"საფარის" საქმეები

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორმა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო სამართალდამრღვევად ცნო

ძალადობის მსხვერპლმა ნ.გ.-მ დახმარებისათვის “საფარს” მიმართა. 2017 წლის 10 ნოემბერს, რწმუნებულების საფუძველზე, “საფარის” იურისტმა განცხადებით მიმართა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ყვარლის რაიონულ სამმართველოს და ითხოვა მოძალადის მიმართ გაცემული შემაკავებელი ორდერისა და თანმხლები დოკუმენტაციის გადმოცემა.

ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ ევროპის საბჭოს კონვენციის თანახმად, მხარეები იღებენ ყველა საჭირო საკანონმდებლო ან სხვა ზომას იმის უზრუნველსაყოფად, რომ მსხვერპლი იღებდეს ადეკვატურ და დროულ ინფორმაციას არსებული მხარდაჭერის სამსახურებისა და სამართლებრივი ზომების შესახებ მათთვის გასაგებ ენაზე.

ვინაიდან, სამინისტრომ დაარღვია სუბიექტის ინფორმირების წესი – დაუსაბუთებელი უარი განაცხადა თავისი პერსონალური მონაცემების შემცველი დოკუმენტის გადაცემაზე, 2017 წლის 22 ნოემბერს “საფარმა” მიმართა პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორს და რეაგირება მოითხოვა აღნიშნულ ფაქტზე. პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის 2018 წლის 10 იანვრის გადაწყვეტილებით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო სამართალდამრღვევად ცნო, სუბიექტის ინფორმირების წესის დარღვევის გამო.

სამინისტრომ აღიარა დაშვებული შეცდომა და ინფორმაცია სრულად მიაწოდა განმცხადებელს, რის გათვალისწინებითაც სამართალდამრღვევს ადმინისტრაციული სახდელის სახით შეეფარდა გაფრთხილება.