დღეს, 12:00 საათზე, საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე, ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ პეტიციის საკომიტეტო მოსმენა გაიმართა.
აღნიშნულ პეტიციას 6500 ხელმომწერი ჰყავს. პეტიცია ხელმოსაწერად 25 ნოემბერს გაიხსნა, ქალთა მოძრაობის მიერ ორგანზებულ ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის აქციაზე, რომელიც 25 ქალქში მიმდინარეობდა. 10 დეკემბერს, აღნიშნული პეტიცია დაიხურა და პარლამენტს განსახილვევლად ჩაბარდა. პეტიცია 6 რეკომენდაციისგან შედგება და ხელისუფლების სამივე შტოსადმია მიმართული.
კომიტეტის სხდომაზე „ქალთა მოძრაობის“ სახელით ბაია პატარაია წარსდგა. მან განაცხადა, რომ სასურველია, თუ კომიტეტი პარლამენტში მთავარ პროკურორსა და შინაგან საქმეთა მინისტრს მოიწვევს და მოისმენს, რა ქმედითი ზომებია მიღებული ამ ერთი წლის განმავლობაში ქალთა ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით, როგორი რეაგირება უნდა მოახდინონ მათ ახალ მოცემულობაზე, როგორ მიმდინარეობს გამოძიება და ა.შ.
„ასევე გვაინტერესებს, დადგა თუ არა იმ სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომელთა პასუხისმგებლობა, რომლებმაც კონკრეტულ შემთხვევებში იცოდნენ მიმდინარე ძალადობის შესახებ, როდესაც მსხვერპლებმა მოასწრეს მათი გაფრთხილება და მიუხედავად ამისა, სახელმწიფომ ვერ მოახერხა მათი დაცვა“, – აღნიშნა პატარაიამ.
ქალთა მოძრაობის აქტივისტმა აღნიშნა, რომ პარლამენტმა ასევე უნდა გამოიყენოს აღმასრულებელი ხელისუფლების საპარლამენტო კონტროლის მექანიზმები და პრობლემის მოგვარებაში ჩაერთოს.
არასამთავრობოები ორგანიზაციების მოთხოვნით, საგანმანათლებლო დაწესებულებებში გენდერული თანასწორობისა და არაძალადობრივი კულტურის დანერგვის მიზნით, გენდერული თანასწორობა სკოლამდელი უნდა გახდეს და მისი დეტალური სამოქმედო გეგმა გაიწეროს. მათი წინადადებით, ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის სერვისები უნდა განვითარდეს, როგორც მსხვერპლთათვის, ასევე მოძალადეთათვის.
კომიტეტის სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით, უნდა შეიქმნას ქალებზე ძალადობის აღკვეთისა და პრევენციის საკითხებზე სამუშაო ჯგუფი, რომელიც ასევე იმუშავებს საკანონმდებლო ორგანოში პროკურატურისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლების მოხსენების მოსმენის საქმეზე. სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლების გარდა, სამუშაო ჯგუფში დეპუტატები და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები შევლენ. პროცესში ჩართულები იქნებიან ჯანდაცვისა და განათლების სამინისტროების ხელმძღვანელი პირები. სამუშაო ჯგუფს კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, გედევან ფოფხაძე უხელმძღვანელებს.