ამერიკის პრეზიდენტმა ესსე გამოაქვეყნა, სადაც იმის შესახებ საუბრობს, თუ რატომ მიაკუთვნებს საკუთარ თავს ფემინისტების რიცხვს, და რომ სექსიზმთან ბრძოლა კაცის ვალდებულებაა.
ობამას თქმით, მის ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი პერსონები ქალები იყვნენ. პრეზიდენტს არც მიშელ ობამას მიერ მისთვის გაღებული მსხვერპლის აღნიშვნა დავიწყებია. მისი თქმით, 21-ე საუკუნის ფემინიზმი წარმოადგენს იდეას, რომლის თანახმადაც, საზოგადოებაში თანასწორობის ხარისხი მისი თავისუფლების ხარისხის განმსაზღვრელიცაა. მან გაიხსენა დედა, რომელმაც იგი მამის გარეშე აღზარდა, ბებია, რომელიც ზეგანაკვეთზე მუშაობდა, რათა შვილს დახმარებოდა, ცოლი, რომელიც სამსახურისა და ოჯახის შეთავსებას ახერხებდა.
ობამა აღნიშნავს, რომ მისი ქალიშვილები საუკეთესო დროში ცხოვრობენ. „პროგრესი, რომელსაც უკანასკნელი 100, 50 და 8 წლის მანძლზე მივაღწიეთ, ბევრი ახალგაზრდა ქალის ცხოვრებას ბევრად უმჯობესს ხდის, ვიდრე იგი ჩემს ბებიას ჰქონდა. ამას ვაცხადებ არა მხოლოდ როგორც პრეზიდენტი, არამედ როგორც ფემინისტიც“. ბარაკ ობამას თქმით, მან და მიშელ ობამამ ყველაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ მათი გოგონები უთანასწორობას არ წაწყდომოდნენ. „დიახ, მნიშვნელოვანია, რომ მათი მამა ფემინისტია. ახლა უკვე, ისინი ამას ყველა კაცისგან მოითხოვენ“.
ობამას თქმით, გენდერულ უთანასწრობასთან გამკლავება ყველა კაცის ამოცანაა; სამყაროში ბევრი უსამართლობა ხდება – ქალებს ნაკლებს უხდიან, მათთვის რთულია წარმატების მიღწევა და ა.შ. „ჯერ კიდევ ახლახან, უქმრო ქალს საკრედიტო ბარათსაც არ აძლევდნენ“, – აღნიშნავს იგი.
აშშ-ის პრეზიდენტი მოზარდი თაობის სწორ აღრდაზეც ამახვილებს ყურადღებას: „ზედმეტად ხშირად ვექცევით იმ სტერეოტიპების ჩარჩოებში, რომელთა თანახმადაც, ქალებსა და კაცებს განსხვავებული ქცევის კანონები აქვთ დაწესებული. სტერეოტიპები იმის შესახებ, რომ გოგონები მოკრძალებულები უნდა გავზარდოთ, ბიჭები კი – მიზანსწრაფულები, უკვე მოძველდა. ჩვენს გოგონებს საკუთარი აზრის გამოთქმა არ უნდა დავუშალოთ, ბიჭებს კი – ცრემლი“.
ესსეს დასასრულს, აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატის ჰილარი კლინტონის მხარდაჭერის გამოხატვით ობამა აცხადებს, რომ მომავალმა საპრეზიდენტო არჩევნებმა ქალებისთვის შესაძლოა ისტორიული მნიშვნელობა შეიძინოს.
სტატიის სრული ტექსტი ჟურნალ Glamour-შია გამოქვეყნებული.