სტატიები

ნინა თიბილაშვილი პარაფარიკაობაში მსოფლიო თასის გამარჯვებულია

სულ ახლახან, ჰოლანდიის ქალაქ სტადსკანალში, 23-წლამდელთა მსოფლიო თასის გათამაშებაში, ოქროს მედალი მოიპოვა და მსოფლიო თასის გამარჯვებული გახდა ქართველი პარამოფარიკავე ნინა თიბილაშვილი. ნინამ რაპირით ფარიკაობაში საწყის ეტაპზე, ხუთი შეხვედრიდან ოთხი მოიგო, პლეი-ოფში პოლონელი და თურქი სპორტსმენები 15:11 და 15:12 დაამარცხა, ფინალში კი ფრანგ პარამოფარიკავე ანგარიშით 15:14 აჯობა. 19 წლის ნინა შესანიშნავ ფორმაშია და ამ გამარჯვებაზე შეჩერებას არ აპირებს.

ნინა თიბილაშვილი: სტადსკანალში ჩატარებული ეს შეჯიბრი ჩემთვის განსაკუთრებულად სასიამოვნო იყო, რადგან პირველად ავიღე ოქროს მედალი და ავაჟღერე საქართველოს ჰიმნი. ანგარიშით 15:14 მოგება ადვილი არ ყოფილა: ეს მომენტი განსაკუთრებულად მახსოვს, რადგან ძალიან ძნელია, თანაბარი ანგარიშის დროს, ანუ როდესაც 14:14-ია, მაქსიმალურად აიყვანო თავი ხელში და პირველ რიგში გაუმკლავდე საკუთარ თავს, ნერვებს.

ეს იყო ასპარეზობის ერთ-ერთი ეტაპი, მსოფლიო თასი, სადაც მონაწილეობა მივიღე როგორც ოცდასამწლამდელთა შეჯიბრში, ასევე უფროსებში. დამიჯერეთ, არაფერია იმაზე სასიამოვნო, როცა საკუთარი თავით კმაყოფილი ხარ და ბედნიერი შესცქერი შენი გუნდის წევრებს.

ე. წ. „პულკა“ მარტივად გადავლახე, ყველაზე რთული ფინალი იყო, რადგან ბრძოლა თითქმის თანაბარი ანგარიშით მიდიოდა. ამ ბრძოლის წაგება არ შეიძლებოდა და მოვიგეთ კიდეც, – არა მხოლოდ მე, არამედ მთლიანად ჩემმა გუნდმა, რადგან არ შემიძლია, არ აღვნიშნო მათი გვერდში დგომა და გაგამხნევებელი შეძახილები, რაც ჩემთვის ბევრს ნიშნავს.

რამდენი ხანია, რაც პროფესიულ სპორტში ხართ ჩართული?

თითქმის ორი წელია, რაც ამ სპორტში ვარ. დღეს ჩემს ცხოვრებაში ფარიკაობას უმნიშვნელოვანესი როლი უჭირავს.

საყოველთაოდ ცნობილია, რომ საქართველოში სპორტსმენებს არასახარბიელო პირობებში უწევთ მუშაობა. სავარაუდოდ, სურათი კიდევ უფრო მძიმე იქნება პარასპორტში. თქვენ წინაშე ამჟამად მდგარი პრობლემების შესახებ რას გვეტყვით?

საბედნიეროდ, პირადად მე და უამრავ პარასპორტსმენს საქართველოში სავარჯიშოდ შესანიშნავი პირობები გვაქვს. ვვარჯიშობთ პარასპორტის განვითარების ცენტრში, სადაც ყველანაირი პირობაა შექმნილი სპორტსმენისთვის და ეს ფაქტი ნამდვილად მისასალმებელია.

რამდენად ხართ ჩართული მსოფლიოს პარასპორტში? თუ არის იმის შესაძლებლობა, რომ ამ სფეროში ჩატარებულ ღონისძიებებში მიიღოთ მონაწილეობა?

დღეს ბევრად მეტი კეთდება პარასპორტისთვის და პარასპორტსმენებისთვის, ვიდრე ადრე კეთდებოდა. დღეს თითოეულ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირს აქვს შესაძლებლობა, მეტად იცხოვროს ჯანსაღი ცხოვრებით და სპორტი მისი აქტიური ცხოვრების წყარო გახდეს. ეს ეხმარება ადამიანს, იპოვოს საკუთარ თავში ძალა, დაძლიოს კომპლექსები და საზოგადოებაში თავი დაიმკვიდროს, როგორც სრულფასოვანმა ადამიანმა. პირადად ჩემთვის, ვიყო პარასპორტსმენი, – მეტად სასიამოვნო და სასარგებლოა. ამიტომ, ამ სფეროში ჩატარებულ ღონისძიებებში ყოველთვის აქტიურად და სიამოვნებით ჩავერთვები.

როგორც ცნობილია, საქართველოში ქალ სპორტსმენებს „არასერიოზულად“ აღიქვამენ: კაცები ხშირად უსვამენ ხაზს, რომ ქალი „უსუსურია“, „კაცის ნეკნია და მას უნდა დაექვემდებაროს“, „ვის გაუგია ძლიერი ან ჭკვიანი ქალი“. ამ სტერეოტიპებთან გამკლავება არ გიჭირთ?

ეს სტერეოტიპია რომლის დამსხვრევას ნებისმიერი ძლიერი ქალი შეძლებს, როგორც მონდომებით, ასევე იმ ჭკუით, რომლის თანხლებით ხშირად საზრდოობს მამაკაცი (იცინის, შ. გ.). ხოლო რაც შეეხება ფიზიკურ მხარეს, – კაცის და ქალს სხვადასხვა მონაცემები აქვთ, ამიტომ მათი შედარება და შეჯიბრება უბრალოდ არაფრის მომცემია.

თქვენი სამომავლო გეგმები როგორ გამოიყურება?

სამომავლოდ უკვე ზრდასრულებშიც ოქროს მედალს ვუმიზნებ, და რა თქმა უნდა, 2020 წლის ოლიმპიადას…

ესაუბრა შორენა გაბუნია