ელენე ჯაფარიძის ბლოგი
რამდენიმე დღეა, აქტიურ დისკუსიას ვადევნებ თვალყურს ქეით მიდლტონის მშობიარობასთან დაკავშირებით. უამრავმა ჩემმა მეგობარმა გააზიარა ფოტო – აკურატული მაკიაჟი, მოვლილი თმა, ღიმილი, მაღალი ქუსლი, გამოსასვლელი კაბა… არადა, სულ რამდენიმე საათის წინ, ამ ქალმა იმშობიარა!
დიდი კამათი გამოიწვია ამ ყველაფერმა: შესაძლებელია თუ არა, ასე გამოიყურებოდე მშობიარობის შემდეგ?
მხვდებოდა პოსტები იმის შესახებ, თუ ვინ რამდენად მარტივად იმშობიარა, ვიღაცამ თმა დაიბანა მშობიარობიდან ნახევარ საათში, ვიღაცამ თვალები შეიღება, თავი მოიწესრიგა, ქუსლიანი „წკაპუნები“ ჩაიცვა და ქმარს ულამაზესი და ღიმილიანი დახვდა, და ა.შ.
აქცენტი გარეგნულ იერსახეზე და ღიმილზე კეთდებოდა. ჩემთვის კი ამ პოსტების ქვეაზრი იყო – მერე რა, რომ ვიმშობიარე? სულ არ გამჭირვებია! მაშინვე მოვწესრიგდი, გავიღიმე და დავუბრუნდი ჩემს სოციალურ როლსა და სტატუსს – ლამაზი, ძლიერი, ყოჩაღი ქალი – ლამაზი, ძლიერი ბავშვით ხელში! თითქოს, ეს როლი ემანსიპაციის მანიშნებელი ყოფილიყოს. თუ მინდა, ვიყო ძლიერი ქალი და „სუსტი სქესის“ სტერეოტიპს დავუპირისპირდე, მაშინ უნდა შევძლო, ვიყო ახალშობილის დედაც, დასაქმებულიც, ვიდგე ქუსლებზე და მომღიმარი, თმა-დავარცხნილი ვხვდებოდე მეუღლეს.
არადა, ჩემთვის, სამწუხაროდ, ეს ყველაფერი პირიქითაა: მგონია, რომ ამით კიდევ უფრო ვერგებით პატრიარქალურ წყობას, კიდევ უფრო ვამყარებთ და ვაძლიერებთ იმ უთანასწორობას, რომელიც ასე ძლიერაა გამჯდარი ჩვენს საზოგადოებაში, და კიდევ უფრო მეტად ვსუსტდებით, რადგან არ ვუსმენთ ჩვენს თავს. არ ვუსმენთ ჩვენს მოთხოვნილებებს, არ ვიღებთ ჩვენს თავს, ვებრძვით დაღლილობას, არ ვაღიარებთ ტკივილს, რათა ეგრევე “სუსტის” იარლიყი არ მოგვაკრან. გავურბივართ შინაგან სურვილებს, ვახშობთ შინაგან ხმას და ფეხქვეშ ვედებით სოციალურ სტანდარტებსა და ნორმებს. ვაძლევთ უფლებას – ჩვენზე იბატონონ, პირდაპირი ან არაპირდაპირი მნიშვნელობით, დაგჩაგრონ პირდაპირ, ანდა გაიძულონ, ქუსლებზე შედგე იმისთვის, რომ დაჩაგრულად და სუსტად არ იგრძნო თავი. სიძლიერის სტანდარტად გაჩუმება და მოთმენა დაგიწესონ! თავისუფლების სტანდარტად – გაძლება და შეუპოვრობა! ხმის ამაღლების სტანდარტად – ყვირილი, რომ ძლიერი ხარ! ყოჩაღი ხარ! არადა, შეიძლება დაღლილი იყო, რადგან რამდენიმე საათის წინ ბავში გააჩინე. გეძინებოდეს, არ გეღიმებოდეს, არც გლამურული კაბის ხასიათზე იყო. უბრალოდ, გქონდეს სურვილი და უფლება, არ იყო ლამაზი, მოწესრიგებული, მხიარული, ბედნიერი და ა.შ.
ჰოდა, შეიძლება, ვინმემ ჩათვალოთ, რომ საშინელი შური და ბოღმა მაწერინებს ამ ყველაფერს და თუ მაინც და მაინც ასე გირჩევნიათ, დაე იფიქრეთ ასე. დიახ, ნამდვილად შორს ვიყავი ყველანაირი გლამურისგან სამივე მშობიარობის შემდეგ. არამც თუ ქუსლებზე, ორ ფეხზე ვერ ვიდექი და ღიმილის უნარიც დიდად არ მქონდა. არც ტუჩსაცხი წამისვამს, არც თმა მომიწესრიგებია და სამშობიაროს დერეფანშიც ერთი-ორი დღე ვერ გავდიოდი. მაგრამ, სულ არ ჩამითვლია თავი სუსტად. მთელი სხეულით და გონით ვგრძნობდი, რომ ჩემი სიძლიერე ზუსტად იმაშია, რომ უბრალოდ ვაღიარო, რომ დაღლილი ვარ! საკუთარ თავთან დავრჩე მარტო იმ სასწაული გამოცდილების შემდეგ, რასაც ბავშვის დაბადება ჰქვია. საკუთარ სხეულს მოვუსმინო: რა სტკივა, სად სტკივა და რა სურს, და ამით გამოვუცხადო – არა – იმ პატრიარქალურ წყობას, რომელიც თან ბავშვის გაჩენას ითხოვს ჩემგან, როგორც ქალისგან, თან სათნოებისკენ მიბიძგებს, თან „სუსტ სქესად“ მრაცხავს, თან ღიმილს და სადილს მთხოვს და თუ მოწესრიგებულიც ვიქნები, ხომ ტაშსაც დამიკრავს.