გასულ შაბათ-კვირას საფრანგეთში ქუჩაში სექსუალურ შევიწროებასთან დაკავშირებული სკანდალი აგორდა. საყოველთაო აღშფოთების საგნად იქცა ვიდეორგოლი, სადაც ნაჩვენებია, თუ როგორ დაარტყა სახეში უცნობმა კაცმა გოგონას მას შემდეგ, ამ უკანასკნელის მხრიდან კაცისგან წამოსულ არასასურველ კომენტარზე სიტყვიერი რეაგირების გამო. ვიდეო სოცქსელებში გავრცელდა.
ვიდეორგოლის მონაწილე, 22 წლის მარი ლაგერი (Marie Laguerre), პარიზის ქუჩებში სექსუალური შევიწროების ფაქტებს არაერთხელ გადაყრია.
“დასტვენაზე და შეურაცხმყოფელ რეპლიკებზე ძალიან გავბრაზდი და ჩავილაპარაკე, მოკეტე-მეთქი. არც კი მიფიქრია, რომ ეს კაცი ჩემს სიტყვებს გაიგონებდა”, – იხსენებს იგი. უცაბედად, კაცმა მარის იქვე კაფიდან აღებული საფერფლე ესროლა (გოგონას საგანი რამდენიმე სანტიმეტრით ასცდა), ხოლო შემდეგ, მას დაეწია და სახეში დაარტყა.
„სიძულვილი ვიგრძენი, და დამცირების გადაყლაპვაზე უარი ვთქვი”, – დასძინა მარიმ. ვიდეორგოლი კამერებიდან კაფის მეპატრონემ ამოიღო, რათა თავდამსხმელის პოვნისა და დასჯის მიზნით.
YouTube-ზე ვიდეოს ატვირთვისას, ლაგერმა შემდეგი კომენტარი გააკეთა: „ეს მიუღებელი ქცევაა. ეს ყოველდღე ხდება. ამ ადამიანებს ჰგონიათ, რომ ქუჩაში რასაც უნდათ, იმას ჩაიდენენ, რომ ჩვენი დამცირების უფლება აქვთ. მე მომბეზრდა ქუჩაში მუდმივი საფრთხის ქვეშ გადაადგილება. მდგომარეობა უნდა შეიცვალოს, თან – დაუყოვნებლივ!“.
პარიზის პროკურატურა ინციდენტის გამოძიებას შეუდგა, მაგრამ, ჯერჯერობით, ბოროტმოქმედის იდენტიფიცირება ვერ მოხერხდა.
საფრანგეთის მინისტრი გენდერული თანასწორობის საკითხებში მარლენ შიაპა (Marlène Schiappa) მომხდარს უკვე გამოეხმაურა. მან განაცხადა, რომ ახალი კანონი სექსუალური შევიწროების შესახებ ძალაში შემოდგომაზე შევა. დოკუმენტის თანახმად, ქუჩასა და საზოგადოებრივ ტრანსპორტში სექსუალური შევიწროებისთვის 90-დან 750 ევრომდე ჯარიმა დაწესდება. „მომხდარის გამო აღშფოთებული ვარ, თუმცა, სამწუხაროდ, არა – გაკვირვებული“, – განაცხადა შიაპამ.