პაკისტანში ტრანსგენდერი ადამიანების მიმართ რიგი ძალადობრივი მოვლენების ფონზე, ტრანსგენდერი აქტივისტი კამი სიდი (Kami Sid) ქვეყანაში არსებული სიტუაციის შეცვლას იმედოვნებს.
ეს წელი პაკისტანელი ტრანსგენდერი ადამიანებისთვის ნამდვილი ტანჯვა იყო.
მაისში, 23 წლის ტრანსგენდერი ქალი ალიშა (Alisha) ისლამაბადში ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს. მან საავადმყოფოში სამედიცინო დახმარების მიღების ნაცვლად შეურაცხყოფა და დაცინვა მიიღო, რის შედეგადაც, ალიშა დახმარების აღმოჩენაზე უარის გამო გარდაიცვალა.
გასულ კვირას, პოლიციამ სიალკოტში (Sialkot) ცხრა ადამიანი დააკავა, რომლებიც ტრანსგენდერ ქალს როზგავდნენ, მას საკუთარი შარდის დალევას აიძულებდნენ და მასზე სექსუალურად ძალადობდნენ. „რატომ არ მომკლავთ? სიცოცხლე აღარ მინდა!“, – გულისგამგმირავად გოდებდა შანაია (Shanaya), რომლის ეს საზარელი ვიდეოც ინტერნეტში გავრცელდა.
ამ კვირაში, ინტერნეტით კიდევ ერთი პაკისტანელი ტრანსგენდერი ქალის ჯგუფური გაუპატიურებისა და წამების ვიდეო გავრცელდა.
ქვეყანაში ტრანსფობიური ძალადობის ამგვარმა მომძლავრებამ გადააწყვეტინა ადამიანის უფლებების აქტივისტსა და სოციალურ მუშაკს კამი სიდს, გამხდარიყო პირველი ტრანსგენდერი მოდელი პაკისტანში.
„მინდა, რომ ჩვენს საზოგადოებაში ადამიანების აზროვნების ყაიდა შევცვალო, რადგან ბევრ ადამიანს საერთოდ არ ესმის, რა არის სქესი და სექსუალობა. მინდა, ადამიანების ყურადღება ყველა სქესის მიმართ მივაპყრო. ჩემი ოჯახი ამ საკითხში მხარს არ მიჭერს, მაგრამ ვგრძნობ, რომ ცნობიერების გაზრდის მიზნით, ხალხმა მოდის კომერციულ სფეროში უნდა გვიხილოს. ყველა ადამიანის უფლებების აქტივისტად მიცნობს, მაგრამ ამიერიდან, მოდელის რანგში, გაცილებით ბევრი ადამიანი გამიცნობს, ვიდრე აქამდე. ტრანსგენდერი ადამიანები კულისებს მიღმა ძალზე დიდი ხნის მანძილზე რჩებოდნენ. ახლა წინსვლის დროა. დაე, ადამიანებმა იცოდნენ, რომ ჩვენ ანგარიშგასაწევ ძალას წარმოვადგენთ“, – ამბობს სიდი.