიარებინა.

ზუსტად მახსოვს, 19 წლის ვიყავი. თბილისის ერთ-ერთ ეკლესიაში მივედი, სადაც ჩემი ნაცნობი მღვდელი მსახურობდა. იმ პერიოდში გარკვეული ასაკობრივი პრობლემები მქონდა და რატომღაც გადავწყვიტე, რომ “მამაოსთან” დალაპარაკება, ასე თუ ისე, მომიგვარებდა ამ პრობლემას, თუნდაც შინაგანად.

მოკლედ, მივედი და დავიწყე საუბარი ჩემს პრობლემაზე. როგორც კი ვახსენე ძირითადი საკითხი, “მამაოს” სახეზე ირონიული და სრულიად დამცინავი გამომეტყველება შევამჩნიე. რატომღაც, არ მივაქციე ამას დიდი ყურადღება და საუბარი განვაგრძე. როდესაც დავასრულე, ერთი ფრაზა მითხრა, შენ რაღაცეები გეჩვენებაო, და ამით დაასრულა.

შემდეგ დაიწყო ისეთი საუბარი, როგორსაც არ მოველოდი არასოდეს, მთელი ჩემი ცხოვრების მანძილზე… დაიწყო ყურადღების გამახვილება ჩემს სხეულზე, – თუ როგორი ლამაზი მ კ ე რ დ ი მაქვს, როგორი ლამაზი ქალი დავდგები, რომ ამ ჩემს ლამაზ სხეულს “შესაბამისი მოფრთხილება” სჭირდება, თან სრულიად მოულოდნელად, ჯერ ლოყაზე მომითათუნა ხელი და შემდეგ, თითქოსდა შემთხვევით, ხელი ჩამომისრიალა მკერდზე. მე იმდენად ვენდობოდი ზოგადად ეკლესიას და მღვდლებს, რომ არ მქონდა ამაზე რეაქცია (რასაც ახლა ვნანობ).

ასე დავასრულეთ საუბარი. წამოსვლამდე ერთი გემრიელი ტუჩის ალოკვა შევნიშნე “მამაოსგან” ჩემი მისამართით და წამოვედი იმ ეკლესიიდან ისე, რომ უკან არც მივბრუნებულვარ არასოდეს. თუ საჭირო გახდება, საჭირო ადამიანებს მოვახსენებ კიდეც ეკლესიის სახელსაც და იმ ეგრეთ წოდებული “მამაოს” სახელსაც.

დღეს უკვე ვრწმუნდები, რომ გარყვნილი აზროვნების მოძალადეები და პედოფილები არა ჩვენში, საზოგადოებაში, არამედ სწორედ რომ ეკლესიაში უნდა ვეძებოთ, რადგან იქ იზრდება ქართველი მომავალი თაობის უმეტესი ნაწილი. იქ დადიან ახალგაზრდა, გამოუცდელი და გარდატეხის პერიოდში მყოფი გოგოები/ბიჭები და მათთვის, ისევე როგორც ჩემთვის, მსგავსი ქმედებები, აუცილებლად იქნება ფსიქოლოგიური ტრავმის გამომწვევი.

დღესდღეობით, სრულიად ჩამოვშორდი ეკლესიას, “ღვთისმსახურებს”, რელიგიას და ზოგადად ყველაფერს, რაც რელიგიას უკავშირდება და ამის გამო უფრო მეტ შინაგან თავისუფლებას ვგრძნობ. ჩემი შიშების უმეტესობა ნელ-ნელა ნულს უტოლდება და ვარ იმაზე ბედნიერი, ვიდრე ოდესმე ვყოფილვარ.

რაც შეეხება სასულიერო პირების მხრიდან ძალადობას ახალგაზრდა გოგო-ბიჭებზე, ეს ყოველთვის იყო, არის და ყოველთვის იქნება…