ავტორი: ალა პარუნოვა
მე მშიშარა ვარ!
მშიშარა ვარ, იმიტომ, რომ გავბედე და ჰეტეროსექსუალებს ვუთხარი, რომ ჩვენი გამოცდილებები განსხვავებულია.
მშიშარა ვარ, იმიტომ, რომ ყოველდღიურად ვცხოვრობ დანაშაულის შეგრძნებით, რადგან ქამინგ აუთი არ მაქვს გაკეთებული დედაჩემთან და არ ვიცი, როგორ ველაპარაკო მას ჩემს სექსუალობაზე.
მშიშარა ვარ, იმიტომ, რომ არ ვიცი, დედაჩემს ამის შემდეგ გული გაუსკდება თუ აღარ მოინდომებს ჩემს ნახვას.
მშიშარა ვარ, იმიტომ, რომ ყოველდღიურად ჩემი თავი დამნაშავე და მატყუარა მგონია.
მე მშიშარა ვარ!
მშიშარა ვარ, იმიტომ, რომ 16 მაისს გადავწყვიტე, რომ 17 მაისს აქციის არგამართვა იმაზე უფრო დიდი პოლიტიკური განაცხადი იქნებოდა, ვიდრე – მისი გამართვა.
მშიშარა ვარ, იმიტომ, რომ 16 მაისს მჯეროდა, რომ 17 მაისის აქციაზე უარის თქმა დადგმულ სპექტაკლში მონაწილეობაზე და დემოკრატიულობანას თამაშზე უარის თქმაა.
მშიშარა ვარ, იმიტომ, რომ მჯეროდა და მჯერა, რომ 17 მაისს ქვიარ თემის არგასვლა კანცელარიასთან იქნებოდა წინააღმდეგობის ყველაზე დიდი გამოვლენა შსს-ს, ფაშისტური ძალებისა და პოლიტიკური პარტიების მიმართ, რომლებიც ჩემით მანიპულაციას ცდილობენ.
მშიშარა ვარ, იმიტომ, რომ 16 მაისს მჯეროდა და ახლაც მჯერა, რომ ერთი ადამიანის სისხლიც კი არ ღირდა იმად, რომ მე ერთი საათით „გამოხატვის თავისუფლებისთვის“ კანცელარიასთან დავმდგარიყავი.
მშიშარა ვარ, იმიტომ, რომ 16 მაისს მჯეროდა და ახლაც მჯერა, რომ ჩემი კანცელარიასთან არგასვლა იქნებოდა პოლიტიკური წინააღმდეგობის ყველაზე დიდი და რადიკალური გამოვლენა.
მე მშიშარა ვარ!
მშიშარა ვარ, იმიტომ, რომ 17 მაისის გამართულ აქციაზე, ჩემს შიშზე მითითებით, სრულიად დაიკარგა ის მესიჯი, რისი გაჟღებაც მინდოდა 16 მაისს.
მშიშარა ვარ, იმიტომ, რომ გუშინ, ჰომოფობიის და ტრანსფობიის წინააღმდეგ გამართულ აქციაზე, ჩემ მაგივრად იდგა ხალხი, რომლის ნაწილი პარტიული ინტერესებით იყო მართული.
მშიშარა ვარ, იმიტომ, რომ ჩემი სივრცე დაიკავეს სხვებმა და გადაწყვიტეს, რომ ჩემ მაგივრად საუბრის უფლება აქვთ.
მშიშარა ვარ, იმიტომ, რომ 17 მაისის გააზრების აქცია, მისი სრული არგააზრებით დასრულდა.
მე მშიშარა ვარ.
მშიშარა ვარ, იმიტომ რომ მჯერა და მწამს, რომ სოლიდარობა პრაქტიკაა და არა – სიტყვები.
მშიშარა ვარ, იმიტომ, რომ ვხედავ, რომ ქვიარ თემის სოლიდარობის აქტები ცალმხრივია და ჩვენ არავინ არასდროს გვისმენს.
მშიშარა ვარ, იმიტომ, რომ აქციაზე გასული სამჯერ უარმყვეს – ფემინისტებმა, მემარჯვენეებმა და მემარცხენეებმა.
მშიშარა ვარ, იმიტომ, რომ 2015 წლის 8 მარტს ფემინისტებს “გაუტყდათ” რეინბოუ დროშის ფრიალი აქციაზე.
მშიშარა ვარ, იმიტომ, რომ მემარცხენეებმა მითხრეს, რომ ჩემი დროშის ადგილი არ არის მათ აქციაზე.
მშიშარა ვარ, იმიტომ, რომ ნარკოპოლიტიკის აქციის შემდეგ ადამიანებს “გაუტყდათ”, რომ მათ ქვიარ თემთან აიგივებდნენ და პიდარასტებს უწოდებდნენ.
მშიშარა ვარ, იმიტომ, რომ მოვითხოვე სოლიდარობა 17 მაისს და არ მივიღე.
მე მშიშარა ვარ.
მშიშარა ვარ იმიტომ, რომ ისეთი დიდი იმედგაცრუება, როგორც ეს 2018 წლის 17 მაისს მოხდა, არასოდეს მიგრძვნია.
მშიშარა ვარ, იმიტომ, რომ უკვე მეორე დღეა ვტირი. ვტირი სამსახურში, სახლში, საწოლში, ქუჩაში, მარშრუტკაში.
მშიშარა ვარ, იმიტომ, რომ ძალიან მეშინია რწმენის დაკარგვის. ძალიან მეშინია რწმენის დაკარგვის – ადამიანების, თანამებრძოლების და ზოგადად აქტივიზმისა და ცვლილებების მიღწევის.