ხშირად, გენდერული უთანასწორობის ახსნას ბიოლოგიის მეშვეობით ცდილობენ: თითქოს, ქალების და კაცების განსხვავებული სოციალური მდგომარეობა ორგანიზმში არსებულ განსხვავებებით აიხსნებოდეს. ჩვენში განსაკუთრებით ხშირად საუბრობენ „კაცურ“ და „ქალურ“ ტვინზე. მოდით, გავერკვეთ, როგორ იყენებენ ადამიანები ნეირომეცნიერების მონაცემებს სტერეოტიპების გასამყარებლად.
დღეს სისულელედ გვეჩვენება ამერიკელი მონათმფლობელების ან ნაცისტი მეცნიერების მცდელობები, ადამიანების გარკვეული ჯგუფების „არასრულფასოვნად“ მონათვლისა. თუმცა, ზოგიერთი ადამიანი დღემდე მიიჩნევს, რომ კაცის ქალზე ბიოლოგიური უპირატესობის დასამტკიცებლად არსებული „არგუმენტები“ სრულიად ლოგიკურია. წარმოდგენა იმის შესახებ, რომ ქალის აზროვნება გაცილებით ნაკლებ განვითარებულია, ვიდრე კაცის, წლების მანძილზე ლაიტმოტივად გასდევდა სხვადასხვა კვლევებს.
XIX საუკუნეში ტვინის შემსწავლელ მეცნიერებს „შიგნით“ შეხედვა არ ძალუძდათ. შესაბამისად, ისინი გარე მონაცემებს აანალიზებდნენ. ისინი წონიდნენ ადამიანის ტვინს, ზომავდნენ თავის ქალის სიმაღლისა და სიგანის ფარდობითობას. ვიქტორიანული ეპოქის პირველი აღმოჩენა ის იყო, რომ ქალის ტვინი მოცულობით კაცისას ჩამოუვარდებოდა. ეს „არგუმენტი“ ქალის არასრულფასოვნების მტკიცებულებად მიიჩნიეს. შემდეგ, საუბარი დაიწყო სახის მცირე ზომაზე, თავის ქალის სიმაღლესა და სიგანესთან შედარებით. საბოლოო ჯამში, არც ერთი ვარაუდი არ დამტკიცდა: აღმოჩნდა, რომ ინტელექტი ტვინისა და თავის ქალის ზომებზე დამოკიდებული საერთოდ არაა.
ორასი წლის წინ, ბევრს მიაჩნდა, რომ ქალებს საერთოდ არ შეეძლოთ მეცნიერებაში მუშაობა და ისინი არ იყვნენ მოწოდებულნი პოლიტიკისთვის. მათ მთავარ ღირსებებად მორჩილება, დამყოლი ბუნება და დედობა დასახელდა, მაშინ, როდესაც კაცებს აღმოჩენების, ძალაუფლებისა და მმართველობისკენ მიდრეკილება მიეწერათ. როგორც ფილოსოფოსი ნილ ლევი ამბობდა, „საშუალოდ, ქალის ინტელექტი ყველაზე კარგად უმკლავდება სხვა ადამიანებისთვის კომფორტის შექმნაზე ორიენტირებულ ამოცანებს“.
უფრო მეტიც: განათლება ქალის ჯანმრთელობისთვის სახიფათო რამედ მიიჩნეოდა. ჰარვარდის მედიცინის სკოლის პროფესორი ედვარდ კლარკი (Edward Clarke) ამტკიცებდა, რომ გონებრივი დატვირთვის შედეგად, ქალებს საკვერცხეების ატროფია ემართებოდათ, რაც მათში მასკულინიზაციას, უნაყოფობას, შეშლილობას და სიკვდილსაც კი იწვევდა. სხვათა შორის, კლარკის იდეა ქალმა – მედიკოსმა მერი ჯეიკობიმ (Mary Jacobi) – გააქარწყლა.
2005 წელს, მეცნიერებასა და ინჟინერიაში სოციოკულტურული და გენდერული მრავალფეროვნების მხარდამჭერ კონფერენციაზე, ჰარვარდის უნივერსიტეტის რექტორმა ლოურენს სამერსმა (Lawrence Summers) განაცხადა, რომ ქალები ბუნებით კაცებზე ნაკლებ მიდრეკილნი არიან ზუსტი მეცნიერებებისკენ.
ამ განცხადების დასასაბუთებლად, მედიაში პრენატალური (დაბადებამდელი) ტესტოსტერონის შესახებ თეორია გაიხსენეს. მისი მიხედვით, მამრობით ემბრიონში განვითარების მერვე კვირაზე ტესტოსტერონის გამოყოფა მისი ტვინის სტრუქტურაზე ახდენს გავლენას: აფართოებს აგრესიასა და სექსუალურ ქცევაზე პასუხისმგებელ ცენტრებს, და ავიწროებს ტვინის ურთიერთობასა და ემოციაზე პასუხისმგებელ უბნებს. თითქოს, სწორედ ანდროგენების ეს მოძრაობა ქმნის ჩანასახში „ნამდვილ“ კაცს, რომლის ტვინიც ღიაა მეცნიერებისთვის.
მაგრამ, ამ თეორიას პრობლემები აქვს. ჯერ ერთი, „კაცის“ ჰორმონების ტვინზე ზემოქმედება მღრღნელებზე იკვლიეს, ვისი ტვინიც ორგანიზაციის სირთულით ადამიანის ტვინისგან მნიშვნელოვნად განსხვავდება. გარდა ამისა, ის მეცნიერებიც კი, რომლებიც ამტკიცებენ, რომ ტესტოსტერონი ვირთხის ემბრიონზე მოქმედებს, ზუსტად ვერ ამბობენ, როგორ აისახება ეს ვირთხების დაბადების შემდგომ ქცევაზე. მეორეც: ჯერჯერობით არ არსებობს ხერხი, რომელიც ახალშობილის სისხლში პირდაპირ გაზომავდა ტესტოსტერონის დონეს. ტესტოსტერონის დონე ჩვენ ირიბი მაჩვენებლებით შეგვიძლია, ვივარაუდოთ: დედის სისხლში მისი გაზომვით, სანაყოფე წყლით, ან არათითისა და საჩვენებელი თითის ზომების შედარებით (მიიჩნევა, რომ ჩანასახის ტესტოსტერონის ხარისხს ამაზე აქვს გავლენა). ეს იმას ნიშნავს, რომ ჯერჯერობით, მკვლევარებმა ზუსტად არ იციან, თუ რამდენად ებმის მათი გამოთვლები ნაყოფის ჰორმონებს, რომელსაც ტვინზე ზემოქმედება შეუძლია. რა თქმა უნდა, არც იმის მტკიცებაა მიზანშეწონილი, რომ ჰორმონებს ტვინზე არანაირი გავლენა არ გააჩნიათ, მაგრამ ჩვენ ამის შესახებ ჯერჯერობით არაფერი ვიცით. მით უმეტეს, უადგილოა იმის შესახებ მსჯელობა, თუ რა ადგილი უნდა დაიკავონ ტესტოსტერონის მქონე ან არმქონე ადამიანებმა საზოგადოებაში.
მესამეც: ერთადერთი ხერხი, შევამოწმოთ, თუ რა გავლენას ახდენს ტესტოსტერონი ბავშვების ქცევაზე, მათ გარემოცვაში გენდერული სტერეოტიპების გამორიცხვის პარალელურად, – რამდენიმე დღის ჩვილებზე კვლევის ჩატარებაა. თავისთავად, ამგვარი ტესტების ორგანიზება ძალზე რთულია. მაგალითად, ასეთი ექსპერიმენტი ჩატარდა: ბიჭებს და გოგონებს დასაკვირვებლად მკვლევარის სახე და სათამაშო მანქანა მისცეს. აღმოჩნდა, რომ ბიჭები გოგონებზე ხანგრძლივად აკვირდებოდნენ მანქანას (51% 41%-ის წინააღმდეგ), ხოლო გოგონები – სახეს (49% 46%-ის წინააღმდეგ). აღსანიშნავია, რომ ექსპერიმენტი მთლად კორექტულად ვერ ჩატარდა: ექსპერიმენტატორებმა, რომლებმაც ადრევე იცოდნენ ბავშვების სქესი, არ შეამოწმეს, იწვა თუ არა ყველა ჩვილი ერთნაირ, ფიქსირებულ მდგომარეობაში და აჩვენებდნენ თუ არა მათ ობიექტებს ერთნაირი დაშორებით. ყველაფრისდა მიუხედავად, ექსპერიმენტატორებმა განაცხადეს, რომ გოგონები სახეების მიმართ თანდაყოლილი ინტერესით იბადებიან, ბიჭები კი – მოძრავი ობიექტების მიმართ ინტერესით.
ალბათ იმ მითის შესახებაც გსმენიათ, რომლის თანახმადაც, ტვინის ზოგიერთი თვისება მხოლოდ ერთ მის კონკრეტულ ნახევარსფეროს მიეწერება. მაგალითად, კრეატიულობასა და ინტუიციაზე მარჯვენა ნახევარსფეროა „პასუხისმგებელი“, ხოლო ლოგიკასა და სისტემურობაზე – მარცხენა. სინამდვილეში, ტვინის ასიმეტრია ეხება მხოლოდ დაბალი დონის „ტექნიკურ“ პროცესებს, მათ შორის გრძნობის ორგანოების მართვას (მაგალითად, თვალის მარცხენა კუთხის ინფორმაციას მარჯვენა ნახევარსფერო ამუშავებს და ა. შ.). შეუძლებელია იმის მტკიცება, რომ კაცები მეტყველებისას მეტად იყენებენ ტვინის მარცხენა ნახევარსფეროს (და ამიტომ გამოხატავენ თავიანთ აზრებს მკაფიოდ), ხოლო ქალები – მარჯვენას (და ამიტომ საუბრობენ გრძნობებზე). ეს რომ ასე იყოს, კაცებს მეტყველებასთან დაკავშირებული პრობლემები ტვინის მარცხენა ნახევარსფეროს დაზიანების შედეგად შეექმნებოდათ, ქალებს კი – მარჯვენასი, რაც სინამდვილეში არ ხდება. აღმოჩნდა, რომ ტვინის ნახევარსფეროთა „სამეტყველო“ და „სივრცითი“ ზონები მრავალი მიზეზითაა განპირობებული, მათ შორის სქესთან არანაირ კავშირში მყოფთანაც.
ხშირად, ის, ვინც ქალისა და კაცის ტვინებს შორის განსხვავებების ჩვენებას ესწრაფვის, ცხოვრებისეულ გამოცდილებაზეა ორიენტირებული: ქალები ნაკლებ აღმოჩენებს აკეთებენ, ნაკლებად წარმოდგენილნი არიან მეცნიერებაში, მეტს უსმენენ სხვებს და მეტად არიან დაკავებულნი ბავშვებით. სწორედ ასე „ამტკიცებდნენ“ XVIII საუკუნეში ქალის ინტელექტის უუნარობას: ქალები ვერ ჩანდნენ მეცნიერებებში, სად მოღვაწეობაც მათ უბრალოდ აკრძალული ჰქონდათ.
ამ „კანონზომიერებების“ უკვე დღეს დასამტკიცებლად, ხშირად იყენებენ გავრცელებულ ტესტებს, სამგანზომილებიანი ფიგურების ტრიალით: მიიჩნევა, რომ კაცებს ეს უკეთ გამოსდით. ეს მოსაზრება კარგად იკვლიეს სოციალურმა ფსიქოლოგებმა. აღმოჩნდა, რომ თუ ტესტის ჩატარების წინ, მის მონაწილეს გააფრთხილებ, რომ ეს ტესტი ავლენს მის უნარებს ინჟინერიასა და ავიამშენებლობაში (ან რომ კაცები მას უკეთ უმკლავდებიან), – მაშინ ქალებში მნიშვნელოვნად დაბალი შედეგია. მაგრამ, თუ ტესტის ჩატარების წინ, მის მონაწილეს გააფრთხილებ, რომ ტესტის გავლა ყაისნაღით ქსოვას ან სხვა ხელსაქმეს უკავშირდება (ანუ, ქალისთვის „შესაფერის“ საქმეს), – ქალები მას გაცილებით უკეთ უმკლავდებიან.
ამ ეფექტს „სტერეოტიპის საფრთხე“ ეწოდება. კაცებიც და ქალებიც „ინტუიციურად გასაგებ“ ცნებებს ექვემდებარებიან, რომლისგან გათავისუფლებაც არცთუ ისე ადვილია, განსაკუთრებით მაშინ, თუ ამ სტერეოტიპებს მათი ავტორიტეტები: მეცნიერები თუ სხვა ლიდერები ავრცელებენ. ნიშანდობლივია, რომ ტესტების გავლისას, ლიდერის თვისებებისა და ამბიციების გამოვლენაზე გავლენა სხვა სახის ინფორმაციასაც შეუძლია: მაგალითად, ქალი ლიდერების ბიოგრაფიებს, სამეცნიერო სტატიებს ქალთა მიღწევებზე მათემატიკასა და სივრცით აზროვნებაში.
რამდენიმე წლის წინ, ყველა გააოცა ანთროპოლოგების დაკვირვებამ ველური შიმპანზეების ტომზე: მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ ნორჩი მდედრები ხის მორებით ისე თამაშობდნენ, როგორც – თოჯინებით. ეს კვლევა იმ არგუმენტის გასამყარებლად გამოიყენეს, რომ ქალის როლი – დედობაა. მაგრამ, ადამიანი არ არის შიმპანზე. იმის დასამტკიცებლად ან უარსაყოფად, რომ უმაღლესი პრიმატების ნაშიერებსა და ადამიანში სტერეოტიპული საქმიანობა ადრეული ასაკიდანვე აქვს ჩანერგილი, მასშტაბური ექსპერიმენტია ჩასატარებელი ერთთანაც და მეორესთანაც.
მსგავსი ექსპერიმენტები მაიმუნებზე წინააღმდეგობრივი აღმოჩნდა. შიმპანზეებს „ბიჭური“ მანქანა და ბურთი, „გოგოს“ თოჯინა, ქვაბი და „ნეიტრალური“ ილუსტრირებული წიგნი და პლუშის ძაღლი შესთავაზეს. ხვადებმა ყველა სათამაშო ერთნაირად აითვისეს, მდედრებმა კი „გოგონების“ სათამაშოები მოიწონეს. თუმცა, აქაც სერიოზული პრობლემა იმალება: ცხოველებისთვის, ადამიანების ნივთებს სხვა დატვირთვა აქვს. როცა იგივე სათამაშოები სხვა კატეგორიებად დაიყო – უსულოებად და სულიერებად, – ხვადებისა და მდედრების უპირატესობებს შორის განსხვავებები იმავე წამს გაქრა.
ხშირად, იმ კვლევების მონაცემები, რომელიც კაცებსა და ქალებს შორის განსხვავებებს არ ავლენს, უყურადღებოდ რჩება. სამაგიეროდ, განსხვავებების მხარდამჭერ კვლევებს ძალიან ხშირად ავრცელებენ მედია და ბლოგერები.
ასევე, ერთგვაროვანი დასკვნები არ გამოდის ბავშვებზე ექსპერიმენტის დროსაც. „ბიჭის“ სათამაშოებად მიიჩნევა მატარებელი, ავტომობილი და იარაღი, ხოლო „გოგოსი“ – ჭურჭელი, ბავშვის საწოვარა ან საწოლია. საშუალოდ, იმის დამტკიცება ხერხდება, რომ ბიჭები მეტს თამაშობენ მანქანებით, ხოლო გოგონები – საწოვარათი. გენდერულად ნეიტრალურ სათამაშოებს, მაგალითად მოზაიკას, პირამიდას, რბილ სათამაშოებს, ორივე ერთნაირ დროს უთმობს. სხვა მკვლევარებს მიაჩნიათ, რომ რბილი სათამაშოები გენდერულად ნეიტრალური კი არა, გოგონებისაა, და ამტკიცებენ, რომ გოგონები მათთან მეტ დროს ატარებენ.
ზუსტად ისევე, როგორც მაიმუნების შემთხვევაში, ბავშვებთან დაკავშირებული ექსპერიმენტები „თვითაღსრულებად წინასწარმეტყველებად“ (self-fulfilling prophecy) შეიძლება იქცეს, და მათ შემდეგ ბევრი კითხვა რჩება. რა იზიდავს ბავშვებს სათამაშოებში: ფერი, ტემპერატურა, ტექსტურა, ჟღერადობა, სიმკვრივე თუ სუნი? რა უფრო მოსწონს ბიჭს – სახანძრო მანქანა ბორბლებს გარეშე თუ ბარბი ვარდისფერ მანქანაში? სათამაშოების რა თვისებები იზიდავს ხვად პრიმატებს და შესაძლებელია თუ არა, ამ ყველაფრის გათვალისწინებით ისეთი სათამაშოების შექმნა, რომელიც მხოლოდ ერთი სქესისთვის იქნება საინტერესო?
ნეირომეცნიერება – ახალ მეცნიერებათა ჯგუფია, რომელიც განვითარების ახალ ეტაპზე იმყოფება. ჯერ კიდევ, ინფორმაცია ტვინის შესახებ უკიდურესად ცოტაა. ნეიროკვლევებისთვის არსებობს რეკომენდაცია, გათვალისწინებულ იქნას ექსპერიმენტებში მონაწილეთა არა მხოლოდ სქესი, არამედ ასაკი, წარმომავლობა, სოციალური სტატუსი და სხვ. ამ მოთხოვნას ითვალისწინებს ნეიროპლასტიკურობა – ტვინის თვისება, შეიცვალოს ცხოვრების მანძილზე გამოვლილი გამოცდილება. თუ ჩვენ ვაგროვებთ მონაცემებს სხვადასხვა ადამიანების ტვინის მუშაობის შესახებ განსხვავებებზე, ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ ისინი დაბადების შემდეგ ან გარკვეული გამოცდილების მიღების შედეგად გაჩნდა. სტერეოტიპები ამყარებს იმასაც, თუ რა ინფორმაცია მიდის ფართო აუდიტორიამდე.
ტვინში არ არსებობს ზონები, რომელიც მათემატიკის, მწერლობის, ემპათიის ან კულინარიული ოსტატობის ნიჭზეა პასუხისმგებელი: ეს არის მოზაიკა, რომელშიც ბევრი უბანი მონაწილეობს, და რომელიც ერთსა და იმავე ამოცანას სხვადასხვა ხერხებით ხსნის. „ინტუიციურად გასაგები“ დასკვნები, შესაძლოა, სტერეოტიპები იყოს. ამ თემაზე ექსპერიმენტები უნდა ჩატარდეს კორექტულად, სხვადასხვა ლაბორატორიაში, და დასტურდებოდეს ერთი და იგივე შედეგი.
არც იმის მტკიცების საფუძველი არსებობს, რომ სქესებს შორის ბიოლოგიური განსხვავებები არ არსებობს. კვლევებს შეუძლიათ, მაგალითად, იმ თავისებურებაში გარკვევა, რასაც აუტიზმი ეწოდება, რომელიც ბიჭებში გაცილებით ხშირია, ვიდრე – გოგონებში. განსხვავებების გათვალისწინება თავად ექსპერიმენტებშიც აუცილებელია. თავად უჯრედულ კვლევებშიც კი, ახლა შემოთავაზებულია, გამოკვლეულ იქნას ორივე სქესის უჯრედები, რადგან სქესის განმსაზღვრელი ქრომოსომები ჩვენი გენომის დაახლოებით 5%-ის კოდირებას ახდენს და აისახება უჯრედის რეაქციებზე.
თუმცა, „განსხვავება“ არ ნიშნავს „საპირისპიროს“, და მეცნიერები „სქესის ეფექტზე“ საუბარს ამჯობინებენ: კაცობრიობა ტვინის წყობის უამრავი ვარიაციის მქონე ერთიანი სახეობაა. „კაცური“ და „ქალური“ ტვინი მითია, ხოლო არსებული განსხვავებები იმის საფუძველს საერთოდ არ იძლევა, რომ ერთი სქესის ტვინის მეორეზე უპირატესობაზე ვიფიქროთ.