ბავშვზე ძალადობა

ნიგერიაში ტერორისტებმა 300-ზე მეტი გოგონა გაიტაცეს

გასულ პარასკევს, დილით, ჯანგებეში, ზამფარას შტატში, 300-ზე მეტი გოგონა უცნობმა ტერორისტებმა გაიტაცეს. სკოლის მოსწავლე გოგონებს ნიგერიაში გამოსასყიდის მიღების მიზნით ხშირად იტაცებენ. ამჯერად, პოლიცია ფიქრობს, რომ გოგონები ტყეში წაიყვანეს.

ქვეყნის პრეზიდენტის მუჰამადუ ბუჰარის თქმით, ხელისუფლებას ბანდიტების წინააღმდეგ დიდი ძალის გამოყენება შეუძლია, მაგრამ არსებობს საშიშროება, რომ ისინი სკოლის მოსწავლეებს ფარად აიფარებენ.

2014 წელს, „ბოკო ჰარამის“ ბოევიკებმა ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთში 276 სკოლის მოსწავლე გოგონა გაიტაცეს. ეს რადიკალური ისლამისტური დაჯგუფება საერო განათლების წინააღმდეგ ილაშქრებს. მისი წევრები ხშირად ესხმიან თავს სკოლებსა და სხვა სასწავლო დაწესებულებებს.

თუმცა, არსებობს ვარაუდი, რომ ამჯერად გატაცების უკან სხვა ჯურის კრიმინალები დგანან. ზოგიერთ თავდამსხმელს უსაფრთხოების სახელმწიფო სამსახურების ფორმა ეცვა.

ტანჯვისგან შეშლილი ზოგიერთი მშობელი პირდაპირ ჯუნგლებისკენ გაემართა შვილების საძებრად. სკოლის 421 მოსწავლიდან, მხოლოდ 55 დარჩა.

ბავშვების მოსაძებნად პოლიციისა და სამხედრო შენაერთების გაძლიერებული რეიდებია დანიშნული.

გატაცებაზე პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არც ერთ დაჯგუფებას არ აუღია.

ყოველ ჯერზე, როდესაც ნიგერიაში სკოლიდან ბავშვებს იტაცებენ, „ბოკო ჰარამის“ ამბავს იხსენებენ. მსგავსი გატაცებები ადრეც მომხდარა, მაგრამ გოგონებს არ შეხებია. ეს მანამდე ხდებოდა, სანამ კამპანია #BringBackOurGirls (დააბრუნეთ ჩვენი გოგონები) გაჩაღდებოდა. გამტაცებლები კარგად მიხვდნენ, რომ ბავშვების გატაცება ხელისუფლებაზე ზეწოლის იარაღად გამოდგებოდა. ამ უკანასკნელს კი, როგორც ჩანს, მსგავსი ინციდენტების აღმოსაფხვრელად არანაირი ბერკეტი არ გააჩნია. იგი ჯიუტად აცხადებს, რომ დამნაშავეებთან მოლაპარაკებას არ აპირებს.

და ამ ფონზე, ნიგერიის ჩრდილოეთით მდებარე სოფლის სკოლები გაცილებით უფრო დაუცველია, ვიდრე ოდესმე.

bbc.com