ნინო ბაციაშვილი ქართულ საჭადრაკო სამყაროში ცნობილი ფიგურაა. მისი პირადი მიღწევები საკმაოდ შთამბეჭდავია: საქართველოს ჩემპიონი ქალთა შორის (2015 წ), ევროპის ვიცე-ჩემპიონი ქალთა შორის (2015 წ), ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს მედალოსანი სწრაფ ჭადრაკში, მსოფლიო გრანპრის მეორე და მესამე ადგილები (2016 წ), მრავალი საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებული და პრიზიორი.
ნინო არანაკლები წარმატებით ასპარეზობს გუნდურ ჩათვლაშიც: იგი არის მსოფლიო ჩემპიონი საქართველოს ნაკრებში (2015); მსოფლიო ჩემპიონატის ბრინჯაოს მედალოსანი (2017); ევროპის გუნდური ჩემპიონატის პრიზიორი; ევროპის საკლუბო ჩემპიონატის ორგზის გამარჯვებული (2014, 2015) და ვერცხლის მედალოსანი (2016); მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადის მცირე ვერცხლის (2016) მფლობელი.
ნინოს სპორტულ ბიოგრაფიაში განსაკუთრებულ მიღწევად მიიჩნევა 2015 წელს ყატარში ჩატარებულ საერთაშორისო ტურნირზე, მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონთან, მაგნუს კარლსენთან შავი ფიგურებით ნათამაშები ფრე. ამ დაუნდობელ, 5-საათიან ბრძოლაში, პლანეტის უძლიერეს მოჭადრაკე კაცს, ნინო არც ერთ ასპექტში არ ჩამორჩა და ყაიმი დააფიქსირა.
სულ ახლახან, ინგლისში, chess.com-ის ყოველწლიურ საერთაშორისო ტურნირზე, ნინომ უკვე კაცებს შორის დიდოსტატის წოდება მოიპოვა.
ნინო ბაციაშვილი: chess.com-ის ღია ტურნირზე, მამაკაცები და ქალები ერთად თამაშობენ. ამ ტურნირში მონაწილეობა მიუღია ყველა ცნობილ თანამედროვე მოჭადრაკეს, მოქმედი ჩემპიონის მაგნუს კარლსენის ჩათვლით. ტურნირი შვეიცარიული სისტემით, ცხრა ტურად იყოფა, სადაც გამარჯვებული ჯამური ქულების მიხედვით ვლინდება.
2500 რეიტინგი რას ნიშნავს?
მე ახლა კაცებში საერთაშორისო დიდოსტატის ქულა (ე/წ GM ნორმა) ავიღე. ასეთი სამი ნორმა სამჯერ უნდა აიღო სხვადასხვა ტურნირში, ეს ჩემი მესამე ქულა იყო. თუმცა, ეს დიდოსტატობისთვის საკმარისი არ არის. ასევე საჭიროა, პერსონალურ რეიტინგში ერთხელ მაინც დაფიქსირდეს 2500 პუნქტი. 2016 წლის ნოემბერში, მე უკვე მქონდა პერსონალური რეიტინგი 2509, ანუ ეს მოთხოვნაც უკვე შესრულებული მაქვს. საბუთები უკვე კონგრესზეა გადაგზავნილი და სავარაუდოდ ერთ კვირაში, უკვე კაცებში საერთაშორისო დიდოსტატის წოდება დამიმტკიცდება.
ნონა გაფრინდაშვილის, მაია ჩიბურდანიძის, ნანა ძაგნიძისა და ბელა ხოტენაშვილის შემდეგ, რიგით მეხუთე ქართველი ქალი გროსმაისტერი ხართ. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენში ტიტულოვანი მოჭადრაკე ქალები არავის უკვირს, ახალი თაობის მოჭადრაკე ქალის გამოჩენას აუდიტორია როგორ შეხვდა?
ჭადრაკი ისეთი სფეროა, სადაც ქართველი ქალები ყოველთვის წარმატებულნი იყვნენ. ამიტომაც, ვფიქრობ, რომ ამის გამო, გენდერული სახის ზეწოლა კაცების მხრიდან ნაკლებად იგრძნობა. ანუ, ისინი არ ფიქრობენ, რომ ჭადრაკი „ქალის საქმე არაა“.
რაც შეეხება წმინდა საჭადრაკო მხარეს, – აქ კაცებში უფრო მეტი და მაღალი პრიზებია, ვიდრე ქალთა ტურნირებში. ამაში გენდერული განსხვავება უფრო მკვეთრად ჩანს. ღია ტურნირებში, სადაც ყველას შეუძლია მონაწილეობის მიღება, კაცები მაინც მოწინავე პოზიციებზე არიან. ერთადერთი ნათელი გამონაკლისი აქ ჰოუ იფანია, რომელიც ამ ტურნირში დავამარცხე. იგი ამჟამად ქალთა შორის ნომერ პირველი მოჭადრაკეა, დიდ კონკურენციას უწევს კაცებს და უამრავი საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებულია. იგი ყველა მოჭადრაკე გოგოსთვის და ქალისთვის დიდი სტიმულია, რომ შესაძლებელია მეტის მიღწევა და კაცებზე გამარჯვება.
სავარაუდოდ, ტურნირის ფავორიტთა რიცხვში არ შედიოდით?
ჩემი ასეთი თამაში ყველას გაუკვირდა, არა მხოლოდ შედეგის მიხედვით: თვითონ პარტიებიც საკმაოდ მაღალი დონის მქონდა. გამოჩენილ, ე.წ. „სტარ“ დიდოსტატებთან თანაბარი ძალით ვთამაშობდი, პარტიები ხშირად 7 საათს გრძელდებოდა. მათ დროულად დანებება ან ყაიმზე შეთანხმება არ უნდოდათ. ამიტომ, პარტიები ბოლო ფიგურების გაქრობამდე გრძელდებოდა, რაც ძალიან დამღლელი იყო. მიუხედავად იმისა, რომ ბოლოსკენ, უკვე ყველა ძალიან მგულშემატკივრობდა, დაღლა მაინც დამეტყო.
როგორც ვიცი, ჩვენში ნებისმიერ სპორტში, მათ შორის ჭადრაკშიც, თაობათა ცვლის პროცესი მტკივნეულად მიმდინარეობს, რაც ხშირად აისახება კონკრეტულ თაობაში წყვეტაზე ან წარუმატებლობაზე. ჭადრაკში როგორ ხდება ეს პროცესი?
არსებობს საჭადრაკო წრეები, სადაც ჩვეულებრივად მიმდინარეობს სასწავლო პროცესი, ბავშვების სქესის განურჩევლად. სასიამოვნოა, რომ ჩვენს საჭადრაკო სკოლებში გენდერული განსხვავებები არ შეინიშნება. საჭადრაკო აკადემია განსაკუთრებით ნიჭიერ ბავშვებს საერთოდ უსასყიდლოდ უღებს კარს.
მომავლისთვის რა გეგმები გაქვთ?
ოქტომბრის ბოლოს, ბათუმის გუნდი „ნონას“ შემადგენლობაში, სანაკრებო დონეზე, ევროპის ჩემპიონატში მონაწილეობის მისაღებად ვემზადები.
ესაუბრა შორენა გაბუნია