ავტორი: ლორი პენი
ნეოლობერალური პატრიარქატი ჩვენს ცნობიერებაში ისეა ფესვგადგმული, რომ ხშირად, მის წესებს სრულიად გაუაზრებლად ვემორჩილებით.
ამის ერთ-ერთი მაგალითია ქალების ერთმანეთთან დატაკება მათთვის ნებადართული მცირე ძალაუფლებისა და უსაფრთხოების გამო, მათთვის კუთვნილის მოთხოვნის სანაცვლოდ. ქალის ძალაუფლება შეზღუდული საქონელი, დეფიციტური რესურსია, რომლის გამო, ქალები იძულებულნი არიან, ერთმანეთის კონკურენტები იყვნენ, ხოლო თუ რა ბედი აქვს ამ სამყაროში შეზღუდულ რესურსებს, ეგეც კარგად ვიცით.
გოგონები ისეთი ბოროტები არიან, ასე არ არის? ქალური კონკურენცია კვლავინდებურად რჩება უმეტესწილად გაშინაგნებული (ინტერნალიზებული) სექსიზმის უთქმელ სცენარად, მაგრამ, როდესაც ჩვენ ვბედავთ და ქალებს შორის ეჭვიანობის, წყენისა და მეტოქეობის პრობლემაზე ვსაუბრობთ, ჩვენ ხშირად გვეუბნებიან, რომ ეს ქალად ყოფნის თანმხლები მოვლენაა, რომ კაცების ყურადღების მისაქცევად, ისინი ერთმანეთს სასტიკ კონკურენციაში ამყოფებენ, რომ ეს მათ გენებში და შესაძლოა, ტვინშიცაა. ეს მავნე გენდერული ქცევა გვიანი კაპიტალიზმის დამჯერი მოქალაქეების შექმნის მიზნით ყალიბდება. მის განსამტკიცებლად, მას რეგულარულად გვაჩეჩებენ, როგორც „ბუნებრივ“ მოცემულობას.
ევოლუციურმა ფსიქოლოგებმა, რომლებიც მზად არიან, მოემსახურონ ბაზარზე მოთხოვნად ნებისმიერ მითს, ჩვენ დაგვარწმუნეს, რომ ქალური კონკურენცია ჰეგემონიის კი არა, ჩვენი ჰორმონების პროდუქტია. „ქალთა სქესის წარმომადგენლებს ირიბი აგრესიისკენ განსაკუთრებული მიდრეკილება აქვთ, რასაც, როგორც წესი, სხვა ქალების წინააღმდეგ იყენებენ, განსაკუთრებით მეტად მიმზიდველი და სექსუალურად ხელმისაწვდომი ქალების მიმართ, წყვილების მოპოვების ინტრასექსუალურ (intrasexual competition, ქალების ურთიერთკონკურენცია კაცის გამო) კონტექსტში“, – წერს ტრეისი ვაილანკური (Tracy Vaillancourt) ჟურნალ Philosophical Transactions-ში. ვაილანკური გვეუბნება, რომ „ირიბი აგრესია ისეთ ქცევებს მოიცავს, როგორიცაა კონკურენტის გარეგნობის კრიტიკა, ადამიანის სექსუალური ქცევების შესახებ ჭორების გავრცელება და სოციალური გარიყვა. ეს არის ინტრასექსუალობის ეფექტური სტრატეგია“.
მკვლევარები ფლორიდას შტატიდან იონ მანერი (Jon Maner) და ჯეიმს მაკნალტი (James McNulty) ამტკიცებენ, რომ ახალგაზრდა ქალებში ტესტოსტერონის დონე მაღლა იწევს, როდესაც ისინი ოვულაციისთვის მზადმყოფი ახალგაზრდა ქალების მაისურის სურნელს შეიყნოსავენ. მათი ვარაუდით, ეს ერთგვარი მზადყოფნაა აგრესიული სექსუალური კონკურენციისთვის. რაღა უნდა ითქვას ამაზე, ან იმ ქალებზე, რომლებიც „კონკურენტების მაისურებს საყნოსად დასდევენ“?
აშკარა პოლიტიკური ასპექტი იკვეთება იმაში, რომ ქალების ურთიერთკონკურენცია სქესობრივი გადარჩევის არჩევანამდე დაიყვანება: ეს ქალების ერთმანეთისგან იზოლირების ჩინებული ხერხია. ქალური კონკურენცია ცრუ ცნობიერების განსაკუთრებული სახეობაა. ცრუ ცნობიერების კლასიკური მარქსისტული გაგებით, მუშამ სამუშაოს მძებნელი სხვა მუშები რესურსებსა და უსაფრთხოებაზე მოცილე კონკურენტად უნდა აღიქვას, ანუ მტრად, და ურთიერთშუღლისა და კონკურენციის პირობებში, საკუთრების მფლობელებისა და ბოსების -მართლა ჩაგვრის წყაროს – ჩამოგდების მიზნით, იგი არ უნდა გაერთიანდეს მსგავსი პრობლემის მქონე ადამიანებთან. ჩვენს სამუშაოში, ცხოვრებასა და ოჯახურ პრობლემებში, უსაფრთხოებასა და თავისთავადობაში, ნამდვილი საფრთხე სულაც არაა სხვა ქალები. ეს ასე არც არასოდეს ყოფილა, მაგრამ ლიბერალურ პატრიარქატს თითოეული ადამიანური ურთიერთქმედება ველურ კონკურენციამდე დაჰყავს, დობის (sisterhood) ცნების ჩათვლით.
პატრიარქატი იმ ქალებს სჯის, რომლებმაც ამ იერარქიულ წესრიგში თავიანთი ადგილი არ იციან. იგი გზაზე უამრავ წინაღობას გვახვედრებს. მაგრამ, სხვა ქალები ამ დასამსჯელო სისტემის საკვანძო ნაწილები არიან, და ხშირად ეს გაცილებით მტკივნეულია. შარშან, ჩემმა ახალგაზრდა მეგობარმა უცნაური ტვიტი გამოაქვეყნა, სადაც ამბობდა, რომ სხვა კონკრეტული გოგოს წარმატება მისთვის პირდაპირპროპორციულად ცოტა სივრცეს ტოვებდა. მე მას მაშინვე მივწერე და ვუთხარი, ისე ნუ ლაპარაკობ, თითქოს მოსისხლე მტერზე წერდე, ვიცი, რომ ხუმრობ, მაგრამ ისიც ვიცი, რომ სინამდვილეში სულაც არ გეცინება-მეთქი. აღმოჩნდა, რომ ის წარმატებული ქალი, ვისზეც ის საუბრობდა, ასევე მწერალი იყო, მხოლოდ სრულიად სხვა ყაიდის – ნიუ-იორკის პრესის ყურადღება მან მიმზიდველი გარეგნობითა და რამდენიმე პრესტიჟულ ფართიზე დასწრებით მოიპოვა. მეგობარს ვკითხე, რატომ ხარ ასეთი სევდიანი და დაუცველი-მეთქი. „ეს გოგო იმის განსახიერებაა, თუ ვინ მინდოდა, ვყოფილიყავი – პატივცემული და გარეგნულად მიმზიდველი. როგორც ჩანს, ჩემი საქციელი თვითსიძულვილის გამოხატულებაა – დაასახელეთ ვინმე, ვისაც, თქვენი აზრით, იდეალური ცხოვრება აქვს, და ყველაფერი გადაიტანეთ მასზე“, – მითხრა მან. „მართალი ხარ, ზუსტად ერკვევი ვითარებაში. შენ იმას დარდობ, რომ ამ გოგოს ადგილზე არ ხარ“, – ვუპასუხე მე. ჩვენ აზროვნების ეს ხაზი უნდა ამოვძირკვოთ, რადგან ეს დიდი შეცდომაა. ქალი კონკურენტების ჩაძირვა საჭირო არაა, ადგილი ყველასთვის საკმარისია.
ფარული, მზაკვარი ბრძოლა იმის გამო, რომ ასეთი გოგო არსებობს თითოეულ სოციალურ და პროფესიულ წრეში და თემის ტაბუირება, მას კიდევ უფრო მავნეს ხდის. უხერხულია ამაზე საუბარი, მაგრამ ამას თავისი მიზეზები აქვს. თუ ამ ტენდენციას მუდმივად დავმალავთ, ერთმანეთის ჩაძირვას ვერასოდეს შევწყვეტთ. ჩვენი შესაძლებლობების გამოსავლენად, ირგვლივ ძალზე დიდი ასპარეზი გვაქვს. პატრიარქატის პირობებში, ქალთა ხმა სუსტად ისმის. მწარე ირონიაა, მაგრამ ამგვარი რამ თავად ფემინისტურ მოძრაობაშიც ხდება. ფემინისტი აქტივისტები ერთმანეთის წინააღმდეგ არიან განწყობილნი, ხშირად თავიანთი ნების წინააღმდეგაც, რადგან კაცები გვეკითხებიან, თუ ვინ არის ჩვენ შორის საუკეთესო, თითქოს ქალთა გათავისუფლება იყოს უბრალოდ სხვა ღერძი, რომელზეც ერთმანეთს პრიზების გამო განვსჯიდეთ, თითქოს ფემინიზმი არ იყოს მოძრაობა, რომელიც ყველა ჩვენგანისთვის საჭიროა.
სავარაუდოდ, ქალები და გოგონები კვლავ ერთმანეთს შეეჯიბრებიან კაცების ყურადღების მოსაპოვებლად როგორც პროფესიულ, ასევე სოციალურ დონეზე. ნებისმიერ შემთხვევაში, ამ შეჯიბრში „შეზღუდული რაოდენობის ადგილების“ ცნებას სასოწარკვეთილი სულისკვეთება აქვს. სინამდვილეში, სამყაროში ძალიან ბევრი ადგილი არსებობს ნიჭიერი ადამიანებისთვის, რომლებიც ქალები არიან. სოციალური ძალაუფლების მქონე ადამიანები – სამუშაო ადგილზე, მეგობრების წრეში, ოჯახში – ქალებს ჟოკეებად აქცევენ ისე, რომ ზოგჯერ ვერც კი ამჩნევენ ამას. თქვენ უნდა გაიმარჯვოთ პატრიარქატის მიერ დადგენილ პირობებში, რათა ქალები ერთმანეთს მუდამ ებრძოდნენ: თქვენ უნდა მოიგოთ თამაშები გოგონებისთვის. ეს „გოგოების“ თამაში იცვლება, როცა ასაკი გემატებათ, მაგრამ საკმარისად „სიკარგე“ ყოველთვის მოგეთხოვებათ. უნდა იყოთ საკმარისად კარგი, საკმარისად გამხდარი, საკმარისად თავდაჭერილი, კაცებისთვის საკმარისად სასურველი, მაშინაც კი, თუ ეს არ გინდათ. მალე გექნებათ იდეალური ურთიერთობები, იდეალური ქორწინება, შესანიშნავი ოჯახი; მუდმივად უნდა გაგაჩნდეთ სახლისა და სამსახურის დაბალანსების უნარი, არ უნდა გადაიღალოთ. ამის პარალელურად, თითოეული ამ ღერძის მიხედვით, გამუდმებით უნდა შეადაროთ თავი სხვა ქალებს.
სწორედ ამან ააფორიაქა ჩემი ახალგაზრდა მეგობარი: შეგრძნება, რომ მისი კონკურენტი მასზე უკეთესი მწერალი კი ვერ იქნებოდა, მაგრამ სჯობს „ახალგაზრდა მწერალი ქალის“ როლის შესრულება – იმიჯი, რომელსაც თანამედროვე ლიტერატურული კულტურა მოითხოვდა.
ქალური კონკურენცია ინტერნალიზებული სექსიზმის მახვილი კუთხე და სოლიდარობის სიკვდილია. ეს გამოიხატება ერთმანეთისთვის გზის მოჭრით სამსახურში თუ წარმატებული მეგობრისთვის ცივი წყლის გადასხმით სოციალურ ქსელებში, და ეს არის შხამი, რომელიც შიგნიდან გჭამთ.
ამასთან გასამკლავებლად, არასოდეს მქონია ემოციური წინაღობა სხვისი შურის წინააღმდეგ. ერთადერთი ხერხი, რომელიც ოდესმე გამომიყენებია, – თამაშზე უარის თქმა იყო. მთელი ცხოვრების მანძილზე, სხვა ქალების მიმართ ეჭვიანობას განვიცდიდი. ეს იყო საშინლად მტანჯველი შური, ზოგჯერ იგივე ადამიანების მიმართ.
ამიტომ, როდესაც შედარების მომწამვლელ ცახცახს ვგრძნობ, თავს ვაიძულებ, თუ ეს საერთოდ შესაძლებელია, რომ მხარი დავუჭირო და დავუმეგობრდე გოგონას. მე თავს ვაიძულებ, მას ვაგრძნობინო, თუ როგორი აღტაცებული ვარ მისი მუშაობით და ვეკითხები, დახმარება ხომ არ სჭირდება. ამგვარად შევიძინე რამდენიმე საუკეთესო მეგობარი ქალი და დავკარგე რამდენიმე კაცი: აღმოჩნდა, რომ როდესაც ქალები ერთმანეთს მთავარ პრიორიტეტებად აღიქვამენ, კაცებს ყურადღებას აღარ აქცევენ და ამგვარი ქცევა ორმხრივდება.
თქვენ ვერ დაადანაშაულებთ კაცებს იმაში, რომ მათ სურთ, ქალები ერთმანეთში მუდმივად ქიშოპბენ. გვიანი კაპიტალიზმი კვლავინდებურად ნულოვანი შედეგის თამაშში მონაწილეობას მიგვითითებს. თავიანთი უღიმღამობის მცოდნე კაცებს ბევრი საფუძველი აქვთ, ეშინოდეთ, რომ საქმე ცუდად წაუვათ, თუ ქალები მათთან ნამდვილ კონკურენციაში შევლენ.
ქალის ცხოვრების კურსი ჩრდილოვანი, უსიტყვო სტანდარტებით დგინდება, მაგრამ ჩვენ მაინც გვგონია, რომ ამ კონკურენციას გადავლახავთ. მაგრამ თამაში „საუკეთესო გოგონა“ – ესაა შეჯიბრი გამარჯვებულის გარეშე. რა თქმა უნდა, თქვენ არ ხართ მოგებული, როდესაც კეთილი ხართ მის მიმართ, ვინც თქვენი ცხოვრების ენერგიას მართავს. კაცებისთვის და ბიჭებისთვის ყველაფერი სხვაგვარადაა. მათ შეუძლიათ, იყვნენ შეუხედავები, ცუდად ჩაცმულები, მიზანთროპები, მაგრამ თუ ბესტსელერი ნოველისტები ან ჰაკერები არიან, ისინი მაინც იგებენ სქესის ნიშნით სოციალურ თამაშს. პატრიარქატს მიაჩნია, რომ მიღწევებისკენ და შექმნისკენ ქალის სწრაფვა მიზანშეწონილი არაა, რადგან მას არ სურს, რომ ქალები იყვნენ დიდი მოაზროვნეები, მხატვრები და პოლიტიკოსები. პატრიარქატს არ სურს, რომ ქალები დიდები იყვნენ. მას სურს, რომ ჩვენ უბრალოდ კარგები ვიყოთ. დიდი განსხვავებაა!
თუ ქალური კონკურენცია ცრუ ცნობიერებაა, სხვა ქალებთან კონკურენციაზე უარის თქმა ყველაზე რევოლუციური რამაა, რაც ფემინისტური მოძრაობიდან პირდაპირ ახლა შეგვიძლია ავიღოთ. მაშინაც კი, როდესაც ქალებთან მეტოქეობა სხვა არაფერია, თუ არა „ბუნებრივი“ ინსტინქტი, ეს არაა იმის მიზეზი, რომ სხვა ქალებთან შედარებების გამო საკუთარი თავები ვტანჯოთ და ისინი ჩავძიროთ. სინამდვილეში, თქვენ ამ კონკრეტულ გოგოს კი არ ექიშპებით, არამედ – იდეალურ გოგოს, რომელიც თქვენს თავში ცხოვრობს და დროებით სხვის ტყავშია გახვეული, რომ თქვენ დაგცინოთ. იგი ყოველთვის ლამაზი, შესანიშნავი, ნიჭიერია, არასოდესაა მარტოსული, შეცბუნებული და თავდაჯერებადაკარგული.
ამიტომაც, ნუ შეექიშპებით სხვა ქალებს. თუ მაინცდამაინც შეჯიბრია, ბარემ კაცებს შეეცილეთ და არა – სხვა ქალებს. ეს სარისკო სტრატეგიაა, რადგან არავის უყვარს ქალი, რომელიც პირდაპირ კაცებს ეცილება, მაგრამ ეს იქნება მოულოდნელი განაცხადი, და ვიდრე ამას ვინმე მიხვდება, თქვენ უკვე შორის იქნებით წასული. შეებით კაცებს. ეს მათ შეაშინებს.
წყარო: thebaffler.com