ამ დღიურების წერას ორი დღე მოვანდომე, 15 და 16 ოქტომბერი. ეს დღეები კარგად უნდა დავიხსომო იმიტომ, რომ მას შემდეგ რაც საქართველოდან წამოვედი და ფორმალურად გამოვეცალე ქართულ ფემინისტურ და ლგბტ აქტივიზმს, ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც შფოთვას გადავაბიჯე და საკუთარი გამოცდილებების გადააზრება დავიწყე.
ფემინისტი რომ ვარ, პირველ რიგში ალბათ დედაჩემის დამსახურებაა. დედა თავისუფლების მოყვარული, ძლიერი ქალია და არასოდეს ანიჭებს საზოგადოებრივ აზრს იმაზე მეტ მნიშვნელობას, ვიდრე საკუთარი ოჯახის კეთილდღეობას. პატარა რომ ვიყავი, მუდამ მიმეორებდა „ჯერ ისწავლი, მერე მუშაობას დაიწყებ და მერე თუ გათხოვება და შვილების გაჩენა მოგინდა, გზა ხსნილი გაქვს. მხოლოდ ის დაიხსომე, რომ არასოდეს არავისზე არ უნდა იყო დამოკიდებული საკუთარი თავის გარდა“, შესაბამისად ჩემთვის ის აზრი, რომ ქალის ერთადერთი ფუნქცია ოჯახის შექმნა და შვილების გაჩენაა, ყოველთვის უცხო იყო. მშობლებთან ყოველთვის თავისუფლად შემეძლო ლაპარაკი, ვგრძნობდი, რომ ბავშვობიდან პატივს მცემდნენ, როგორც პიროვნებას და არასოდეს მახვევდნენ თავს იმას, რასაც სოციუმი კარნახობდათ.
ჩემი ბავშვობა 90-იანებს დაემთხვა და ჩემი ფემინისტური თვითგამორკვევის განმსაზღვრელი მეორე ფაქტორიც ალბათ ეს იყო. ძალიან მჭრიდა თვალს ის ფაქტი, რომ სანამ (მათ შორის უმაღლესი განათლების მქონე) ქალები დამლაგებლებად და გარემოვაჭრეებად მუშაოდბნენ, შუალედში სახლის საქმეს აკეთებდნენ და ბავშვებს უვლიდნენ, მათი ქმრები ეზოში დომინოს ურახუნებდნენ ან სვამდნენ (თან მანდილოსნების სადღეგრძელოც არ ავიწყდებოდათ). როგორც აღმოჩნდა, ეკონომიკური კრიზისის პერიოდში „დამდაბლებული“ სოციალური სტატუსი ქალების უმრავლესობისთვის ნაკლებ მნიშვნელოვანი აღმოჩნდა, ვიდრე საკუთარი ოჯახის კეთილდღეობა. ხშირად მესმის, რომ კაცებს სტატუსის დაკარგვა დეპრესიაში აგდებთ, კი, ეს პატრიარქალური საზოგადოების გვერდითი მოვლენაა კაცებისთვის, მაგრამ ქალებს იმ წლებში დეპრესიაში ყოფნის ფუფუნება თითქმის არ ჰქონიათ. ბევრი ქალი გაჭირვების გამო საკუთარ კერას მოწყდა და სად აღარ წავიდა სამუშაოდ. მახსოვს, ერთხელ მამაჩემის მშობლებთან ზაფხულის გასატარებლად დუშეთში რომ დავბრუნდი, სამეზობლოში მცხოვრები ახალგაზრდა ქალების ნაწილი იქ აღარ დამხვდა. ჰოდა, სანამ მათი ნაშრომი ფულით ნაყიდ ტელევიზორებში სერიალებს ვუყურებდით, მეზობლები ერთმანეთს უყვებოდნენ, როგორ გადადიოდნენ ეს ქალები საბერძნეთის საზღვარს ავტობუსების საბარგულებში და როგორ იდგამდნენ წელებზე ფეხს ოჯახში ფულის გამოსაგზავნად. მოკლედ, ბევრი რამ იყო, რაც ბავშვობიდან მაფიქრებდა და დიდ კითხვის ნიშნებს მიჩენდა, განსაკუთრებით როდესაც გარშემომყოფები ქალის მორჩილებაზე ლექციებს კითხულობდნენ.
ქალებისადმი ორმაგი დამოკიდებულება, რომელიც ზემოთ აღვწერე, ჩემს ყოველდღიურ ქცევასა და სამყაროს აღქმაზე ახდენდა გავლენას, თუმცა ფემინიზმზე და ადამიანის უფლებებზე, როგორც საქმიანობის სფეროზე საკმაოდ გვიან დავფიქრდი. ამის ბიძგი უფრო საკუთარმა სექსუალურმა ორიენტაციამ და გარიყულობისგან თავის დაღწევის სურვილმა მომცა. 2009 წელს, საკუთარ თავთან დიდი ხნის ჭიდილის შემდეგ, შევურიგდი იმ ფაქტს, რომ ლესბოსელი ვარ, რომ ამაში ცუდი არაფერია და, რომ ჰაერივით მჭირდება მსგავსი გამოცდილების მქონე ადამიანების გაცნობა. მეგობარმა მიმიყვანა „ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფის“ და ფონდ „ინკლუზივის“ საზიარო ოფისში კინოჩვენებაზე და თემის წევრები გამაცნო.
ადამიანები, რომლებიც იქ გავიცანი და გარემო, რომელსაც ერთად ვქმნიდით მალევე გახდა ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი. გრძნობას, რომ რაღაც დიდისა და საინტერესოს ნაწილი გავხდი ალბათ ისიც ამძაფრებდა, რომ იმ პერიოდში არათუ ლესბი, ბი ან ტრანსი ქალებისთვისთვის, არამედ ზოგადად ფემინიზმით დაინტერესებული ქალებისთვისაც კი ძალიან ცოტა სივრცე იყო. სოციალურ ქსელში არ იყო სადისკუსიო პლატფორმები, ასევე არ გვქონდა მეგობრულად განწყობილი ბარები და სათემო ცენტრიც მხოლოდ ერთ ორგანიზაციას ჰქონდა. მიუხედავად ჩაკეტილობისა, დღევანდელი გადმოსახედიდან ის პერიოდი ძალიან მენატრება იმიტომ, რომ მაშინ უფრო მეტ დროს ვხარჯავდით ერთმანეთთან ლაპარაკზე, სხვადასხვა საკითხის განხილვაზე და დისკუსია, როგორც პროცესი უფრო მნიშვნელოვნად მიგვაჩნდა, ვიდრე დღეს. აქტივიზმი ჩვენთვის ახალი და ძლიერი ინსტრუმენტი იყო და არა ინერცია, რომელიც დღეს ბევრ გადაღლილ ჩვენგანს ამოძრავებს.
გასაკვირი არაა, რომ „ფემინისტების დამოუკიდებელი ჯგუფი“ – ერთ-ერთი, რაც ჩემს აქტივიზმში ყველაზე მეტად მეძვირფასება და მეამაყება, სწორედ იმ პერიოდში დაიბადა. 2010 წლის ზაფხულში თანამოაზრეების ჯგუფმა ქალთა სხეულებრივი უფლებების მხარდასაჭერი მსვლელობის ჩატარება გადავწყვიტეთ. ეს იყო პირველი ჩვენთვის ცნობილი მსვლელობა საქართველოში, რომელსაც მკაფიოდ ფემინისტური მესიჯი ჰქონდა. ჩვენ კარგად ვხედავდით, რომ ქალის სექსუალობის ტაბუირება ძალადობის წყაროა, ასევე ვხედავდით, რომ ამ საკითხებზე ხმამაღლა თითქმის არავინ საუბრობდა მათ შორის არასამთავრობო სექტორში. ამავე პერიოდს დაემთხვა საპატრიარქოს მიერ აგორებული მორიგი კამპანია აბორტების აკრძალვის მოთხოვნით, რომელიც უპრობლემოდ მიმდიონარეობდა და შუქდებოდა ყოველგვარი ალტერნატიული აზრის გარეშე. იმ დროისთვის ჩვენი მთავარი კრიტიკა არასამთავრობო სექტორის მიმართ სწორედ სტრატეგიულად გაცხადებული პოზიციების ნაკლებობა იყო. მსვლელობის გარშემო დაწყებულმა დისკუსიამ და იმის გაცნობიერებამ, რომ არაფორმალიზებული აქტივიზმი საჭიროა, გადაგვაწყვეტინა 2011 წელს „ფემინისტების დამოუკიდებელი ჯგუფის“ ჩამოყალიბება. ინიციატივამ გაამართლა და „ფემინისტების დამოუკიდებელი ჯგუფი“ მთლიანად ქართული სამოქალაქო საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი მოვლენა აღმოჩნდა. აუცილებელია გავითვალისწინოთ, რომ საქართველოში ადამიანის უფლებებზე მომუშავე ჯგუფები თავიდანვე ინსტიტუტციური ფორმით გაჩნდნენ, რაც გარკვეულწილად ზღუდავდა იმ მეთოდების მრავალფეროვნებას, რომელთა გამოყენებაც შეეძლოთ ამა თუ იმ საკითხზე მუშაობისას. „ფემინისტების დამოუკიდებელი ჯგუფი“ ჩვენთვის ცნობილი პირველი ჯგუფია საქართველოში, რომელმაც გაცნობიერებულად თქვა უარი ენჯეოდ რეგისტრირებაზე, სწორედ იმისთვის, რომ თავისუფლება არ დაეკარგა და აქტივიზმის ალტერნატიული ფორმების პოპულარიზაცია მოეხდინა.
ამ ჯგუფში ყოფნამ, ბევრი მნიშვნელოვანი რამ მასწავლა. ერთი ისაა, რომ რეაქციული ჯგუფები აუცილებელია იმისთვის, რომ საჭირბოროტო საკითხებზე დისკუსიის ფარგლები გავაფართოვოთ მათ შორის ისეთი ფორმებით, რომელსაც საზოგადოება სახეში სილის გაწვნად აღიქვამს (როგორც „პატრიზანი გოგოების“ ფემინისტურ ვიდეოარტს). მეორე გაკვეთილი უფრო ტექნიკური ხასიათის იყო. ჯგუფი არაიერარქიული იყო (და არის), თუმცა ენთუზიაზმით შეპყრობილებმა სტრუქტურულ საკითხებს მაშინ საერთოდ არ მივაქციეთ ყურადღება. რაღაც ეტაპზე ეს საჭიროც არ იყო, თუმცა შემდგომში, როდესაც ენთუზიაზმი მიილია, ჩამოყალიბდა პირადი (ხშირად საკმაოდ დაძაბული) ურთიერთობები ჯგუფის წევრებს შორის და ჯგუფის მდგრადობის და განვითარების საკითხი დადგა, მივხვდით (ნაწილი მაინც), რომ შეცდომა დავუშვით. პერიოდულად ვცდილობდით იერარქიზაციასა და ნებისმიერი სტრუქტურის იერარქიად აღქმას შორის რაღაც შუალედზე გავსულიყავით, მაგრამ უშედეგოდ და ეს ჩვენს საქმიანობას მნიშვნელოვნად აზიანებდა. „ფემინისტების დამოუკიდებელი ჯგუფიდან“ ორჯერ წამოსვლა (და შუალედში, ერთხელ დაბრუნება ) დამჭირდა იმისთვის, რომ მეთქვა – ჩემი ცხოვრების ეს ფურცელი დასრულდა და შემიძლია, გზა განვაგრძო. მაშინ გავიაზრე პირველად, თუ რამდენად მნიშვნელოვანია, რომ ხანდახან რაღაც, რაც შევქმენით, უბრალოდ გავუშვათ. უფრო კონკრეტულად, ჯგუფიდან წასვლის მიზეზი ჩემთვის ის იყო, რომ ამ ჯგუფში ვერანაირ რესურსს ვეღარ ვდებდი, შიგნით საკმაოდ ბევრი პიროვნული კონფლიქტი იყო და საქმის კეთებას ვერ ვახერხებდით. ამ ყველაფრის გამო, დიდ იმედგაცრუებას ვგრძნობდი და ბრაზი მახრჩობდა. მხოლოდ ახლა შევძელი საკუთარ თავთან იმის აღიარება, რომ იმ პერიოდში ჩემი წილი პასუხისმგებლობა ვერც მე ვზიდე. ვერ დავთმე იმპულსურობა, ვერ მოვთოკე ბრაზი, ვერ გავუძელი ცდუნებას, რომ ყველაფერში „სხვები“ დამედანაშაულებინა. ამას ვნანობ, მაგრამ არა – წამოსვლას, იმიტომ, რომ რაღაც მომენტში მივხვდი, რომ ჯგუფში შემავალ აქტივისტებთან ჩემი ურთიერთობა უფრო ღირებულია, ვიდრე – დარჩენა მხოლოდ დარჩენისთვის.
ამ გამოცდილებას ახლა გარედან ვუყურებ და ვგრძნობ, როგორ ვივსები სიამაყით. ვამაყობ ყველა იმ ადამიანით, ვისთანაც კი ამ ჯგუფში მიმუშავია, ვამაყობ იმით, რასაც ერთად მივაღწიეთ. სწორედ „ფემინისტების დამოუკიდებელი ჯგუფის“ წყალობით გაჩნდა სიტყვა „ფემინიზმი“ მეინსტრიმულ მედიაში (მეინსტრიმის ღირებულება ფემინიზმში საკამათოა, მაგრამ ჩვენს შემთხვევაში, ამან მეტი სივრცე მოგვცა ქალთა საკითხებზე სასაუბროდ); სწორედ ჩვენი აქციების შემდეგ მიეჩვივნენ ჟურნალისტებიც საჯარო სივრცეში ქალთმოძულეობის გამოვლენისას რომელიმე ჩვენგანთან ან ქალთა ორგანიზაციებში დარეკვას აზრის საკითხავად.
კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პროცესი, რომელიც სწორედ მაშინ დავიწყეთ, ფორმალურ და არაფორმალიზებულ აქტივიზმს შორის გადაკვეთის ძებნა იყო. ქალთა არასამთავრობო ორგანიზაციები ჩვენთვის იმ დროს საჭირო რესურსებს (როგორიცაა შეკრების ადგილი, საკანცელარიო ნივთები და ა.შ.) გვიზიარებდნენ (განსაკუთრებით „ქალთა ფონდი საქართველოში“) და საკუთარ დღის წესრიგს გვაცნობდნენ. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი მხრიდან არასამთარობო ორგანიზაციების კრიტიკა ყოველთვის კონსტრუქციული არ იყო, ჩემი აზრით, ამ გამოცდილებამ მნიშვნელოვან პრაქტიკას ჩაუყარა საფუძველი. ეს პრაქტიკა დღეს კიდევ უფრო აქტუალურია, რადგან ინდივიდუალური ფემინისტი აქტივისტების და სხვადასხვა სტატუსის მქონე ჯგუფების რაოდენობა გაიზარდა და რესურსების გაზიარების საჭიროებაც მეტად არის. ეს პროცესი აუცილებლად უნდა გაგრძელდეს. სხვადასხვა თაობის ფემინისტები (არადა, არც ისე ბევრნი ვართ) გულწრფელად უნდა ველაპარაკოთ ერთმანეთს. მნიშვნელოვანია, ვიცოდეთ საკუთარი ისტორია, ვიცნობდეთ ადამიანებს, ვინც ჩვენამდე დაიწყო საქართველოში ფემინისტური დღის წესრიგის შექმნა. არავითარ შემთხვევაში არ უნდა დაგვავიწყდეს ის, რომ საკუთარ ისტორიას ჩვენ თვითონ ვწერთ და ამას ჩვენს ნაცვლად არავინ იზამს, მით უმეტეს საზოგადოებაში, რომელიც მუდამ ცდილობს ჩვენი წვლილი დააკნინოს და დაგვამციროს.
ფემინისტური დიალოგი, პირველ რიგში, ჩვენი თვითგამორკვევისთვისაა მნიშვნელოვანი. ჩემი აზრით, ქართული ფემინისტური მოძრაობა დღეს იდეოლოგიების ფეთქებად ნაზავს წარმოადგენს. ბევრი ჩვენგანი ირგებს კონკრეტულ იდეოლოგიებს, მაგრამ ვერ ახერხებს, ისინი ადგილობრივ კონტექსტს მოარგოს. მაგალითად, რადიკალური ფემინიზმი საქართველოში ვერ იქნება იგივე, რაც 70-იანების ამერიკაში იყო. ის, რაც ფემინისტური მოძრაობების ისტორიამ გვაჩვენა, ალბათ ისაა, რომ არ არსებობს პატრიარქატის განადგურების ქმედითი და გამოცდილი მეთოდი. მთავარი კითხვაა, როგორ ვიმუშაოთ გრძელვადიან მიზნებზე ისე, რომ დღეს გასაჭირში მყოფ საკუთარ თავებსა და სხვა ქალებს დავეხმაროთ? ამის გაკეთება მხოლოდ ერთმანეთთან ლაპარაკის შედეგად შეგვიძლია. ძალიან დიდი ყურადღება უნდა დავუთმოთ იმას, თუ კომუნიკაციის რა ფორმებს ვარჩევთ ერთმანეთთან ურთიერთობაში. თუკი გავაგრძელებთ კონკურენციაზე მორგებული და ერთმანეთისთვის „ადგილის მისაჩენი“ ენის გამოყენებას, ისევ საკუთარ განადგურებას შევუწყობთ ხელს. ცხადია, რომ აქტივიზმი ყოველთვის იქნება ღრმად პიროვნული, რაც იმას ნიშნავს, რომ იმ ადამიანების აღქმა, ვისთან ერთადაც ამ სფეროში ვტრიალებთ, ასევე იქნება ძალიან პირადული და ძლიერი (როგორც დადებით, ისე უარყოფით შემთხვევებში). მძიმეა, როდესაც საკითხები, რომელიც ღრმად პიროვნულად გეხება, ასევე შენი სრულგანაკვეთოვანი სამუშაოა. ემოციურ დაძაბულობას, საქმის მზარდი რაოდენობა ემატება და ამ დროს ერთმანეთისადმი დაუნდობელი დამოკიდებულება და „ფემინიზმის დატოლება“ განსაკუთრებით უწყობს ხელს აქტივისტების გადაწვას. ერთადერთ გზა წინ, არის, დავაფასოთ ერთმანეთის რესურსი და გავუფრთხილდეთ მას.
როგორც ვთქვი, ყველა ეს გამოცდილება ჯერ კიდევ გადასააზრებელი მაქვს. საქართველოდან ორი თვის წინ იმ აზრით მივდიოდი, რომ არავითარი ფემინისტური დღის წესრიგი საქართველოში არ არსებობს და საერთოდ, ყველაფერი ტოტალური კრახია. გადაღლამ, ფრუსტრაციამ და საკუთარი რესურსების ნულზე დაყვანამ ასე იცის. დღეს ის მიხარია, რომ ფემინისტურ მოძრაობას გარედან შემიძლია შევხედო და თანმიმდევრულობა დავინახო.
ბევრი მნიშვნელოვანი რამ მოხდა, ბევრჯერ მოვახერხეთ გაერთიანება. ბევრი სხვადასხვა ჯგუფისადმი გავიხსენით. დღეს, მოძრაობაში დისკუსიის დონეზე მაინც მეტი ღიაობაა სხვადასხვა სოციალური ჯგუფის წარმომადგენელი ქალების მიმართ. გაჩნდა მოთხოვნილება, რომ ქალებმა (და არა მხოლოდ) ერთმანეთის გამოცდილებას მოვუსმინოთ და ინიციატივა „ქალები საქართველოდან“ ალბათ ამის ყველაზე წარმატებული მაგალითია. გაჩნდა კომპრომისი. ჯგუფები, რომლემბიც მკაფიოდ უპირისპირდებიან ერთმანეთს იდეოლოგიურად, ახერხებენ იმაზე შეთანხმებას, რომ ისეთ პრინციპულ საკითხებში, როგორიცაა ფემიციდი, ადრეულ ასაკში ქორწინება, ქალთა სექსუალური და რეპროდუქციული უფლებები და ქალების პოლიტიკური მონაწილეობა (თუმცა, ეს უფრო საკამათო საკითხია), მნიშვნელოვანია, ერთმანეთს მხარი დავუჭიროთ. მიუხედავად იმისა, რომ ჯერ კიდევ არსებობს ეჭვები იმის შესახებ, თუ ვინ ადგენს დღის წესრიგს ჩვენს მოძრაობაში და რატომ, ამ დღის წესრიგზე კონტროლის მოპოვება მხოლოდ მონაწილეობით და კონსტრუქციული კრიტიკით შეიძლება.