ლგბტქი

პირველად ოლიმპიური თამაშების ისტორიაში: რიოში დაქორწინებული ლესბოსელი წყვილი იასპარეზებს

მეუღლეები კეიტ და ჰელენ რიჩარდსონ-უოლშები (Kate и Helen Richardson-Walsh) ბალახის ჰოკეის დისციპლინაში, დიდი ბრიტანეთის ოლიმპიური ნაკრების სახელით სულ მალე რიოში ოქროს მედლისთვის იბრძოლებენ. ისინი ერთ გუნდში უკვე თითქმის ორი ათეული წლის განმავლობაში თამაშობენ, 8 წელია დაქორწინებულნი არიან, ქორწილი კი 3 წლის წინ ჰქონდათ.

 „ვიდრე ერთმანეთი შეგვიყვარდებოდა, მეგობრები ვიყავით, თუმცა საუკეთესო მეგობრობა არ გამოგვდიოდა“, – იხსენებს კეიტი. მათ ერთმანეთი ჯერ კიდევ მოზარდობის პერიოდში გაიცნეს, ერთად ცხოვრება კი 8 წლის წინ, პეკინის ოლიმპიადის დროს გადაწყვიტეს.

„ჩვენ შორის დიდი ემოციური კავშირი გაჩნდა. ერთნაირი ფასეულობები და პრინციპები გვაქვს, თუმცა ზოგიერთ საკითხში ერთმანეთის სრული ანტიპოდები ვართ. რასაკვირველია, ჩვენი სიყვარულის ამბავს თავდაპირველად გუნდში ყველა გაოცებით შეხვდა, თუმცა ახლა ეს აღარავის უკვირს, რაც ძალზე სასიამოვნოა“.

„ამ მხრივ ცვლილებები ძალზე შესამჩნევია, – ამბობს კეიტი, – გუნდში ყოველთვის სრულიად სხვადასხვა ქალები თამაშობდნენ. მათ ყველას სხვადასხვა შეხედულებები, ხასიათი და სექსუალური ინტერესები გააჩნია“.

2013-ში გადახდილ ქორწილში კეიტმა და ჰელენმა მთელი გუნდი დაპატიჟეს. მწვრთნელები ერთხმად ამტკიცებენ, რომ თამაშის დროს მათ შორის თითქმის ტელეპათიური კავშირი არსებობს.

მაგრამ, მომავალი ოლიმპიადისკენ მიმავალი გზა ვარდებით მოფენილი არ ყოფილა. 2014 წელს, ნახევარმცველმა ჰელენმა ხერხემლის ტრავმა მიიღო. მას ფორმაში ჩასადგომად ორი ოპერაციის გადატანა დასჭირდა. ამის გამო, მან 2014 წლის მსოფლიო თასის ასპარეზობა გააცდინა. თავის მხრივ, იმავე მსოფლიო პირველობაზე ინგლისის ნაკრების სახელით წარუმატებელი გამოსვლის შემდეგ, კეიტმაც კარიერის დასრულება დააპირა, მაგრამ საბოლოოდ დიდ სპორტში დაბრუნება გადაწყვიტა, რათა კარიერა ოლიმპიური თამაშების შემდეგ დაესრულებინა.

ყველა ბრიტანელ ჰოკეისტს შორის, კეიტს საერთაშორისო კლასის ყველაზე მეტ თამაშში მიუღია მონაწილეობა. 2012 წლის ლონდონის ოლიმპიადაზე, წყვილმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

„ჩვენს გუნდში არავის ეხება, მე ბიჭს ვხვდები თუ გოგოს, ქმარი მყავს თუ პარტნიორი, – აღნიშნავს კეიტი, – ამგვარი საუბრები ტაბუ არაა. ვამაყობ, რომ ბალახის ჰოკეიში ასეა მიღებული“.