პოლიტიკაshe

პარლამენტმა “ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის სამუშაო ჯგუფის” ინიციატივა ჩააგდო

საკანონმდებლო წინადადება, რომელსაც ხელს აწერდა ცხრა არასამთავრობო ორგანიზაცია, „ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის სამუშაო ჯგუფმა” (თასქ ფორსი) მოამზადა. წინადადება გულისხმობდა ცვლილებებს „საქართველოს საარჩევნო კოდექსსა“ და “მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ” კანონში. ცვლილებების თანახმად,  პოლიტიკურ პარტიებს საარჩევნო რეგისტრაციისთვის სიების შედგენისას სავალდებულო გენდერული კვოტა უნდა დაეცვათ და სიის ყოველ მეორე წევრად განსხვავებული სქესის წარმომადგენელი უნდა წარედგინათ. სიების წარდგენისას, პარტიებს საპარლამენტო  თუ  ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში 50%-იანი სქესთა ბალანსის დაცვა დაევალებოდათ. წინააღმდეგ შემთხვევაში, პარტია რეგისტრაციას ვერ გაივლიდა. საბოლოოდ, პარლამენტში ქალთა 25%-იან წარმომადგენლობა უნდა ყოფილიყო, ანუ 150 დეპუტატიდან 38 ქალი.

არასამთავრობო სექტორის, პოლიტიკოსი ქალების, საზოგადოების ნაწილის მრხიდან დიდი მხარდაჭერის მიუხედავად, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა კანონპროექტს მხარი არ დაუჭირა და ინიციატივა ჩავარდა. კომიტეტმა ასევე არ მოიწონა დეპუტატების ნანა ყეინიშვილის და თეიმურაზ ჭკუასელის ინიცირებული წინადადება, რომლის თანახმადაც, საპარლამენტო არჩევნებში წარსადგენ პროპორციულ საარჩევნო სიაში, გენდერული ბალანსის დაცვის მიზნით, ყოველ მომდევნო სამ კანდიდატს შორის ერთი მაინც განსხვავებული სქესის კანდიდატი უნდა ყოფილიყო. მოწინააღმდეგე დეპუტატებმა განაცხადეს, რომ მართალია, მხარს უჭერენ პარლამენტში ქალების  აქტიურ წარმომადგენლობას, მაგრამ ამისათვის საკანონმდებლო ცვლილებების შეტანას საჭიროდ არ მიიჩნევენ.

ამ მოვლენასთან დაკავშირებით, დასახელებულის ინიციატორმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა ერთობლივი განცხადება გაავრცელეს, რომლის ტექსტსაც უცვლელად გთავაზობთ:

„2015 წლის 2 დეკემბერს საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მხარი არ დაუჭირა ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის სამუშაო ჯგუფის მიერ 2015 წლის 10 ივნისს წარდგენილ საკანონმდებლო წინადადებას გენდერული კვოტირების შესახებ. წინადადება პარტიების მიერ საპარლამენტო და ადგილობრივ არჩევნებზე წარდგენილ პროპორციულ სიებში 50%-იან გენდერულ კვოტირებას გულისხმობდა, რაც ქალთა მინიმუმ 25%-იან წარმომადგენლობას უზრუნველყოფდა საქართველოს პარლამენტში და ქალთა გაზრდილ რაოდენობას საკრებულოებში. საკანონმდებლო წინადადების ინიციატორი არასამათავრობო ორგანიზაციები უარყოფითად ვაფასებთ საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის მიერ აღნიშნული ინიციატივის სრულ უგულვებელყოფას. მიგვაჩნია,  რომ კომიტეტის პოზიცია წინააღმდეგობაში მოდის სახელმწიფოს მიერ აღებულ საერთაშორისო და ეროვნულ ვალდებულებებთან, მათ შორის ქალთა მიმართ ყველა ფორმის დისკრიმინაციის აღმოფხვრის კონვენციის კომიტეტის 2014 წლის რეკომენდაციასთან, რომელიც პირდაპირ მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას გამოიყენოს სპეციალური ზომები ეროვნულ და ადგილობრივ დონეზე ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის გაზრდისათვის. კომიტეტის მიერ კვოტირების შესახებ წინადადების უგულვებელყოფა, ასევე, ეწინააღმდეგება საქართველოს ამომრჩევლის დიდი ნაწილის სურვილს გენდერული კვოტირების დანერგვის შესახებ – როგორც 2014 წლის ეროვნული დემოკრატიული ინსტიტუტის კვლევამ გამოავლინა, საქართველოს მოსახლეობის 68% მხარს უჭერს გენდერულ კვოტირებას და სურს, იხილოს მეტი ქალი ქართულ პოლიტიკაში. დღესდღეობით, საკანონდებლო ორგანოში გენდერული ბალანსის თვალსაზრისით 185-ე ქვეყნიდან საქართველო 115-ე ადგილს იკავებს. 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგად, ქალებმა მანდატების მხოლოდ 12% მოიპოვეს. მდგომარეობა კიდევ უფრო საგანაგაშოა ადგილობრივი თვითმმართველობის დონეზე, სადაც ქალთა წარმომადგენლობა 11%-ს აღწევს. გენდერული კვოტების გარეშე არსებობს საფრთხე, რომ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ქალთა რაოდენობა პარლამენტში არ გაიზარდოს ან უფრო მეტიც, კიდევ უფრო შემცირდეს. საერთაშორისო გამოცდილების თანახმად კი მინიმუმ 30 პროცენტით უნდა იყვნენ ქალები წარმოდგენილი საკანონმდებლო ორგანოში, რათა მათ შეადგინონ ე.წ. კრიტიკული მასა და რეალურად მიიღონ მონაწილეობა პოლიტიკურ ცხოვრებაში, რაც გულისხმობს ზეგავლენის მოხდენას გადაწყვეტილების მიღების პროცესსა და პოლიტიკის ფორმირებაზე. ქალთა რეალური მოაწილეობა წარმომადგენლობით ორგანოებში არის გენდერული თანასწორობის, დემოკრატიული სამართლიანობისა და მდგრადი განვითარების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინდიკატორი და წინაპირობა. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტს, გაითვალისწინოს საქართველოს მოსახლეობის 68%-ის სურვილი, საქართველოს მიერ აღებული საერთაშორისო ვალდებულებები, საერთაშრისო თანამეგობრობისა და ადგილობრივი სამოქალაქო საზოგადოების რეკომენდაციები და 2016 წლის არჩევნებამდე მიიღოს შესაბამისი საკანონდებლო ცვლილებები გენდერული კვოტირების შესახებ, რათა უზრუნველყოფილ იქნას ქალთა უფრო ადეკვატური და სამართლიანი წარმომადგენლობა შემდეგი მოწვევის წარმომადგენლობით ორგანოებში“.