9-10 ნოემბერს, საფარის მიერ გამართულ ტრენინგ-სემინარს, სახელწოდებით “უმცირესობებთან დაკავშირებული საკითხების არადისკრიმინაციული გაშუქება – ეთიკური და სამართლებრივი სტანდარტები”, სხვადასხვა ტელევიზიის და მედიის (საზოგადოებრივი მაუწყებელი, რუსთავი2, იმედი, ონლაინ გამოცემა On.ge, ტელეკომპანია მაესტრო, ტელეკომპანია ობიექტივი, ტვ პირველი, ტაბულა, ტელეკომპანია თრიალეთი) წარმომადგენლები ესწრებოდნენ. გთავაზობთ მათ შთაბეჭდილებებს ტრეინინგის შესახებ.
თაზო კუპრეიშვლი, ტრეინინგის მონაწილე, On.ge: „დისკრიმინაციის საკითხებთან დაკავშირებული ტრეინინგები და დისკუსიები მნიშვნელოვანია, რადგან ამგვარი საკითხები ყოველდღიურ მუშაობაში გვხვდება. ამაზე დისკუსია მუდმივად საჭიროა, რადგან შეცდომის დაშვების ალბათობა მუდმივად არსებობს, მით უმეტეს, როდესაც სისწრაფეში გიწევს მუშაობა. ამ ტრეინინგზე ჩემთვის ის საკითხებიც გაიხსნა, რომელზეც არასოდეს ან ნაკლებად მიფიქრია. როგორც არ უნდა გეგონოს, რომ რაღაც საკითხები იცი, ამ მხრივ ცოდნის გაღრმავება მუდმივად საჭიროა. ბევრი გამოცდილი ჟურნალისტი არსებობს, რომლებთან დისკუსიის დროსაც კონკრეტულ საკითხებს უფრო საინტერესოდ განიხილავ და ვფიქრობ, ეს განვითარებასა და საკითხის განსხვავებულად დანახვაში გეხმარება“.
ნესტან ცეცხლაძე, ტრენერი, ნეტგაზეთის რედაქტორი: „მედიაში დისკრიმინაციის გაშუქებაზე მსჯელობა, აზრთა გაცვლა-გამოცვლა, სწავლა მუდმივად ძალზე მნიშვნელოვანია, რადგან ამასთან დაკავშირებულ დილემებთან გამკლავება ჟურნალისტებს ნიუსრუმში ყოველდღე გვიწევს. ჩემთვის ძალზე საინტერესოა, როგორ გადაწყვიტეს სხვადასხვა პრობლემები ჩემმა კოლეგებმა და ზოგადად, სხვების გამოცდილებაზე სწავლა. თუ მედიას ვუყურებთ, როგორც საშუალებას, რომელიც პასუხისმგებლობით უნდა მოეკიდოს ადამიანების პრობლემებს და არ ავნოს მათ, ასეთი დისკუსიები და მსჯელობები მუდმივად საინტერესოა, რადგან მუდმივად სრულიად ახალი გამოწვევების წინაშე ვდგებით. ერთი შეხედვით, ჟურნალისტისთვის დისკრიმინაციასთან დაკავშირებული სტერეოტიპების იგნორირება ძალიან ადვილია, მაგრამ ამის მიღმა უამრავი წვრილ-წვრილი ნაღმი იმალება. ამიტომაც, ეს ტრეინინგი ძალზე სასარგებლო და საჭირო იყო“.
ქეთი ლომსაძე, რუსთავი2, „პროფილის“ პროდიუსერი: “ჩემთვის აქ მნიშვნელოვანი იყო ინფორმაციის გაცვლა-გამოცვლა. მიუხედავად იმისა, რომ რაც ტრეინინგზე ითქვა, ჩემთვის ძირითადად უცხო არ ყოფილა, მაგრამ ვფიქრობ, რომ ამ სფეროში მომუშავე ადამიანების, ასევე არასამთავრობო სექტორის წარმომადგენელთა შორის მჭიდრო კომუნიკაცია უნდა არსებობდეს, რასაც კონკრეტული ტრეინინგი კარგად უწყობს ხელს. თუმცა, აქ განვიხილეთ ისეთი საკითხებიც, რაშიც უკეთ გავერკვიე. ძალიან სასიამოვნო და საჭირო ორი დღე იყო“.