სექსუალური შევიწროება

პოლ მარჩიანო Guess-ს სექსუალურ შევიწროებასთან დაკავშირებული სკანდალის გამო ტოვებს

გუშინ ცნობილი გახდა, რომ Guess-ის კრეატიულმა დირექტორმა პოლ მარჩიანომ (Paul Marciano) GUESS Inc.-ის საბჭოს აღმასრულებელი დირექტორის პოსტი დატოვა. ამის მიზეზი ახლახან მომხდარი სექს სკანდალია, რომლის ცენტრშიც იგი აღმოჩნდა. რამდენიმე მოდელმა, მათ შორის კეიტ აპტონმა (Kate Upton), მარჩიანო სექსუალურ შევიწროებაში დაადანაშაულა, რაც გამოძიების მიზეზი გახდა.

მოკვლევის შედეგები კოპანიაში 11 ივნისს მოვიდა. იმავე დღეს, მარჩიანომ საკუთარი სურვილით გადადგომის განცხადება დაწერა. მის ადგილს კომპანიის მეორე თანადამაარსებელი, მისი ძმა მორის მარჩიანო (Maurice Marciano) დაიკავებს. ცნობილი ბრენდის დამაარსებელი თავისი მოვალეობის შესრულებას ამჯერად დირექტორთა საბჭოს წევრის რანგში განაგრძობს. კომპანია Guess-მა და პოლ მარჩიანომ შეთანხმება დადეს, რომლის თანახმადაც, მარჩიანო დაზარალებულ გოგონებს მორალური ზიანის მიყენების გამო კომპენსაციას გადაუხდის.

ბოლო რამდენიმე თვის მანძილზე, კომპანიის მიერ დაქირავებულმა გამომძიებლებმა 40-ზე მეტი ადამიანი დაკითხეს აუარება დოკუმენტს გადახედეს. შინა გამოძიებამ დაადასტურა, რომ მარჩიანო მოდელებსა და ფოტოგრაფებთან არასათანადო ქცევით გამოირჩეოდა. კომპანიის დირექტორთა საბჭომ ერთსულოვანი გადაწყვეტილება მიიღო, რომ 66 წლის მარჩიანო დირექტორის პოსტს უნდა ჩამოშორებოდა. კომპანია ნებისმიერ მხილებას სექსუალურ შევიწროებაში სერიოზულად ეკიდება და ცდილობს, შექმნას უსაფრთხო სამუშაო გარემო. “ჩვენ მოუთმენლად ველით ყველა მოკვლევის დასრულებას ამ საქმესთან დაკავშირებით”, – აცხადებენ კომპანიაში.

ამა წლის იანვარში, კეიტ აპტონმა თავის ტვიტერზე პოსტი გამოაქვეყნა იმის შესახებ, თუ როგორ ავიწროებდა მას მარჩიანო. მოდელის თქმით, ფოტოსესიის შემდეგ, პოლ მარჩიანომ მას მკერდზე, თეძოებზე და სხეულის სხვა ნაწილებზე ხელი მოკიდა და სახესა და კისერზე კოცნა დაუწყო, ხოლო მას შემდეგ, რაც მან კაცი თავის ნომერში არ შეუშვა, Guess-ის თანადამაარსებელმა მას კონტრაქტიც გაუწყვიტა. თებერვალშივე, კომპანიაში ამ საქმესთან დაკავშირებით შიდა მოკვლევა დაიწყო, რის გამოც პოლ მარჩიანო აუნაზღაურებელ შვებულებაში გავიდა.

მოგვიანებით, შევიწროებაში ბრალდებას კიდევ ოთხი ქალი შეუერთდა. მარჩიანოს კომპენსაციის სახით მათთვის 500000$-ის გადახდა მოუწევს.

წყარო: nytimes.com