ნიდერლანდების მთავრობა საერთაშორისო ფონდს შექმნის, რომელიც განვითარებად ქვეყნებში სოციალურად დაუცველი მოსახლეობისთვის შობადობის კონტროლსა და აბორტებზე უფასო წვდომას დააფინანსებს. ქვეყნის მმართველობამ ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც ტრამპის ადმინისტრაციამ ყველა იმ უცხოური ორგანიზაციის დაფინანსება შეწყვიტა, რომელიც რეპროდუქციულ ჯანმრთელობაზე მუშაობდა.
„აბორტის აკრძალვა მისი რიცხვის შემცირებას არ იწვევს. ამას მხოლოდ უპასუხისმგებლო პრაქტიკების წახალისება და დედათა სიკვდილიანობის რიცხვის გაზრდა მოჰყვება“, – ვკითხულობთ ნიდერლანდების ვაჭრობისა და განვითარების მინისტრის ლილიან პლუმენის (Lilianne Ploumen) განცხადებაში.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის შეფასებით, ყოველწლიურად 22 მილიონი ქალი ჯანმრთელობისთვის უკიდურესად სახიფათო პირობებში იკეთებს აბორტს, და მათ შორის უდიდესი უმრავლესობა განვითარებად ქვეყნებში ცხოვრობს. ორგანიზაციის 2008 წლის ანგარიშში ნათქვამია, რომ ყოველ წელს ამგვარი პროცედურებისგან გამოწვეული გართულებებით დაახლოებით 50 000 ქალი კვდება.
მინისტრი პლუმენის თქმით, ტრამპის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებას ქალთა ჯანდაცვის სფეროში არსებული ბოლო მიღწევების წყალში ჩაყრა შეუძლია. „ჩვენ ამას უნდა შევეწინააღმდეგოთ, ანუ ეს ფინანსური დარტყმა იმ ფონდის საშუალებით უნდა ავანაზღაუროთ, რომელიც ჩვენი მთავრობის, ბიზნესებისა და სამოქალაქო სექტორის მიერ გაღებული შემოწირულობებით შეივსება, რათა ქალებმა საკუთარ სხეულებზე კონტროლი შეინარჩუნონ“, – დასძინა მან. მინისტრმა განმარტა, რომ მისი განზრახვაა მთელი მსოფლიოს ქალებისა და გოგონებისთვის განკუთვნილი დაფინანსების გაუქმების შედეგად გაჩენილი დანაკლისის ამოვსება.
საერთაშორისო ფონდის მუშაობის დაფინანსებაში თანამონაწილეობაზე თანახმაა ავსტრალია. სავარაუდოდ, სულ მალე ნიდერლანდებსა და ავსტრალიას სხვა ქვეყნებიც შეუერთდება.
დონალდ ტრამპის მიერ ქალთა რეპროდუქციულ ჯანმრთელობაზე მომუშავე საერთაშორისო ორგანიზაციებისთვის დაფინანსების შეწყვეტის შესახებ ინფორმაცია უფრო ვრცლად შეგიძლიათ იხილოთ აქ.