სტატიები

პარიზში გარეული ცხოველების მონაწილეობით ცირკი აიკრძალა

2020 წლიდან, პარიზის ხელისუფლება ქალაქში იმ ცირკებისთვის გამოსვლის უფლებას აღარ გასცემს, რომლებშიც ველური ცხოველები მონაწილეობენ. ასევე, იგი დაეხმარება ორგანიზაციებს, რომლებიც წარმოდგენებში ველური ცხოველების მონაწილეობაზე უარს ამბობენ, და სამი წლის მანძილზე, მათ დაახლ. 50 000 ევროს გადაუხდის.

ეს გადაწყვეტილება დათვ მიშასთან დაკავშირებული სკანდალური შემთხვევის შემდეგ იქნა მიღებული, – იგი ჩამოართვეს ორ მომთვინიერებელს, რომლებიც მას ისე სასტიკად ექცეოდნენ, რომ ორ თვეში მოკვდა კიდეც.

გამოცემა The Local ასევე იხსენებს ძუ ვეფხვს, რომელიც ორი წლის წინ ვოლიერიდან გაიქცა, – პარიზში იგი უსაფრთხოების მიზნით ჩაცხრილეს.

სხვადასხვა მონაცემებით, ამჟამად პარიზის ცირკებში ხუთასზე მეტი გარეული ცხოველია დამწყვდეული. აქტივისტები ამბობენ, რომ ცირკში მათ სასტიკად ექცევიან: სცემენ, მათ ზომებთან შედარებით პატარა გალიებში კეტავენ, ჯაჭვებით აბამენ და მათთვის საშიში ტრიუკების გაკეთებას აიძულებენ (მაგალითად, ცეცხლის რგოლში გახტომას).

ჯერჯერობით, ცირკში ველური ცხოველების გამოყენება მთელი საფრანგეთის მასშტაბით არაა აკრძალული, თუმცა, აკრძალვა რამდენიმე მუნიციპალიტეტში მოქმედებს.

იმ ქვეყნების რაოდენობა, სადაც ველური ცხოველების, ან ზოგადად ცხოველების ცირკში გამოყენება აკრძალულია, საკმაოდ შთამბეჭდავია: ავსტრია, საბერძნეთი, პერუ, ბოსნია და ჰერცეგოვინა, ნიდერლანდები, იტალია და სხვ.

წყარო: thelocal.fr