ნათია ჯანაშიას სახელი ყველა იმ ადამიანისთვის კარგადაა ცნობილი, რომლებსაც საბავშვო ლიტერატურასთან შეხება აქვთ. როგორც სკოლამდელი ასაკის, ასევე დაწყებითი კლასების ბავშვებისთვის განკუთვნილი მისი ფერად-ფერადი, ჯადოსნური წიგნები ბავშვებში დიდი მოწონებით სარგებლობს. იმის შესახებ, თუ როგორ შევურჩიოთ ჩვენს შვილებს საჭირო სახის ლიტერატურა, რა პრობლემები არსებობს დღეს საბავშვო წიგნის ბაზარზე, როგორ გავხადოთ ბავშვისთვის წიგნთან ურთიერთობა მაქსიმალურად კომფორტული, თავად ნათია ჯანაშია გვესაუბრება.
დღეს საბავშვო წიგნის ბაზარი სულაც არ არის ისეთი ღარიბი და ერთფეროვანი, როგორიც რამდენიმე წლის წინ იყო, თუმცა, მშობლისთვის დიდი არჩევანი დიდ თავსატეხს უკავშირდება – რა სახის ლიტერატურა შეუძინოს საკუთარ პატარას?
ამ კითხვას ხშირად სვამენ მშობლები, თუმცა პასუხი იმდენი შეიძლება იყოს, რამდენი მშობელიც დასვამს ამ შეკითხვას. ხშირად შემხვედრია სიები, ამა თუ იმ გამომცემლობის, წიგნის მაღაზიის თუ ფსიქოლოგთა მიერ შედგენილი, სადაც სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფისთვის შერჩეულ წიგნების ჩამონათვალს ვხვდებით. წიგნი ასაკის გარდა ბავშვის ინტერესებს უნდა შეესაბამდებოდეს.
მშობლის როლი, რომ შვილს წიგნი შეაყვაროს და მკითხველად ჩამოყალიბებაში დაეხმაროს, ძალიან დიდია და ამაზე ზრუნვას პირველივე თვეებიდან უნდა ვიწყებდეთ. რა თქმა უნდა, ამ ასაკში კითხვის ამოცანა წაკითხულის გააზრება სულაც არ არის. პირველ რიგში, ეს ერთგვარი კონტაქტია ბავშვთან. თუკი ემოციურად და გამომხატველად ვკითხულობთ, ბავშვისთვის ეს გასართობიცაა. ამ ასაკში, ალბათ, განსაკუთრებით სასარგებლოა კარგად გარითმული ლექსების კითხვა, რადგანაც ბავშვებს რიტმის საოცარი შეგრძნება აქვთ.
2-3 წლის ასაკიდან მცირე ზომის ზღაპრებით, მოთხრობებით ინტერესდებიან. ამ ასაკში დიდი მნიშვნელობა აქვს კარგად ილუსტრირებულ წიგნებს და იმის გათვალისწინებას, რომ ერთი და იმავე წიგნის კითხვა ისეთივე მოსაბეზრებელია ბავშვისთვის, როგორც ერთი და იმავე სათამაშოთი თამაში, ამიტომაც უნდა ვეცადოთ, ხშირად განვაახლოთ მათი ბიბლიოთეკა. წიგნის შეძენა, წიგნის კითხვა პატარაობიდანვე უნდა ვაქციოთ ერთგვარ რიტუალად.
თუკი ამ გზას სწორად გავივლით ჩვენს შვილებთან ერთად, როცა ის პერიოდი დადგება, დამოუკიდებლად საკითხავი რომ უნდა შევურჩიოთ მათ, სრულიად არ იქნება რთული არჩევანის გაკეთება. არც ისაა ტრაგედია, თუკი პირველ, მეორე ჯერზე არასწორ არჩევანს გავაკეთებთ, ეს ძიების პროცესია, მშობლისთვისაც და ახალბედა მკითხველისთვისაც საინტერესო და რთული პროცესი.
ჩემდა გასაოცრად, ჩემი შვილისთვის, როცა მან დამოუკიდებლად კითხვა დაიწყო, არ აღმოჩნდა საინტერესო ის წიგნები, რასაც მის ასაკში მე დიდი ინტერესით და სიამოვნებით ვკითხულობდი. ასევე, ჩემდა გასაოცრად, 10-11 წლის ასაკში აგათა კრისტის დეტექტიური რომანების კითხვა დაიწყო და ვიდრე ერთს ბოლომდე დაამთავრებდა, უკვე მეორეს საყიდლად მიმარბენინებდა.
ასე რომ, ჩემთვის სრულიად უსარგებლო აღმოჩნდა ყველა ის სია, რომელსაც მშობლებს გვთავაზობენ. ცხადია, მეც ვერაფერს გირჩევთ კონკრეტულად.
პირადად მე, როგორც მშობელი, საკუთარ შვილებს საბავშვო ლიტერატურას საგულდაგულოდ ვუფილტრავ: არ მინდა, ბავშვი მერკანტილური ღირებულებებით, გენდერული თუ სხვა სახის სტერეოტიპებით, ესთეტიკური ფაშიზმის მოთხოვნებით, ძალადობის მიმართ შემგუებლობით და უამრავი სხვა პრობლემით გაიზარდოს, რომელიც ხშირად აისახება საბავშვო ლიტერატურაში და თუნდაც ზღაპრებში. თქვენ, როგორც საბავშვო ავტორი, რამდენად აქცევთ ამ საკითხებს ყურადღებას საკუთარ შემოქმედებაში?
ჩემი აზრით, ძალადობის მიმართ შემგუებლობით შვილის აღზრდა რომ არ გვინდა, ეს სულაც არ უნდა ნიშნავდეს, რომ ძალადობაზე არაფერი წავუკითხოთ. მე არ ვთვლი, რომ ისეთი ზღაპრები, სადაც ძალადობა, სისხლი და მკვლელობაა, არ უნდა წავუკითხოთ ბავშვებს, უნდა ავკრძალოთ ან მათი ადაპტირება უნდა მოვახდინოთ. აქ ერთი მნიშვნელოვანი რამაა გასათვალისწინებელი, – ბავშვის ასაკი. რა თქმა უნდა, არ ვარ იმის მომხრე, რომ მცირე ასაკის ბავშვებს ისეთი ზღაპრები წავუკითხოთ, ღამით კოშმარები რომ დაესიზმროთ. ამიტომაც, აქაც მნიშვნელოვანია მშობლის როლი, შვილის ასაკის, მისი ფსიქო-ემოციური მდგომარეობის გათვალისწინებით შეარჩიოს ზღაპარი. ასეთ შემთხვევაში, არა მგონია, მატრავმირებელი ეფექტი ჰქონდეს ზღაპარს, თუნდაც ძალიან საშინელი იყოს ის.
ვფიქრობ, აუცილებელია ბავშვები ზღაპრებში ხვდებოდნენ დაბრკოლებებს, ასევე მათი გადაჭრის გზებს. მეც მყავს „გუდა-გუდას“ სერიის ზღაპრებში მოძალადე პერსონაჟი – ქარიშხალი ცინციკოზა, რომელიც არა მხოლოდ თოვლის გუნდას გადაემტერება, არამედ მისი ყველა მეგობრის მტერიც ხდება. ჩემი პერსონაჟი მოძალადე მტერს იგივე მეთოდებით არ უპირისპირდება, მას საერთოდ არც უჩნდება სურვილი, სამაგიერო გადაუხადოს ქარიშხალს. ქარიშხლის ბოროტებას თოვლის გუნდას მეგობრების სიკეთე უპირისპირდება, რომლებიც დახმარების ხელს უწვდიან გუნდას.
რამდენიმე ლექსშიც მყავს ცბიერი, ხარბი, მკვეხარა პერსონაჟები. ზოგჯერ ვცდილობ, დასკვნების სწორად გამოტანაში დავეხმარო ბავშვს და თავად შევთავაზო ლექსის მორალი, ზოგჯერ მხოლოდ ამბავს ვუყვები და დასკვნების გამოტანას მას ვანდობ.
ხშირად, საბავშვო ავტორები მოვლენებს „ბავშვის აღქმით“ აფასებენ. თქვენთან როგორ ხდება ეს?
ეს აუცილებელია, თუ ბავშვის აღქმით არ ვწერთ, ესე იგი ბავშვებისთვის არ ვწერთ.
ჩემი ლექსების პირველი შემფასებლები ჩემი შვილები არიან. მათი გამომეტყველება ყველაზე კარგი საზომია ლექსის შესაფასებლად. ხშირად სწორედ მათგან მოდის ახალი ლექსების იდეები. მაგალითად, ერთ უთოვლო ზამთარს, ჩემმა შვილმა მთხოვა, წერილი მიგვეწერა ცისთვის, რომ თოვლი გამოეგზავნა. ის 4 წლის იყო მაშინ და ცისთვის წერილის მიწერა ისეთივე ბუნებრივად ეჩვენებოდა, როგორც თოვლის ბაბუასთვის. ჩვენ მართლა დავწერეთ წერილი და საჰაერო ბუშტით გავუშვით ცაში, მოგვიანებით კი ამ იდეით აღფრთოვანებულმა დავწერე ლექსი „გიგის და დათას წერილი ცას“. სხვათა შორის, მეორე დღეს მართლაც გათოვდა და ეს ამბავი ერთი ლექსის ერთ მშვენიერ ისტორიად დაგვრჩა.
თქვენს შემოქმედებაში ბავშვების ინტერესებს და ნაფიქრალს მიყვებით თუ პირიქით, თავად სთავაზობთ მათ სხვადასხვა აქცენტებს?
ერთიც და მეორეც. შეუძლებელია, მათ ნაფიქრალს არ მიჰყვე და შეუძლებელია, ყველაფერი ბავშვმა გიკარნახოს. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია ბავშვებთან შეხვედრები. ვიხსენებ, რამდენი ლექსი დამიწერია მათთან შეხვედრის შემდეგ, მათგან წამოსული კითხვების, მათი ინტერესების თუ სურვილების საპასუხოდ.
როგორ ფიქრობთ, ძალადობის, ჩაგვრის, დამცირების შესახებ ბავშვისთვის სწორი ინფორმაციის მიწოდება რა ასაკიდან შეიძლება და რა ფორმით?
ალბათ, ასაკი მაინც ინდივიდულურია. ზოგადად, სკოლამდელი ასაკის ბავშვისთვის ნაადრევად მეჩვენება მსგავსი თემების შემოტანა მათ საკითხავ ლიტერატურაში.
და როცა ამ თემებზე კითხვას დავიწყებთ, ჩემი აზრით, მნიშვნელოვანია, კითხვის პროცესი ინტერაქტიული გავხადოთ, დავეხმაროთ ბავშვს სწორი დასკვნების გამოტანაში, სწორი ღირებულებების ჩამოყალიბებაში.
მე, როგორც მშობელი, უკიდურესად კრიტიკულად ვუყურებ თანამედროვე სასკოლო სისტემაში არსებული სახელმძღვანელოების შინაარსობრივ მხარეს და მიმაჩნია, რომ საერთო ჯამში, ეს არის ჩვენი შვილებისთვის ძალიან უხარისხოდ მოწოდებული ცოდნა. თქვენი აზრით, ამ მხრივ რა არის გასაკეთებელი?
მეც მხოლოდ მშობლის გადმოსახედიდან შემიძლია შევაფასო და აღფრთოვანებული ნამდვილად არ ვარ სასკოლო სახელმძღვანელოების შინაარსით. ხშირად მირჩევია ჩემი შვილისთვის, თუ არ მოსწონს, ნუ ისწავლის იმ ლექსს ზეპირად, რომელიც სასკოლო სახელმძღვანელოშია. ნურც იმ ლექსს, რომელიც დამატებით დაავალეს მოსაძიებლად და ჩემი აზრით, სრულიად შეუსაბამოა მის ასაკთან. სამაგიეროდ, სხვა ნაწარმოები შემითავაზებია, რომელიც მისი ასაკისთვის შესაფერისია, რომელსაც ხალისით წაიკითხავს და ადვილად ისწავლის.
ასევე გამოვთქვამდი პროტესტს, როცა ანბანის სწავლის შემდეგ კლასგარეშე საკითხავად საბუნებისმეტყველო თუ ეთნოგრაფიულ ნაწარმოებებზე გადავიდნენ. რატომ უნდა დავავალოთ 7 წლის ბავშვს დაუსურათებელი წიგნიდან მსგავსი შინაარსის და სირთულის ნაწარმოებიდან თუნდაც 3-4 გვერდის წაკითხვა და წაკითხულის შინაარსის გადმოცემა?
ჩემი აზრით, ამ ასაკში ბავშვებს წაკითხულის შინაარსის გადმოცემაზე მეტად, ინტერპრეტირების საშუალებას უნდა ვაძლევდეთ, ფანტაზიის განვითარებისკენ ვუბიძგებდეთ. ნაწარმოებები კი რაც შეიძლება მარტივი და სახალისო უნდა შევურჩიოთ, წიგნები – ფერადი და უხვად ილუსტრირებული. მათ ანბანის სწავლისთანავე არ უნდა გავუჩინოთ განცდა, რომ წიგნის წაკითხვა რთულია, მაგრამ სასარგებლო და აუცილებელი.
სამწუხარო ისაა, არც ერთ მშობელს გაუპროტესტებია პედაგოგის მიერ შერჩეული ლიტერატურა და კითხვის „შეყვარების“ ასეთი მეთოდი. კვლევების თანახმად, სწორედ მშობელთა პასიურობაა ერთ-ერთი ძირითადი მიზეზი, თუ რატომაც ჩამორჩებიან საქართველოს სკოლების მოსწავლეები წიგნიერების დონით სხვა ქვეყნებში მცხოვრებ თანატოლებს. მშობელთა დიდი ნაწილი არც სკოლამდელ ასაკში და არც შემდგომ შვილის განათლებაში ჩართული არ არის.
არ მგონია, რომ განათლების სისტემაში მხოლოდ სასკოლო სახელმძღვანელოების შეცვლამ მოახდინოს მნიშვნელოვანი ცვლილებები. ჩემი აზრით, აუცილებელია მოქმედი მასწავლებელების პროფესიული განვითარება და ახალი, კვალიფიციური კადრების მოზიდვა.
როგორც ვიცი, თანამედროვე ქართველ ავტორებს სერიოზული პრობლემები აქვთ გამომცემლობებთან. თქვენ თუ გქონიათ მსგავსი შემთხვევა?
ჩემი საავტორო უფლებებიც დარღვეულა უხეშად და არაერთხელ. ნებართვის გარეშეც დაუბეჭდავთ, კუთვნილი ჰონორარი არ გადაუხდიათ. ყველაზე მეტად რასაც განვიცდი, -ლექსის გრაფიკა შეუცვლიათ, სათაური გადაუკეთებიათ, კორექტურით დაუბეჭდავთ, შეუმოკლებიათ… მოკლედ, ბევრი მსგავსი შემთხვევა ყოფილა, რაც ბოდიშებისა და დაპირებების მოსმენით მთავრდება, რომ ეს აღარ განმეორდება. თუმცა ავტორი მაინც დაუცველია, ყოველი ფეხის ნაბიჯზე ირღვევა მისი უფლებები.
კიდევ რა ხელისშემშლელი პირობები არსებობს თანამედროვე ქართველი საბავშვო ავტორებისთვის?
ხელის შემშლელი ფაქტორი უამრავია, ხელის შემწყობი – მხოლოდ ამ საქმის სიყვარულია. უპირობოდ, უანგაროდ უნდა გიყვარდეს და ემსახურო, მუდმივ ძიებაში უნდა იყო, არასდროს უნდა აიღო ხელი ბავშვის მაჯისცემიდან.
ზემოთ ვამბობდი, ქარიშხლის ბოროტებას თოვლის გუნდას მეგობრების სიკეთე უპირისპირდება-მეთქი. ამ შემთხვევაშიც ასეა, თუ ერთ-ერთ გამომცემლობაში გეტყვიან, რომ მხოლოდ ცნობილ ავტორებს ბეჭდავენ, რადგან მკითხველი თურმე ცნობილი ავტორის წიგნს უფრო ყიდულობს, ვიდრე თანამედროვე, მით უმეტეს დამწყები ავტორისას, შენ სახლში დაბრუნდები და ახალ ლექსს დაწერ. თუ გამომცემელი ჰონორარს არ გიხდის, შენ ადგები და სოფლის ერთ ღარიბ ბიბლიოთეკას წიგნებს აჩუქებ. ჩვენს საქმეში ხელისშემშლელ ფაქტორებთან ბრძოლა არ ღირს, არ აქვს მნიშვნელობა, უსამართლოდ იჩაგრები თუ არა. არ აქვს მნიშვნელობა, დღეს რომელიმე გამომცემლობა შენს სახელს და გვარს ცნობადობით გაზომავს თუ შენი შემოქმედების ღირებულებებზე იმსჯელებს. მთავარი სხვა რამეა.
როგორ აღიქვამენ თქვენს შემოქმედებას თავად ბავშვები?
ბავშვებთან შეხვედრები ყოველთვის დაგეგმილ დროზე დიდხანს გრძელდება. ალბათ მოსწონთ, რასაც ვუკითხავ, წინააღმდეგ შემთხვევაში ასე არ მეტყოდნენ, როგორც ცოტა ხნის წინ, მე-5 კლასელებთან შეხვედრაზე ერთ-ერთმა ბავშვმა მითხრა „აუ, დარჩით რა აქ საღამომდე, ჩვენ არ დავიღლებით“.
ესაუბრა შორენა გაბუნია