იმ პანიკამ, რომელიც გარკვეული ონლაინ თამაშების გავრცელებას ახლავს თან, საქართველოშიც შემოაღწია. სკეპტიკოსები ფიქრობენ, რომ ე. წ. „სიკვდილის თამაშები“ სხვა არაფერია, თუ არა ჩვენი მეზობელი რუსეთის მსგავსად, ინტერნეტის თავისუფლების შეზღუდვის ლეგიტიმური საბაბი (რუსეთში როსკომნადზორი ვებგვერდებს საკუთარი შეხედულებებისამებრ ბლოკავს).
თუმცა, ბოლო დღეებში სასიკვდილო ონლაინ თამაშების ირგვლივ გავრცელებული ჭორ-მართალი იმის საფუძველს იძლევა, რომ ამ საკითხს ყურადღებით მოვეკიდოთ, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ ოჯახში მოზარდები გვყავს.
როგორც წესი, თამაში იწყება მაშინ, როდესაც მოზარდი თავისი ნებით წევრიანდება ინტერნეტ საზოგადოებაში. კურატორები მას დავალებების შესრულებას (მაგალითად, სხეულზე თვითდაზიანებების მიყენება) და ამის დამადასტურებელი ფოტო/ვიდეომასალის წარდგენას სთხოვენ. თამაშის ადრეულ სტადიაზე, დავალების შესრულებაზე უარის თქმა მხოლოდ მონაწილის თამაშიდან გაგდებით სრულდება. მაგრამ, თამაშის ბოლოსკენ, კურატორები მონაწილეს თამაშიდან გასვლის უფლებას უკვე აღარ აძლევენ და მოზარდს და მისი ოჯახის წევრებს ემუქრებიან. თამაშის ხანგრძლივობა საშუალოდ 50 დღეა, მისი საბოლოო შედეგი კი – თვითმკვლელობა. ამგვარი თამაშის მონაწილე მოზარდი თავის ისტორიას საგულდაგულოდ უმალავს ყველას. ამიტომაც, მშობლები ყოველთვის ვერ ამჩნევენ, რომ მათი შვილის თავს ყველაფერი რიგზე არაა.
მოზარდი – ეს ის ადამიანია, რომელიც საკუთარი თავის შეცნობის პროცესშია. სწორედ ამ ასაკში ყალიბდება თვითშეფასება. ამ დროს, ბავშვში ბევრი რამ იცვლება („მე „კარგი“ იმიტომ კი არ ვარ, რომ დედამ თქვა, არამედ იმიტომ, რომ ვაკეთებ ამას და ამას“).
მოზარდის თვითშეფასებისთვის მნიშვნელოვანია თავისივე თანატოლების აღიარება. ეს ის პროცესია, როდესაც უფროსები მათ თვალში ავტორიტეტს კარგავენ, რადგან მას „ბავშვად“ აღიქვამენ. ხშირად, უფროსებსა და შვილებს შორის გულახდილი საუბრები შეუძლებელია – მშობლები ხშირად მეორეხარისხოვან საკითხებს აქცევენ ყურადღებას (კარგად თუ ჭამს, თბილად თუ აცვია, სკოლაში რა მოსწრება აქვს). როგორც წესი, ამ დროს ბავშვი მარტოა თავის შინაგან განცდებთან. ამიტომაც, მისთვის მნიშვნელოვანია მეგობრებთან ურთიერთობა – მათ ხომ სწორედ მსგავსი პრობლემები აწუხებთ…
ასევე, მუდამ უნდა გვახსოვდეს, რომ მოზარდების ორგანიზმში დიდი ჰორმონული ცვლილებები მიმდინარეობს. ამის გამო, მათი ემოციური ფონი უკიდურესად არასტაბილურია. ისინი შესაძლოა უმიზეზოდ სევდიანდებოდნენ ან მხიარულობდნენ. ხასიათის ეს უცაბედი ცვლილებები მათ აშინებთ. ამგვარი ემოციური არასტაბილურობისგან თავის დასაღწევად, მოზარდი შესაძლოა კონტაქტში შევიდეს აბსოლუტურად სხვადასხვა ადამიანებთან და მოიმოქმედოს აბსოლუტურად უცნაური რამეები. ეს ერთგვარი დახმარების თხოვნაა.
მნიშვნელოვანია, გვესმოდეს, რომ თანამედროვე მოზარდები წინა თაობებისგან მკვეთრად გამოირჩევიან – დაბადებიდან, ისინი საინფორმაციო ტექნოლოგიებით არიან გარემოცულნი და ცხოვრობენ როგორც რეალურ, ასევე კიბერსივრცეში. ამასთანავე, ხშირად მათი ინტერნეტ ცხოვრება ბევრად უფრო გაჯერებული, წარმატებული და მრავალფეროვანია, ვიდრე რეალური. აქ მეტი მეგობარია, ნებისმიერ დროს არის შესაძლებელი მეგობრებთან ურთიერთობა, მათთვის ფოტოების, ვიდეოების, შთაბეჭდილებების გაზიარება. თუ ბავშვი რეალურ ცხოვრებაში აუტსაიდერია, სოციალურ ქსელებში მას ადვილად შეუძლია ახალი, წარმატებული ცხოვრების აგება.
თანამედროვე თინეიჯერებს ხშირად უჭირთ რეალურ სამყაროში ურთიერთობების აგება. მათი კავშირები გადატანილია ონლაინ სივრცეში, გრძნობები კი დაყვანილია სმაილებამდე. ამგვარი ურთიერთობებისას, მიმიკა საერთოდ არ არის საჭირო. ამის გამო, უფროსებს ძალიან უჭირთ ბავშვის გაგება, რადგან მისი სახე ემოციებს არ გამოხატავს. რეალური ურთიერთობების აგების უუნარობა პირდაპირ უბიძგებს მოზარდს თავისი ურთიერთობების ონლაინ გადატანისკენ – მისთვის ყველაფერი ასე უფრო ადვილი, მოსახერხებელი და გასაგებია.
„სასიკვდილო თამაშებს“ მოზარდის ბევრი მოთხოვნის დაკმაყოფილება შეუძლია. მათ შორის უმთავრესი, რა თქმა უნდა, თანატოლების ყურადღებაა. მოზარდს არ შესწევს ძალა, გაერკვეს საკუთარ შინაგან სამყაროში. ამიტომაც, იგი ხშირად ბრმად იღებს მისი ჯგუფის მეგობრებისთვის დამახასიათებელ გარეგნულ ატრიბუტებს. ამგვარად ყალიბდება მოზარდთა სუბკულტურები. თუ ადრე პოპულარობას მოპოვება სჭირდებოდა, – განსაკუთრებულად ჩაცმა, რაიმე განსაკუთრებულის გაკეთება, – ახლა ბავშვები ამას ონლაინ იღებენ: ბლოგების წერით, Youtube-ის კომენტირებით, Instagram-ზე ფოტოების დაპოსტვით და ა. შ.
მსგავს თამაშებში მოზარდების ჩართულობას კინოც უწყობს ხელს. ბოლო დროს, მოზარდებზე ბევრი ფილმი გამოვიდა, სადაც გადარჩენაზე თამაში მიდის („შიმშილის თამაშები“, „ლაბირინთი“ და სხვ.). შარშან ზაფხულში, გამოვიდა ფილმი „ნერვი“(Nerve). მისი მთავარი სლოგანია „ითამაშე, რათა გადარჩე“. მთავარი გმირი მსგავს თამაშში მონაწილეობს, სხვადასხვა სარისკო დავალებებს ასრულებს და ყოველ ჯერზე ფულად ჯილდოს იმსახურებს. ფილმმა არც პერსონაჟებს შორის რომანტიკულ ურთიერთობებს აუარა გვერდი. ბავშვის ფსიქიკაზე დიდი ზემოქმედების მქონე ამგვარი თამაშების რომანტიზება არანაკლები საფრთხის შემცველია, ვიდრე თავად ამგვარი თამაშები.
მოზარდის ამგვარ თამაშებში მონაწილეობის კიდევ ერთი მიზეზი მშობლების ყურადღების მიპყრობის სურვილია: როდესაც უფროსები იმ ხიფათის შესახებ შეიტყობენ, რაც მათ შვილს ემუქრება, ისინი მისი განცდების სიღრმეს შეიცნობენ, დანაშაულის გრძნობა დაეუფლებათ და მეტ სიყვარულს გამოამჟღავნებენ შვილის მიმართ.
სიყვარულისა და ყურადღების ნაკლებობის თემა მოზარდების სუიციდის საკითხს მჭიდროდ უკავშირდება. ბავშვი საკუთარი დაკრძალვის სცენას საინტერესოდ წარმოიდგენს (ლამაზი ცხედარი, ყვავილები, უკიდურესად დასევდიანებული, ძაძებით მოსილი ახლობლები დანაშაულის გრძნობას განიცდიან მიცვალებულის წინაშე, რომ იგი სიცოცხლეში ჯეროვნად ვერ დააფასეს და ა. შ.). ამგვარ ფანტაზიებში, ბავშვი იმის მიღებას ცდილობს, რაც მას რეალურ სამყაროში აკლია. ნიშანდობლივია, რომ მოზარდობის ასაკამდე, ადამიანი სიკვდილის თემას ხშირად არ აწყდება. შესაბამისად, მას მისი არც ეშინია.
მოზარდობისას ჩადენილი თვითმკვლელობა სიკვდილის სურვილით არ არის გამოწვეული. ეს უფრო იმ პრობლემებისგან გაქცევაა, რომელიც მას ახალი სოციალური სტატუსის შეძენასთან ერთად უჩნდება (უპასუხო სიყვარული, იგნორი გარემომცველი სამყაროსგან, ურთიერთობების აგების უუნარობა და სხვ.). თვითმკვლელობა, შესაძლოა, აუტოაგრესიის გამოვლინებაც იყოს: თუ ბავშვი თავის პრობლემებს ვერ უმკლავდება და რაიმე მიზეზით არ შეუძლია ამ უკმაყოფილების და უარყოფითი ემოციების გარეთ გამოშვება, იგი ამ აგრესიას თავისკენ მომართავს. სუიციდისკენ მას შესაძლოა იმის გაცნობიერებამაც უბიძგოს, რომ ისეთი არ არის, როგორის ხილვაც გარშემო მყოფებს სურთ, – ანუ იდეალური.
მაგრამ, ონლაინ თამაშების დავალებებით ჩადენილი სუიციდი ჩვეულებრივი სუიციდისგან იმით განსხვავდება, რომ ამ დროს, მოზარდმა შესაძლოა ნეგატიური ემოციები არც კი განიცადოს. ამის გამო, უფროსებს ძალიან უჭირთ იმ საფრთხის ამოცნობა, რომელიც მათ ნელ-ნელა უახლოვდებათ. მნიშვნელოვანია, გვესმოდეს, როგორ უნდა მოვაგვაროთ მოზარდთან კომუნიკაციის პრობლემა და რისი გაკეთება არ შეიძლება.
რა არ უნდა მოიმოქმედოს მშობელმა
- მოაწყოს შემოწმებები და დათვალიერებები – მოზარდი თავის თავში უფრო მეტად ჩაიკეტება და თავისი მოქმედებების უკეთ დამალვას ისწავლის. მას თავისი ტერიტორია, კერძო ცხოვრება სჭირდება. მისი ონლაინ საუბრები ყველაზე ინტიმურია, რაც კი შეიძლება მას გააჩნდეს. ამიტომაც, მშობელს მათი წაკითხვის უფლება არ აქვს. ბავშვის პირად სივრცეში შეჭრით, უფროსი უპატივცემულობას ავლენს მის მიმართ და ადასტურებს, რომ შვილს სრულფასოვან ადამიანად არ აღიქვამს.
- სოციალურ ქსელებში ურთიერთობების აკრძალვა. ბავშვის ცხოვრების მნიშვნელოვანი ნაწილი სწორედ ონლაინ მიმდინარეობს. იგი მზად არ იქნება ამასთან განსაშორებლად. ურთიერთობის გასაგრძელებლად, მოზარდი ინტერნეტში მალულად შევა, რაც მას მუდმივი ტყუილის რეჟიმში ცხოვრებას აიძულებს. ფაქტიურად, ჩვენ ამ დროს მას ვუბიძგებთ, ტყუილს მიეჩვიოს. თუ ბავშვი ძალიან დამჯერეა და აკრძალვას არ დაარღვევს, მხოლოდ იმის შეგრძნება, რომ ვირტუალური ცხოვრება მის გარეშე მიმდინარეობს, მას ძალიან გააუბედურებს.
- ბავშვთან ჩხუბი, მისთვის ყვირილი. სჯობს, ჩვენი განცდები მშვიდად გამოვთქვათ, ყველა გრძნობას და მდგომარეობას სახელი მოვუძებნოთ, რასაც მშობელი განიცდის. ეს მოზარდის მოთხოვნას დააკმაყოფილებს, ჰქონდეს „ღრმა“ და გარკვეული ურთიერთობა. იგი ასე ადვილად ჩაწვდება სიტუაციის არსში უფროსის პოზიციას. გარდა ამისა, თავის მდგომარეობაზე საუბრისას, უფროსი შვილს უჩვენებს, თუ რა გზებით არეგულირებს თავის ემოციებს. ამას მოზარდი აღიქვამს და იგივეს გაკეთებას ისწავლის.
- ბავშვზე ზეწოლა. ნუ მოვითხოვთ მისგან, რომ იგი მშობლების მოლოდინებს უნდა ამართლებდეს. მნიშვნელოვანია, მოზარდს ავუხსნათ, რომ მაშინაც კი, თუ იგი წარმატებული ადამიანის ყველა კრიტერიუმს ვერ აკმაყოფილებს, მშობლებს იგი მაინც უყვართ და მზად არიან ნებისმიერ მომენტში მის მხარდასაჭერად.
- სხვასთან შედარება. მოზარდის სხვასთან შედარება იმას ნიშნავს, რომ უფროსები მას უარყოფენ ისეთს, როგორიც არის. ეს მოზარდის თვითიდენტიფიკაციას არღვევს („მე ისეთი არ ვარ, როგორიც საჭიროა“) და მასში მარტოობის, უსარგებლობისა და არასრულფასოვნების გრძნობას აღვივებს.
- ფუჭი, უმიზეზო მუქარა („მე შენ გიჩვენებ სეირს, თუ ყველაფერი ისე არაა, როგორც საჭიროა“, „აბა გაბედე და…“). ბუნდოვანი სასჯელი მოზარდს აიძულებს, იფიქროს, რის გამო სჯიან. ამგვარი ფრაზები მის შფოთვებს აძლიერებს, რაც შესაძლოა, მისთვის აუტანელიც იყოს და მისი მხრიდან არასასურველი მოქმედებების პროვოცირებაც გამოიწვიოს. თუ აკრძალული ქმედებების ჩადენის შემდეგ, ბავშვის სასჯელი ძალიან უმნიშვნელოა ან საერთოდ არ ხდება, – მის თვალში მშობლები ავტორიტეტს კარგავენ.
- ბავშვის მანიპულატორული ფრაზების იგნორირება სიკვდილის შესახებ („ჯობდა, მოვმკვდარიყავი“, „ჩემს დაკრძალვაზე რას იტყვით?“). მნიშვნელოვანია, რომ უფროსები ბავშვთან სიკვდილის თემას განიხილავდნენ: სიკვდილი საშინელებაა, კოშმარია, ტკივილია. ამგვარი საუბრები მას სიკვდილის შესახებ დააფიქრებს და აიძულებს, მას მხოლოდ საკუთარი პოზიციიდან არ შეხედოს. რა თქმა უნდა, არ ღირს მსგავსი საუბრების ბოროტად გამოყენება და ბავშვის დაშინება. თუმცა, სიკვდილის შიშის გასამყარებლად, ეს ჩინებული მეთოდია.
რა უნდა მოიმოქმედოს მშობელმა
- მსგავსი ინტერნეტ ჯგუფების შესახებ ბავშვთან საუბარი. მას უნდა ავუხსნათ, რომ მოზარდებით სხვა ადამიანები მანიპულირებენ, რომ ამ ადამიანებს საკუთარი მიზნები აქვთ, რომ მათი ინტერესები კურატორებს სრულიადაც არ ანაღვლებთ.
- ბავშვს უნდა მივცეთ შესაძლებლობა, დახმარება გვთხოვოს. მნიშვნელოვანია, მოზარდს ესმოდეს, რომ არსებობენ უფროსები, რომლებზე დაყრდნობაც ნებისმიერ მომენტში შეუძლიათ – მშობლები, ნათესავები, მასწავლებელი, სკოლის ფსიქოლოგი, სოციალური მუშაკი და სხვ.
- მოზარდი თავის პრობლემებთან მარტო არ უნდა დავტოვოთ. უნდა დავინტერესდეთ მისი ცხოვრებით, მშობელმა მას სიყვარული და ზრუნვა უნდა გაუზიაროს. ბავშვთან ერთად სიტუაციის გაანალიზებისას, უფროსი ამ სიტუაციის სხვადასხვა მხრიდან შეხედვას სწავლობს, რაც მისი ეფექტური გადაწყვეტის საწინდარია. მშობელს უკვე გამოუვლია მოზარდობის ასაკი და გარკვეული სირთულეების გადაწყვეტის გამოცდილება აქვს. თუმცა, დიალოგის მონოლოგად გადაქცევა დაუშვებელია („ჩვენ დროს ასე არ იყო…“).
- საკუთარი გრძნობების აღწერა. ამგვარად, უფროსი შვილს უჩვენებს, თუ როგორი მნიშვნელოვანია მისთვის ბავშვის შინაგანი სამყარო. ემოციების გაცვლა-გამოცვლა კონტაქტის დამყარებას უწყობს ხელს, რაც მოცემულ სიტუაციაში მოზარდზე ორიენტირების საშუალებას იძლევა.
- ვიცოდეთ ბავშვის ფასი. ამისათვის, სავსებით საკმარისია, ვესაუბროთ მას. შეგვიძლია, მას ვკითხოთ, რა აღელვებს, ვინ უნდა გამოვიდეს, რისი მიღწევა სურს და თავისი პრობლემების გადაჭრით რას ესწრაფვის. მისთვის ახალი ფასეულობები აკურატულად, ძალდატანებისა და დაცინვის გარეშე, ფრთხილად უნდა მივაწოდოთ და იგი მის აუცილებლობაში უნდა დავარწმუნოთ.
- თუ მართალი არ ვართ, უნდა შეგვეძლოს პატიების თხოვნა. ამით, უფროსი უჩვენებს, რომ პატივს სცემს ბავშვის გრძნობებს, და მას შეცდომის დაშვების უფლებასაც ანიჭებს. დიახ, იდეალური ადამიანები არ არსებობენ.
რა თქმა უნდა, მოზარდების ინტერესები ძალზე სწრაფად იცვლება და სხვა ქვეყნების გამოცდილებით, ონლაინ თამაშების მიმართ ინტერესიც მალე მინავლდება, მაგრამ მნიშვნელოვანია, გვახსოვდეს, რომ მშობლების მონაწილეობა შვილების ცხოვრებაში მათ უამრავი საფრთხისგან დაიცავს.