პროექტები

პროექტი “სექს-მუშაკი ქალების უფლებებრივი მდგომარეობის გაუმჯობესება”

“საფარი” ახალი პროექტის გახორციელებას შეუდგა, სახელწოდებით “სექს-მუშაკი ქალების უფლებებრივი მდგომარეობის გაუმჯობესება”. პროექტი ხორციელდება საქართველოში ქალთა ფონდის მხარდაჭრით, მისი ხანგრძლივობაა 7 თვე (2014 წლის აპრილი-ოქტომბერი).

საქართველოში პროსტიტუციის მიმართულებით მრავალი პრობლემა იჩენს თავს როგორც კანონმდებლობაში, ასევე პრაქტიკაში. სექსმუშაკები ერთ-ერთი ყველაზე დაუცველი და მოწყვლადი ჯგუფია, რომელთა დაცვაზეც რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია მუშაობს და ისიც მხოლოდ სამედიცინო კუთხით. სექს-მუშაკების ინტერესები გათვალისწინებული არ არის პროსტიტუციის რეგულირების საკითხებში. პროსტიტუციასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული და სისხლის სამართლებრივი კანონმდებლობა მოძველებულია, არ შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს და არ არის ორიენტირებული სექს-მუშაკთა დაცვაზე.

აღნიშნული პრობლემები მეტად მწვავედ დგას ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის კონტექსტში. პროსტიტუციაში ჩაბმულ ქალთა აბსოლუტური უმრავლესობა ხშირად ხდება ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობის მსხვერპლი. მათ მიმართ განხორციელებული ძალადობა თავისთავად ფარულია, რაც გამოწვეულია არა მხოლოდ პროსტიტუციასთან დაკავშირებული დანაშაულების თავისებურებითა და პროსტიტუციაში ჩაბმულ მსხვერპლთა მიმართ საზოგადოების განსხვავებული მიდგომით, არამედ საქართველოს კანონმდებლობაში არსებული ნაკლოვანებითაც.

საქართველოს სისხლის სამართლის კანონმდებლობა ახდენს მხოლოდ პროსტიტუციაში იძულებითი ჩაბმისა და პროსტიტუციისათვის ადგილის ან საცხოვრებლის გადაცემის კრიმინალიზაციას. კოდექსი არ მოიცავს ისეთ მნიშვნელოვან დანაშაულებს, როგორიცაა პირადი ქონებრივი სარგებლის მიღების მიზნით სხვა პირთა პროსტიტუციაში ჩაბმა, პროსტიტუციაში ჩაბმულ პირთა გამოყენება შემოსავლის მიღებისათვის, პროსტიტუციაში ჩაბმულ არასრულწლოვანთან სქესობრივი კავშირის დამყარება, პროსტიტუციის დანაშაულის ორგანიზება, მისი ფინანსური ან სხვაგვარი მხარდაჭერა. ასეთი ქმედებების კრიმინალიზაციის არ არსებობა შეუძლებელს ხდის ორგანიზებული დანაშაულის არსებობის შემთხვევაში ძალადობის ფორმების იდენტიფიცირებას და აღკვეთას.

მიუხედავად პრობლემის აშკარა სიმწვავისა, ამ მიმართულებით მომუშავე ადამიანთა თუ ორგანიზაციათა რიცხვი მცირეა. ამ ეტაპზე საქართველოში მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის მატერიალური ნაწილის გადასინჯვა, რაც ასევე მოიცავს პროსტიტუციასთან დაკავშირებული დანაშაულებს, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ამ პროცესში სექს-მუშაკთა ინტერესებს არავინ წარმოადგენს. კავშირი საფარი მჭიდროდ თანამშრომლობს იუსტიციის სამინისტროსთან სისხლის სამართლებრივი ცვლილებების მიმართულებით. ევროკავშირის პროექტის ფარგლებში, საფარმა მოამზადა სქესობრივი დანაშაულების თავის რევიზია და შესთავაზა ცვლილებების პაკეთი იუსტიციის სამინისტროს. ამჟამად საფარი ჩართულია იუსტიციის სამინისტროში მოქმედ სამუშაო ჯგუფში, შესაბამსიად, საფარს აქვს საშუალება აღნიშნულ სამუშაო ჯგუფს შესთავაზოს საკანონმდებლო ინიციატივა პროსტიტუციასთან დაკავშირებით.

  • პროექტის მიზნები და ამოცანები:

პროექტის მიზანია საქართველოს სისხლის სამართლის კანონმდებლობის დახვეწა და სრულყოფა პროსტიტუციასთან დაკავშირებული დანაშაულების კონტექსტში.

პროექტის ამოცანაა შეისწავლოს საერთაშორისო გამოციდლება და უცხო ქვეყნის პრაქტიკები, და მოამზადოს სისხლის სამართლის კანონმდებლობაში შესატანი ცვლილებები. პროექტის ამოცანაა აღნიშნული ცვლილებათა პაკეტის ლობირება აღმასრულებელ და საკანონმდებლო ხელისუფლებასთან.

მიზანშეწონილია წინამდებარე პროექტის ფარგლებში შემუშავებული ცვლილებები გახდეს იუსტიციის სამინისტროს მიერ საქართველოს პარლამენტში დასამტკიცებლად წარსადგენი საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტის ნაწილი.

  • პროექტის საქმიანობის აღწერა:

პროექტის განსახორციელებლად დაგეგმილი საქმიანობა მოიცავს შემდეგ ეტაპებს:

  1. პროექტის კოორდინატორის, იურისტისა და მკვლევარი ასისტენტის შერჩევა.
  2. პროსტიტუციასთან დაკავშირებული დანაშაულების კონტექსტში საერთაშორისო სტანდარტების, აგრეთვე სხვადასხვა სახელმწიფოთა ეროვნული კანონმდებლობის შესწავლა და საუკეთესო პრაქტიკის გამოვლენა.
  3. საქართველოს შიდა კანონმდებლობის თავისებურებების გათვალისწინებით ცვლილებების პროექტის შემუშავება, რომელიც უზრუნველყოფს იდენტიფიცირებული საუკეთესო პრაქტიკის ინკორპორაციას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში.
  4. ანალოგიურ საკითხზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებთან შეხვედრების ორგანიზება და შემუშავებული პროექტის განხილვა და კონსულტაციების გავლა.
  5. შემუშავებული საკანონმდებლო ცვლილებების პროექტის პრეზენტაცია, დაინტერესებული პირების მოწვევა და მედიაგაშუქება.
  6. პროექტის გადაცემა იუსტიციის სამინისტროსათვის, სადაც გაგრძელდება მასზე მუშაობა სამუშაო ჯგუფის ფარგლებში. საფარის წარმომადგენელი დაესწრება აღნიშნულ შეხვედრებს, და დაიცავს იქ სექს-მუშაკების ინტერესებს.
  7. პარლამენტში პროექტის განხილვისას საკომიტეტო მოსმენებზე საფარის წარმომადგენლის დასწრება და განხილვაში ჩართულობა.
  8. პროექტის მიმდინარეობისას ცნობიერების ამაღლების კამპანიის წარმოება, ინტერვიუების, სტატიების, და ორგანიზაციის ვებ გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის საშუალებით.
  • მიზნობრივი ჯგუფების განსაზღვრა:

სექს-მუშაკები, პროსტიტუციაში იძულებით ჩართული პირები, პროსტიტუციაში ჩაბმული არასრულწლოვნები, საკანონმდებლო ცვლილებებზ ემომუშავე ექსპერტები და პარლამენტარები, ფართო საზოგადოება, რომელიც გაეცნობა სტატიებსა და ინტერვიუებს.

  • მოსალოდნელი შედეგები:

– გაუმჯობესებული საკანონმდებლო ბაზა;

– უკეთესად დაცული სექს-მუშაკების უფლებები;

– სექს-მუშაკებისა და მარგეულირებელი კანონმდებლობის შესახებ საზოგადოების ცნობიერება ამაღლებულია;

– კანონმდებლობაზე მომუშავე ექსპერტებისა, ხელისუფლების წარმომადგენლების და პარლამენტარების სენსიტიურობა და ცოდნა ამაღლებულია;

  • პროექტის განვითარების შესაძლებლობა საგრანტო პერიოდის დასრულების შემდეგ.

იმ შემთხვევაში თუ 7 თვის განმავლობაში იუსტიციის სამინისტრომ ვერ მოახერხა სისხლის სამართლის კოდექსის ცვლილებების ინიცირება პარლამენტში და აღნიშნული საკითხი გასცდა პროექტის ვადებს, კავშირი საფარი პასუხისმგებლობას იღებს, რომ საკუთარი ხარჯებით დაესწრება საპარლამენტო მოსმენებს და მოხსენებით გამოვა აღნიშნულ შეხვედრებზე. პროექტის ფარგლებში დასრულებულ სახეს მიიღებს საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც ხელმისაწვდომი იქნება ყველასათვის კავშირი საფარის ოფიციალური ვებ-გვერდის მეშვეობით. პროექტი საშუალებას მისცემს დაინტერესებულ პირებს გააფართოვონ საუკეთესო პრაქტიკის კვლევა პროსტიტუციის რეგულირების თემასთან დაკავშირებით.