პოლიტიკაshe

პოლიტიკოსი ქალის პორტრეტი – თამარ კორძაია

არასამთავრობო ორგანიზაცია საფარი, ითვალისწინებს რა ქალთა პოლიტიკაში საკითხების მიმართ საზოგადოებაში არსებულ დიდ ინტერესს, წინასაარჩევნო მარათონში ჩვენს პოლიტიკურ სივრცეში არსებული პარტიებიდან თითო ქალ კანდიდატს საშუალებას აძლევს, საკუთარ ამომრჩეველს ვრცლად და ამომწურავად ესაუბროს ქალთა უფლებებთან დაკავშირებულ საკითხებზე. გამომდინარე ჩვენი პროექტის ფორმატიდან, ინტერვიუს კითხვები ყველა რესპონდენტისთვის სრულიად იდენტური იქნება. მათი დახმარებით, რესპონდენტები თავად შექმნიან ამომრჩევლისთვის განკუთვნილ ტექსტებს. ამჯერად, ჩვენი რესპონდენტია საქართველოს პარლამენტის ფრაქცია „რესპუბლიკელების“ ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილე, რესპუბლიკური პარტიის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი მთაწმინდის ოლქში, თამარ კორძაია.

რას ნიშნავს, იყო ქალი პოლიტიკოსი საქართველოში? არის თუ არა განსხვავება ქალ პოლიტიკოსსა და კაც პოლიტიკოსს შორის?

იყო ქალი პოლიტიკოსი საქართველოში – ნიშნავს ზუსტად იმას, იყო ქალი ნებისმიერ პროფესიაში საქართველოში. ტრადიციული ხედვა ქალისა და კაცის როლების გამიჯვნის, ხშირად დამახინჯებულ ფორმას იღებს და უთანასწორო დამოკიდებულებაში ავლენს თავს. სუსტისა და ძლიერის მიმართებაც იგივე ჭრილში შეიძლება განვიხილოთ, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ხაზგასმით პატივისცემით გეპყრობიან, რადგან “სუსტი” სქესის წარმომადგენელი ხარ. ყველაზე დიდ საფრთხეს ქალის როლის სრულფასოვან გააზრებას უქმნის მცდარი წარმოდგენები გენდერული თანასწორობის შესახებ. ამ საკითხზე დიკუსიებისას მოწინააღმდეგეები ისეთ არგუმენტებს იშველიებენ, რომ ვრწმუნდები, გენდერული თანასწორობა ქალისა და კაცის იგივეობად მიაჩნიათ და არა – მათი იდენტობის შენარჩუნებით ქალისა და კაცის თანასწორუფლებიანობად. ის პროცესები, რაც საქართველოში დაიწყო, ეს არის ქალების გალაშქრება ჩაგვრის წინააღმდეგ. ფემიციდის კრიმინალიზაციის იდეის წინ წამოწევისა და ინიცირებისას, ჩემი, როგორც ქალი პოლიტიკოსის მიზანი იყო, სააშკარაოზე გამოგვეტანა და გვემსჯელა, რომ ქალის მკვლელობა ქმრის, ყოფილი ქმრის ან პარტნიორის მიერ განსაკუთრებული ყურადღების და ცალკე განხილვის ღირსი იმიტომაა, რომ ამ ქმედებას განაპირობებს სწორედ უთანასწორო დამოკიდებულება, როდესაც კაცი ქალს ხედავს არა როგორც მისნაირ დამოუკიდებელ ინდივიდს, არა როგორც ადამიანს, რომელიც ბედნიერებისკენ ისწრაფვის, არამედ როგორც მის მორჩილს, მისი ნების აღმსრულებელს. როგორც კი დაუმორჩილებლობის ნიშნები ვლინდება, კაცი ვერ ეგუება მისივე როლის “დაკნინებას” და გადადის ძალადობაზე, რაც ხშირად მკვლელობით სრულდება. ანუ, ეს უთანასწორობით გამოწვეული დანაშაულია.
რა განსხვავებაა ქალ და კაც პოლიტიკოსებს შორის? ის, რომ ამ ინიციატივას მერვე მოწვევის პარლამენტში კაცებმა მხარი არ დაუჭირეს. მათ კიდევ ერთხელ გამოხატეს “პატივისცემა” ქალების მიმართ და თქვეს, რომ არავითარი განსხვავება არაა ქალის სიცოცხლესა და კაცის სიცოცხლეს შორის… არაფერს ვიტყვი თავად სისხლის სამართლის პრინციპებზე, ეს შორს წაგვიყვანს…

როგორ უნდა გაიზარდოს საქართველოში ქალთა პოლიტიკური მონაწილეობა? (მკითხველს შევახსენებთ, რომ პარლამენტში ქალთა წარმომადგენლობა 12% შეადგენს, ადგილობრივ თვითმმართველობებში კი – 14%)

სავალდებულო კვოტირებით! კი, ამ პოზიციის მოწინააღმდეგეები ამტკიცებენ, რომ ეს შეურაცხმყოფელია ქალისთვის, და პირიქით, კონსტიტუციით აღიარებულ თანასწორობას ეწინააღმდეგება. აი, სწორედ აქ ვლინდება ის, რომ თანასწორობისა და თანასწორუფლებიანობის არსზე მეტი საუბარი გვჭირდება. ფორმალურად კონსტიტუციაში არსებული ფრაზა “კანონის წინაშე ყველა თანასწორია…”, თანასწორუფლებიანობას გულისხმობს, ამ გაგებით ეს ცნებები იდენტურია. თუმცა, მსჯელობისას თანასწორობამ შეიძინა იგივეობის გაგება, ამიტომ მეტი ხაზგასმისთვის თანასწორუფლებიანობა ვახსენოთ, რაც აზუსტებს იმას, რომ თანასწორუფლებიანობა უნდა იყოს მიღწეული განსხვავებულებს შორის. განსხვავებულობის აღიარება კი იმას ნიშნავს, რომ ვაღიარებთ, რომ ქალს არა აქვს თანაბარი სასტარტო პირობები; ვაღიარებთ, რომ ქალის, როგორც დიასახლისის შრომას, არავინ არ აკონვერტირებს ვალუტაში და შესაბამისად, არ ჩანს მისი ღირებულება; ვაღიარებთ, რომ ქალს, უმეტეს შემთხვევაში, ოჯახის წევრები არ ეხმარებიან პირად განვითარებაში და მუდმივად რაღაც ვალდებულებებზე მიუთითებენ და არ მის უფლებაზე და ა.შ. ამ მაგალითებით იმის თქმა მინდა, რომ თანასწორუფლებიანობის მიღწევა ყველა შემთვევაში ერთნაირ მიდგომას არ გულისხმობს, უფრო მეტიც, განსახვავებულ მდგომარეობაში მყოფი პირების მიმართ ერთნაირი მიდგომა  დისკრიმინაციულია. სწორედ ამ მიზეზით, აუცილებელია სავალდებულო კვოტირება.

დაუჭერთ თუ არა კვოტების კანონპროექტს მხარს პარლამენტში? რატომ?

დიახ, წინა შეკითხვაზე პასუხში ვეცადე დამესაბუთებინა საკუთარი პოზიცია. რა თქმა უნდა, დავუჭერ და რესპუბლიკური პარტიის პოზიციაც ასეთია. პარტია მხარს უჭერს სავალდებულო კვოტირებას, ქალების მეტ წარმომადგენლობას გადაწყვეტილების მიღების დონეზე.

პოლიტიკოსი ქალები ხშირად აღნიშნავენ, რომ ჩვენს პოლიტიკურ რეალობაში ქალური სოლიდარობა იგნორირებულია თვითონ პოლიტიკოსი ქალების მიერ. ისინი ვერ ახერხებენ, ან საჭიროდ არ მიიჩნევენ ქალთა უფლებებთან დაკავშირებული საკითხების ღია მხარდაჭერას და ძირითადად ვიწროპარტიული ინტერესების შესაბამისად არიან დაქსაქსულნი. როგორ ფიქრობთ, შესაძლებელია თუ არა ქალთა სოლიდარობის გაზრდა და როგორ გესახებათ ეს?

ეს პოზიცია გამომდინარეობს იქიდან, რომ ხშირად ჭირს პარტიისა და პირადი პოზიციების შეთავსება. ჩვენი ქვეყანა, როგორც პოსტსაბჭოთა ქვეყანა, 25 წელზე მეტია, თანამედროვე დემოკრატიის პრინციპების დამკვიდრებას ცდილობს. ეს პროცესი ნელა, რთულად და მტკივნეულად მიმდინარეობს, რაც ბუნებრივად აისახება პოლიტიკურ პარტიებზეც. ახლა განვითარების საინტერესო ეტაპზე ვართ, თანასწორობსათვის ბრძოლა დაწყებულია და ეს ბრძოლა მიმდინარეობს როგორც პარტიებს შიგნით, ასევე გარეთ. გარკვეული პერიოდის შემდეგ, ეს პროცესი ლოგიკურ დასასრულამდე მივა, პარტიებიც უფრო მკაფიოდ ჩამოაყალიბებენ საკუთარ პოზიციებს და ადამიანებიც მონახავენ მათთვის უფრო სასურველ პლატფორმებს. შესაბამისად, ეს დაქსაქსულობაც აღარ იარსებებს.

ჩვენს ქვეყანაში ქალები ხშირად ხდებიან ფიზიკური ძალადობის მსხვერპლნი, მათ კულტურული ნორმები და სტერეოტიპებიც მნიშვნელოვნად ზღუდავთ. თქვენი აზრით, რა არის გასაკეთებელი ამის შესაცვლელად?

დიახ, ყველაზე მტკივნეული საკითხი სწორედ ესაა, რომ ფიზიკური ძალადობა ქალებზე ბევრ შემთხვევაში გამართლებულია თავად ქალების მიერაც. ამის საფუძველი აღზრდის მეთოდებში უნდა ვეძებოთ. ქალს ძირითადად ასწავლიან, რომ კაცია უფროსი. თანამედროვე სამყაროს ძირითადი მიღწევა ისაა, რომ უფროს-უმცროსობით ადამიანი და მისი უფლებები არ იზომება. ის, რომ სხვაზე ლამაზი ხარ, უპირატესობა არ არის, ისევე, როგორც ის, რომ კაცი ხარ. ამით უპირატესობა არ გაქვს ქალის მიმართ. მთავარია, რომ ასეთი მიდგომა დამკვიდრდეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში. ბაღი, სკოლა და ოჯახი ერთიანად უნდა შეეჭიდონ ამ პრობლემას. განათლების პოლიტიკა ისე უნდა აეწყოს, რომ სტერეოტიპების ნგრევას შეუწყოს ხელი.

ცხოვრების რომელიმე ეტაპზე თუ შეჯახებიხართ გენდერული დისკრიმინაციას? იქონია თუ არა ამან გავლენა თქვენს შემდგომ ცხოვრებაზე?

რა თქმა უნდა. ჩვენს ოჯახში მიიჩნეოდა, რომ იურისტობა ქალისთვის მაინცდამაინც სასურველი პროფესია არ არის. მე პროფესიით იურისტი ვარ. მგონი, ამ კითხვას პასუხი გავეცი.

თქვენს პროფესიულ საქმიანობაში ყველაზე მნიშვნელოვან მიღწევად რა მიგაჩნიათ?

მე ვარ სოხუმელი, ანუ აფხაზეთიდან დევნილი. ვფიქრობ, რომ ინტეგრირება სხვა დანარჩენ საქართველოსთან არის მიღწევა. არ არის მარტივი, რამდენიმე ნიშნით მიეკუთვნებოდე მოწყვლად ჯგუფს და მიაღწიო წარმატებებს. იყო ქალი და დევნილი ერთდროულად, და იყო პარლამენტის მაჟორიტატი წევრი თბილისის ერთ-ერთ რაიონში, – არის მცირე წინ გადადგმული ნაბიჯი, მაგრამ რეალური წარმატება მხოლოდ მაშინ იქნება მიღწეული, როდესაც ამ კითხვარში დასმული პრობლემები გადაჭრილი იქნება.

რომელია ყველაზე მნიშვნელოვანი საქმე, რაც ქალებისთვის გაგიკეთებიათ?

ბრძოლა იმისათვის, რისიც გჯერა. ბრძოლა თავისუფლებისა და თანსწორობისათვის.

რას პირდებით ქალ ამომრჩეველს?

ყველა პროექტს, რომელიც ქალთა უფლებებისა და თანასწორობისათვის შეგვიმუშავებია, ბოლომდე მივიყვანთ. ასევე, ბევრი სხვა მნიშვნელოვანი ინიციატივა გვაქვს. მათ შორის არის ჩემ მიერ ინიცირებული ვრცელი საკანონმდებლო პაკეტი შეზღუდული შესაძლებლობების პირთა საჯარო ცხოვრებაში სრულყოფილად ინტეგრირების მიზნით. ჩვენს გარშემო ჩვენ უნდა შევქმნათ თავისუფალი სივრცეები, რომლითაც ყველა თანასწორად შეძლებს სარგებლობას. ჩვენ უნდა შევქმნათ პირობები ადამიანის დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის, რომ დედებს, რომლებიც იმის დარდით ცხოვრობენ, რომ მათ შვილებს მათ მერე მიმხედავი არ ეყოლებათ, გავუქროთ ეს შიში.