ნეპალის ზოგიერთ თემში, გოგონებსა და ქალებს მენსტრუაციის დროს ან მშობიარობის შემდგომ პერიოდში დროებით საცხოვრებელი ადგილიდან ასახლებენ, რადგან სწამთ, რომ „ბინძურ“ ქალს უბედურება მოაქვს.
ნეპალის პოლიცია 15 წლის გოგონას სიკვდილს იძიებს, რომელიც მენსტრუაციის გამო მიწურში გაასახლეს. მიწურს ცუდი ვენტილაცია აღმოაჩნდა. პოლიციის ვერსიით, როშანი ტირუვა (Roshani Tiruwa) გასათბობად ცეცხლის დანთებას შეეცადა, რის შედეგადაც გაიგუდა.
გოგონას ცხედარი მამამისმა აღმოაჩინა. ინციდენტი აჩჰამის (Achham) რაიონის პატარა სოფელში მოხდა, რომელიც კატმანდუდან 440 კილომეტრში მდებარეობს.
ძველინდუსური ტრადიციის თანახმად (ჩაუპადი, chhaupadi), ქალები მენსტრუაციის დროს ან მშობიარობის შემდგომ პერიოდში „უწმინდურებად“ ითვლებიან. ზოგიერთი სოფლის მკვიდრნი დარწმუნებულნი არიან, რომ თუ ამ მდგომარეობაში მყოფ ქალებს თავიდან არ მოიცილებენ, მათ სოფელს უბედურება ელის, მაგალითად ბუნებრივი კატასტროფები. ჩვეულებრივ, იზოლაციაში მყოფ ქალებს საკვებს არ აძლევენ და რძის მიღებას უკრძალავენ. ზოგიერთ შემთხვევაში, გოგონებსა და ქალებს საქონელთან ერთად ძილი უწევთ, ხანდახან კი მათ სოფლის ფარგლებს გარეთაც აძევებენ. ზამთრობით, ქალები ასეთ მდგომარეობაში ხშირად იყინებიან, ზაფხულობით კი სიცხისგან იხრუკებიან. მიიჩნევა, რომ ამგვარი პრაქტიკა ასაკში შესულ ქალებში ფსიქიკური დაავადებების განვითარებას უწყობს ხელს.
ნეპალის ხელისუფლებამ ეს პრაქტიკა ჯერ კიდევ 2005 წელს აკრძალა, მაგრამ ზოგიერთ თემში მას კვლავ მისდევენ.