არასამთავრობო ორგანიზაცია საფარი, ითვალისწინებს რა ქალთა პოლიტიკაში საკითხების მიმართ საზოგადოებაში არსებულ დიდ ინტერესს, წინასაარჩევნო მარათონში ჩვენს პოლიტიკურ სივრცეში არსებული პარტიებიდან თითო ქალ კანდიდატს საშუალებას აძლევს, საკუთარ ამომრჩეველს ვრცლად და ამომწურავად ესაუბროს ქალთა უფლებებთან დაკავშირებულ საკითხებზე. გამომდინარე ჩვენი პროექტის ფორმატიდან, ინტერვიუს კითხვები ყველა რესპონდენტისთვის სრულიად იდენტური იქნება. მათი დახმარებით, რესპონდენტები თავად შექმნიან ამომრჩევლისთვის განკუთვნილ ტექსტებს. ამჯერად, ჩვენი რესპონდენტია პარლამენტის ფრაქცია “თავისუფალი დემკრატების” თავმჯდომარის მოადგილე, თავისუფალი დემოკრატების ლიდერი, ნინო გოგუაძე.
რას ნიშნავს, იყო ქალი პოლიტიკოსი საქართველოში? არის თუ არა განსხვავება ქალ პოლიტიკოსსა და კაც პოლიტიკოსს შორის?
პოლიტიკაში და არამარტო პოლიტიკაში, მთავარია ღირებულებები და პრინციპები. მათი ერთგულება თანაბრად მოითხოვს როგორც რაციონალური აზროვნების, ასევე თანაგრძნობის უნარს. ამ ორი უნარის შერწყმა კი ხშირად სწორედ ქალებისგან უნდა ისწავლონ კაცმა პოლიტიკოსებმა. კიდევ ერთი რამაა მთავარი – გაბედულებას ვგულისხმობ. საქართველოში კაცები ხშირად ღირებულებებსა და პრინციპებზე მეტად იმას უწევენ ანგარიშს, სხვები რას იტყვიან. მგონია, რომ დამოუკიდებელი გადაწყვეტილების მიღებას და, ზოგადად, დამოუკიდებლობას მეტი გაბედულება სჭირდება.
როგორ უნდა გაიზარდოს საქართველოში ქალთა პოლიტიკური მონაწილეობა? (მკითხველს შევახსენებთ, რომ პარლამენტში ქალთა წარმომადგენლობა 12% შეადგენს, ადგილობრივ თვითმმართველობებში კი – 14%).
საქართველოში ქალთა პოლიტიკური მონაწილეობა არჩევნებში ქალთა მონაწილეობის პირდაპირპროპორციული თუ გახდება, ვფიქრობ, ეს ბუნებრივი და სამართლიანი იქნება. ოღონდ უკეთესია, ეს მოხდეს რაც შეიძლება ბუნებრივად, ანუ ქალებისთვის პოლიტიკური ჰორიზონტის გახსნის შედეგად, და არა რაღაც სავალდებულო ზომების შემოღებით. თუმცა, დასაწყისში მაინც, როგორც ჩანს, ვერც სავალდებულო ზომებსა და კვოტებს ავცდებით.
დაუჭერთ თუ არა კვოტების კანონპროექტს მხარს პარლამენტში? რატომ?
კვოტების კანონპროექტს მხარს დავუჭერ, მაგრამ ვერ ვიტყვი, რომ სიხარულით გავაკეთებ ამას. დიდხანს მეგონა, რომ ასეთი სპეციალური ზომის მიღება იყო უბრალოდ ზედმეტი და, თანაც, ცოტა დამამცირებელი ქალებისთვის. მაგრამ პოლიტიკაში ჩაბმის, განსაკუთრებით კი პარლამენტში შესვლის შემდეგ, თანდათან დავრწმუნდი, თუ რამდენად გავრცელებულია ჩვენი საზოგადოების ერთ ნაწილში შეხედულება, თითქოს მამაკაცებს ქალებთან შედარებით რაღაც „სქესით ნაბოძები“ ინტელექტუალური უპირატესობა აქვთ. არადა, ძნელი წარმოსადგენია, რომ ჩვენი პარლამენტის საერთო ინტელექტუალური დონე და ხარისხი ოდნავ მაინც დაეცემოდა, თუ მასში კაცების ადგილს ასეთივე წესით არჩეული ჩვეულებრივი ქალები დაიკავებდნენ. საზოგადოებაში ფესვგადგმული განწყობისა და შეხედულების ჯერ შესამოწმებლად, შემდეგ კი საფუძვლიანად შესაცვლელად, როგორც ჩანს, საკანონმდებლო ზომების მიღება, კერძოდ, კვოტის დაწესებაა მიზანშეწონილი.
პოლიტიკოსი ქალები ხშირად აღნიშნავენ, რომ ჩვენს პოლიტიკურ რეალობაში ქალური სოლიდარობა იგნორირებულია თვითონ პოლიტიკოსი ქალების მიერ. ისინი ვერ ახერხებენ, ან საჭიროდ არ მიიჩნევენ ქალთა უფლებებთან დაკავშირებული საკითხების ღია მხარდაჭერას და ძირითადად ვიწროპარტიული ინტერესების მიხედვით არიან დაქსაქსულნი. როგორ ფიქრობთ, შესაძლებელია თუ არა ქალთა სოლიდარობის გაზრდა და როგორ გესახებათ ეს?
კარგი იქნება, თუ ქალთა სოლიდარობაც ისევე, როგორც სამოქალაქო სოლიდარობის სხვა ფორმები, არა ხელოვნურად, არამედ კონკრეტული პრობლემების გადასაჭრელად ბუნებრივად აღმოცენდება თვითორგანიზებადი სამოქალაქო საზოგადოების განვითარების პროცესში. მე დარწმუნებული ვარ, რომ ქალთა და არამარტო ქალთა უფლებების დაცვა ყოველგვარ პარტიულ ინტერესებზე გაცილებით უფრო მნიშვნელოვანი.
ჩვენს ქვეყანაში ქალები ხშირად ხდებიან ფიზიკური ძალადობის მსხვერპლნი, მათ კულტურული ნორმები და სტერეოტიპებიც მნიშვნელოვნად ზღუდავთ. თქვენი აზრით, რა არის გასაკეთებელი ამის შესაცვლელად?
ყოველგვარ ძალადობას კანონი უნდა დაუპირისპირდეს. მაგრამ, ეგრეთ წოდებულ კულტურულ ნორმებსა და სტერეოტიპებს რაც შეეხება, ისინი სწორედ უკულტურობასა და გაუნათლებლობაზე მეტყველებს. საზოგადოებაში თანამედროვე განათლებამ უნდა მიაღწიოს ისეთ ხარისხს, რომ ქალზე ძალადობის თუნდაც უსიტყვოდ, გუნებაში გამართლებაც კი დაუშვებელი და სამარცხვინო გახდეს. ამასთანავე, კრიტიკულად და საღად უნდა გავიაზროთ ჩვენი ტრადიციები, რადგან დღეს, ჩვენ გარშემო ყველანაირი სიბნელე, სისასტიკე და გონებრივი შეზღუდულობა იმას ცდილობს, როგორმე სწორედ ტრადიციას შეაფაროს თავი; ცდილობს, ტრადიციულობა დაიბრალოს და ასე გაამართლოს თავისი უმსგავსი არსებობა. აშკარაა, რომ ვეფხისტყაოსნისა და ალუდა ქეთელაურის ქვეყანაში ქალთა და სხვათა უფლებებთან ერთად ჩვენი საუკეთესო ტრადიციებიც დასაცავი გაგვიხდა.
ცხოვრების რომელიმე ეტაპზე თუ შეჯახებიხართ გენდერულ დისკრიმინაციას? იქონია თუ არა ამან გავლენა თქვენს შემდგომ ცხოვრებაზე?
ჩემს ოჯახში მსგავსი არაფერი ყოფილა. ჩემი მშობლებისთვის ყოველგვარი შეთანხმების გარეშე, თავისთავად იგულისხმებოდა მათი სრული თანასწორობა. ასევე იყო ჩემი მეგობრების ოჯახებშიც. მაგრამ გენდერული უთანასწორობა იმდენადაა გავრცელებული ჩვენ გარშემო, რომ შეუძლებელია, ხშირად არ წააწყდე მის გამოვლინებას საქმით თუ არა, აზროვნებასა და შეხედულებებში მაინც. პირველისგან ქალები კანონმა უნდა დაიცვას, ხოლო მეორე არის გონებრივი შეზღუდულობის და ელემენტარული დაუნახაობის, მეტიც, უმადურობის შედეგი. ოთხმოცდაათიანი წლების დეზორიენტაცია და მატერიალური გაჭირვება ჩვენს საზოგადოებას სწორედ ქალებმა გადაატანინეს. ახლაც რამდენი ქალია უცხოეთში სამუშაოდ წასული, რათა აქ დარჩენილი ოჯახები არჩინონ. როგორც ყველა სხვა სახის უსამართლობას, არც გენდერულ დისკრიმინაციას შევგუებივარ ოდესმე, და არც არასოდეს შევეგუები.
თქვენს პროფესიულ საქმიანობაში ყველაზე მნიშვნელოვან მიღწევად რა მიგაჩნიათ?
წლების განმავლობაში ახალგაზრდებს ქიმიას ვასწავლიდი, და თუ რომელიმე მათგანს ლოგიკური, თვითკრიტიკული და დამოუკიდებელი აზროვნების განვითარებაში დავეხმარე, ალბათ ეს იქნებოდა ჩემი ყველაზე მნიშვნელოვანი მიღწევა. ახლა კი ჩემი პროფესია პოლიტიკაა, უფრო ზუსტად, მგონი, პირადად მე პროფესიონალი ოპოზიციონერი ვარ. შესაბამისად, ამ სფეროში ჩემი ყველაზე მნიშვნელოვანი მიღწევაც ალბათ ის იყო, რასაც სხვებთან ერთად მივაღწიე, როცა თავდაუზოგავი ბრძოლის შედეგად, წინა ხელისუფლება არჩევნების გზით შევცვალეთ.
რომელია ყველაზე მნიშვნელოვანი საქმე, რაც ქალებისთვის გაგიკეთებიათ?
ვფიქობ, ასეთი იყო საქართველოს პარლამენტის მიერ ანტიდისკრიმინაციული კანონის დამტკიცებაში ჩემი მონაწილეობა. გაგახსენებთ, რომ ეს კანონი დაადგენს სხვადასხვა ნიშნის, მათ შორის სქესის, მიუხედავად ადამიანების სრულ უფლებრივ თანასწორობას. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ეს კანონი კრძალავს ნებისმიერი ადამიანის დისკრიმინაციას, უმრავლესობის მიერ უმცირესობის დისკრიმინაციას, ძლიერის მიერ სუსტის დაჩაგვრას. ამიტომ მგონია, რომ ანტიდისკრიმინაციული კანონის მიღება უაღრესად მნიშვნელოვანი იყო ჩვენი საზოგადოებისთვის, ჩვენი ქვეყნისთვის. თუმცა ვშიშობ, რომ მრავალი ადამიანისთვის, მათ შორის მრავალი ქალისთვის, ეს უკეთესად უნდა აგვეხსნა და განგვემარტა.
რას პირდებით ქალ ამომრჩეველს?
იცით რა, დაპირებებში მაინც შევწყვიტოთ ადამიანების დაყოფა და თუნდაც უნებლიე დისკრიმინაცია. ქალსა და კაცს, ბავშვსა და მოხუცს, ყველას ვპირდები ერთსა და იმავეს; ვპირდები, რომ ვიბრძოლებ მათი უფლებებისთვის, მათი უკეთესი ცხოვრებისთვის; ვიბრძოლებ სამართლიანობის, დემოკრატიისა და თავისუფლებისთვის. მე ხომ თავისუფალი დემოკრატი ვარ!