სექსუალობა

“მშვიდი რევოლუცია“ – ირლანდიელების ხმა აბორტის ლეგალიზაციას

ირლანდიელმა ამომრჩეველმა დიდი უმრავლესობით ხმა ქვეყანაში აბორტის ლეგალიზაციას მისცა. აბორტი ირლანდიაში აქადე მხოლოდ იმ შემთხვევაში იყო ნებადართული, თუ ორსულობა დედის სიცოცხლეს ემუქრებოდა.

რეფერენდუმის საბოლოო შედეგები ადგილობრივი დროით დაახლ. 18 საათისთვის გამოხადდა: ორსულობის ხელოვნურად შეწყვეტის აკრძალვის გაუქმებას ხმა ამომრჩევლის 66,4%-მა მისცა, წინააღმდეგი კი 33,6% აღმოჩნდა. რეფენერდუმზე ამომრჩევლის აქტიურობამ 64%-ს გადააჭარბა.

ჯერ კიდევ საბოლოო შედეგების გამოცხადებამდე, ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ლეო ვარადკარმა (Leo Varadkar) მომხდარს „მშვიდი რევოლუცია“ უწოდა. თავად ვარადკარი კანონმდებლობის ლიბერალიზაციის მომხრე იყო.

„ხალხმა თავისი სურვილი გამოხატა. ქვეყნის მოქალაქეებმა გვაჩვენეს, რომ მათ თანამედროვე კონსტიტუცია სურთ, თანამედროვე სახელმწიფოში“, – განაცხადა მან. პრემიერმა ხაზი გაუსვა იმასაც, რომ ირლანდიელმა ამომრჩეველმა პატივისცემა გამოხატა ქალის უფლების მიმართ, დამოუკიდებლად მიიღოს გადაწყვეტილება საკუთარ ჯანმრთელობასთან დაკავშირებით.

რეფერენდუმის შედეგი ჯერ კიდევ ეგზიტპოლებით გახდა ნათელი: ლეგალიზაციის მომხრეები აქ თითქმის ორჯერ ლიდერობდნენ. დუბლინში სხვაობა უფრო მკვეთრი იყო: RTÉ-ს ეგზიტპოლის თანახმად, აბორტის აკრძალვის გაუქმებას მხარი აქ ამომრჩეველთა სამ მეოთხედზე მეტმა დაუჭირა.

25 მაისის რეფერენდუმზე, ამომრჩეველს ხმა უნდა მიეცა ირლანდიის კონსტიტუციაში მერვე ჩასწორების გაუქმების ან ძალაში დატოვებისთვის, რომელიც ემბრიონის სიცოცხლის უფლებას ეხება. მასში საუბარია იმის ესახებ, რომ ბავშვს ჩასახვიდანვე ენიჭება იგივე უფლება სიცოცხლეზე, როგორც ეს თავად ორსულ ქალს გააჩნია. ეს ჩასწორება 1983 წელს იქნა მიღებული, ასევე რეფერენდუმის შედეგად.

ახლა უკვე, ჯერი ირლანდიის პარლამენტზეა: იგი მიიღებს კანონს, რომლის თანახმადაც, 12 კვირამდე ორსულობის შეწყვეტის მოსურნე ქალს ამის გაკეთება მიზეზის დასახელების გარეშე შეეძლება. მე-12 კვირის შემდეგ კი, ორსულობის ხელოვნურად შეწყვეტა მხოლოდ ქალის სიცოცხლის საფრთხეში ყოფნის შემთხვევაში იქნება შესაძლებელი.

პრემიერ-მინისტრის თქმით, კანონი ძალაში უკვე მიმდინარე წელს შევა.

რეფერენდუმის შედეგებს მიესალმნენ ოპოზიციური პარტიები Fianna Fáil და Sinn Féin, ასევე, უფლებადაცვითი ორგანიზაცია Amnesty International, რომელმაც რეფერენდუმს ქალთა უფლებებისთვის ბრძოლაში გარდამტეხი მომენტი უწოდა. ადრე, ორგანიზაცია აცხადებდა, რომ ირლანდიის რესპუბლიკაში არსებული სასტიკი კანონები ქალებს „ბავშვების გამჩენ ჭურჭლად“ მოიაზრებდა.

რეფერენდუმმა რეზონანსი საზღვრის იქითაც, ჩრდილოეთ ირლანდიაში, გამოიწვია, სადაც აბორტთან დაკავშირებით გაერთიანებული სამეფოს სხვა ტერიტორიებთან შედარებით ყველაზე სასტიკი კანონები მოქმედებს. აქ ძალადობის, ინცესტის ან ნაყოფის განვითარების ანომალიის შემთხვევაშიც კი შეუძლებელია ორსულობის ხელოვნურ შეწყვეტაზე ნებართვის მიღება.

ბრიტანეთის საერთაშორისო განვითარების მინისტრი პენი მორდონტი (Penny Mordaunt), რომელსაც ასევე ქალთა უფლებებისა და გენდერული თანასწორობის საკითხები აბარია მთავრობაში, იმედს გამოთქვამს, რომ ირლანდიის რეფერენდუმის შედეგი საფუძველი გახდება ჩრდილოეთ ირლანდიის კანონმდებლობის ლიბერალიზაციისთვის.

წყარო: bbc.com