სექსუალობა

პოლონეთს ქალთა პროტესტების მეორე ტალღამ გადაუარა

ვარშავაში პოლონელი ქალების გუშინ დაწყებული მასშტაბური გაფიცვა დღესაც გრძელდება, სახელწოდებით „ჩვენ მიწისქვეშეთში არ ვეშვებით“. აქციის ფარგლებში, ვარშავის ცენტრში, ქვეყანაში ქალთა უფლებების დაცვის გაძლიერების მოთხოვნით პეტიციაზე ხელმოწერებს აგროვებენ.

პეტიცია 11 პუნქტისგან შედგება, მას ქვეყნის პარლამენტსა და ყველა მოქმედ პოლოტიკურ ძალას გადასცემენ. მასში აქცენტირებულია ქალთა მიმართ ძალადობის დაუშვებლობის, პოლიტიკის განათლებაში მონაწილეობისა და ეკლესიის პოლიტიკაში ჩარევის საკითხები. პეტიცია აგრეთვე ქალების მიმართ სექსისტური და ვულგარული გამონათქვამების გამოყენების, სექსუალური აგრესიის, ქალებისთვის ოჯახის დაგეგმარებასა და კომპლექსურ სოციალურ პოლიტიკაზე წვდომის შეზღუდვის წინააღმდეგ მიმართულ პოსტულატებს შეიცავს.

„საჯარო ხელისუფლება თანხმობის პოლიტიკას ახორციელებს აგრესიასა და დისკრიმინაციაზე, რაც ქალთა ძირითად უფლებებს, კერძოდ სიცოცხლის, ფიზიკური უსაფრთხოებისა და ხელშეუხებლობის უფლებებს ეწინააღმდეგება“, – ნათქვამია პეტიციაში.

გაფიცვა სიმბოლურად ისლანდიაში ქალების გაფიცვის 41-ე წლისთავს დაამთხვიეს, როდესაც ქალების 90% ქუჩაში გავიდა ერთადერთი მოთხოვნით – „კაცებს პატივი ეცათ მათი შრომისთვის“.

პროტესტების ერთ-ერთი ორგანიზატორი ბოჟენა პშილუსკა ამბობს, რომ მენიფესტაცია მხოლოდ აბორტის კანონის გამკაცრების წინააღმდეგ მიმართული ლოზუნგებით არ შემოიფარგლება. „ჩვენი მოძრაობა უკვე ყველა ქალის პრობლემატიკას მოიცავს და მხოლოდ მათზე არაა ორიენტირებული, ვისაც აბორტის თემა აღელვებს. ეს თემა ამ მომენტისთვის მხოლოდ აისბერგის წვეტია. შეუძლებელია, მუდმივად ითმინო ის დამცირება და შეურაცხყოფა, რომელსაც პოლონელი ქალები ყოველდღიურ ცხოვრებაში აწყდებიან“, – აღნიშნავს პშილუსკა.

თავის მხრივ, გაკვირვებას ვერ მალავს პოლონეთის იუსტიციის ვიცე მინისტრი და პარტია „სამართალი და სამართლიანობის“ დეპუტატი მიხაილ ვუიციკი, რომელიც ამბობს, რომ აბორტების გამამკაცრებელი კანონის ჩაგდების შემდეგ, ქალებს „გასაპროტესტებელი აღარაფერი აქვთ“.

23-24 ოქტომბრის დემონსტრაციებმა „სრულიად პოლონეთის მასშტაბით ქალთა მეორე პროტესტის“ სახელწოდება მიიღო. ქალთა პირველი პროტესტი აბორტების კანონის გამკაცრებას დაემთხვა. ქალთა პროტესტების გაძლიერება, როგორც მიმომხილველები აღნიშნავენ, მმართველი პარტიის „სამართლიანობა და სამართალი“ ლიდერის იაროსლავ კაჩინსკის (Jaroslaw Kaczynski) განცხადებას მოჰყვა, რომელმაც თქვა, რომ მისი პარტია კვლავაც იმუშავებს იმ საკანონმდებლო ბაზის შესამუშავებლად, რომელიც პოლონეთში „ჩასახულ სიცოცხლეს“ მაქსიმალურად დაიცავს.